შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე ¹543აპ-11 ქ. თბილისი
25 აპრილი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების – მ. ე-სა და ჯ. ს-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 ივნისის განაჩენით მ. ე-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 6 ნოემბრიდან.
ჯ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის განაჩენით ჯ. ს-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 8 წლისა და 6 თვის ვადით - მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 3 თვითა და 24 დღით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ჯ. ს-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის, 9 თვისა და 24 დღის ვადით. იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 6 ნოემბრიდან.
რ. ც-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 6 ნოემბრიდან.
რ. ც-ს, მ. ე-სა და ჯ. ს-ს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ მათ ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: დაბა ჩხოროწყუში მცხოვრები რ. ც-ა და ქ. თბილისში მცხოვრები ჯ, ს-ე ურთიერთშორის შეთანხმების საფუძველზე დაბა ჩხოროწყუში, რ. ც-ს კუთვნილ თხილის გადამამუშავებელ ქარხანაში - ინდივიდუალურ საწარმო „რ. ც-ში“ ეწეოდნენ თხილის გადამუშავებას. აღნიშნულ ქარხანაში გადამუშავებულ თხილს ისინი აგზავნიდნენ ევროპის ქვეყნებში ურთიერთშორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2010 წლის სექტემბერში რ. ც-მ და ჯ. ს-მ გერმანულ ფირმა «M-ს» ხელშეკრულების საფუძველზე გადაუგზავნეს 22 ტონა გარჩეული თხილი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 115 ათას აშშ დოლარს, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯი – 9000 ევროს. ამ ტვირთის გადაზიდვას ახდენდა ბულგარული ფირმა შპს «D თ-ს» კუთვნილი «IVEჩO-ს» ფირმის სატვირთო ავტომანქანით, რომელსაც მართავდა ბულგარეთის მოქალაქე გ. ნ-ს ძე ბ-ი. როდესაც გ. ბ-მა ფირმა «M-ში» აღნიშნული ტვირთი წარადგინა, ფირმის წარმომადგენლებმა პროდუქტის გაფუჭების გამო მის მიღებაზე უარი განაცხადეს და ისევ გ. ბ-ს «IVEჩO-ს» ფირმის სატვირთო ავტომანქანით, 22 ტონა თხილი საქართველოში გამოაბრუნეს.
2010 წლის 24 ოქტომბერს გ. ბ-მა «IVEჩO-ს» ფირმის სატვირთო ავტომანქანით 22 ტონა გაფუჭებული თხილი ჩამოიტანა საქართველოში, რ. ც-ს სახლში. რ. ც-მ და ჯ. ს-მ მათ მიერ გაგზავნილი, გარჩეული 22 ტონა თხილის გაფუჭება დააბრალეს გ. ბ-ს მართვის ქვეშ მყოფ, შპს «D თ-ს» კუთვნილ «IVEჩO-ს» ფირმის სატვირთო ავტომანქანის გაუმართაობას, კერძოდ - ტენტის უვარგისობას, საიდანაც მოხდა წვიმის ნალექის გაჟონვა. ამის გამო რ. ც-მ, ჯ. ს-მ და მისმა მეგობარმა, ქ. სენაკში მცხოვრებმა მ. ე-მ, წინასწარ შეთანხმებული გეგმის თანახმად, გ. ბ-ს მოტყუებით გამოართვეს ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობები, მართვის მოწმობა და პასპორტი, რომ თითქოსდა მათ ეს დოკუმენტები სჭირდებოდათ ქსეროასლების გადასაღებად და ასევე მოსთხოვეს «IVEჩO-ს» ფირმის სატვირთო ავტომანქანის დაყენება თხილის გადამამუშავებელი ქარხნის ეზოში. ამ წინადადებას გ. ბ-ი დასთანხმდა და 2010 წლის 24 ოქტომბერს რ. ც-ს გადასცა მოთხოვნილი დოკუმენტები, რომელთა მიღების შემდეგ რ. ც-მ, ჯ. ს-მ და მ. ე-მ განუცხადეს, რომ მათი საქონლის გაფუჭება იყო მისი ავტომანქანის გაუმართაობის ბრალი და ამის გამო ისინი ავტომანქანის მფლობელი კომპანია - შპს «D თ-საგან» ითხოვდნენ მიყენებული ზარალის – 115 ათასი აშშ დოლარისა და 9000 ევროს გადახდას, რაც მათ გახარჯული ჰქონდათ პროდუქციის წარმოებისათვის. გ. ბ-ს თხოვნას, დაებრუნებინათ მისთვის მართვის მოწმობა და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, რ. ც-ა, ჯ. ს-ე და მ. ე-ა პასუხობდნენ, რომ «D თ-ს» წარმომადგენლობის მიერ 115 ათასი აშშ დოლარისა და 9 ათასი ევროს გადახდამდე გ. ბ-ს არსად გაუშვებდნენ, რაც გრძელდებოდა 13 დღის განმავლობაში, რითაც რ. ც-მ, ჯ. ს-მ და მ. ე-მ ჩაიდინეს გ. ბ-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად.
2010 წლის 6 ნოემბერს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების დადგენილების საფუძველზე, რ. ც-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს გ. ბ-ს მართვის მოწმობა და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობები, რომლებიც მას მოტყუებით, ჯ. ს-ს მითითებით, გამოართვა რ. ც-მ, ასევე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების დადგენილების საფუძველზე რ. ც-საგან ამოღებულ იქნა მისი თხილის გადამამუშავებელი ქარხნის ეზოში დაყენებული, შპს «D თ-ს» კუთვნილი, გ. ბ-ს მართვის ქვეშ მყოფი, IVEჩO-ს ფირმის სატვირთო ავტომანქანა.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა – ჯ. ს-მ და მ. ე-მ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულები ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; როგორც წინასწარი გამოძიების დროს, ასევე 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მათ მიერ გ. ბ-სათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს, კერძოდ: მ. ე-ს, ჯ. ს-სა და რ. ც-ს ქმედებები საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილებზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების უკანონო აღკვეთა არის განზრახი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როცა მას ფაქტობრივად წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების ყველანაირი შესაძლებლობა (ჩაკეტილია ოთახში, დამწყვდეულია სარდაფში და ა.შ.). ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ პირს არ ჰქონდეს გადაადგილების არანაირი ობიექტური შესაძლებლობა.
მოცემულ შემთხვევაში გ. ბ-ს ჰქონდა საკუთარი ნების შესაბამისად ფიზიკური გადაადგილების შესაძლებლობა, მითუმეტეს, სარგებლობდა მობილური ტელეფონით, ურთიერთობდა გარეშე პირებთან, თანაც ისე, რომ მათ გ. ბ-ს თავისუფლების აღკვეთის მდგომარეობა პრაქტიკულად არც შეუმჩნევიათ. ამასთან, რ.ც-ს სახლი, რომლის ეზოშიც გ. ბ-ი 13 დღის განმავლობაში, საკუთარ ავტომანქანაში ათენებდა ღამეს, მდებარეობს დაბა ჩხოროწყუში დასახლებულ პუნქტში. Eეზო შემოსაზღვრულია დაახლოებით ადამიანის სიმაღლის რკინის ღობით. შესაბამისად, გ. ბ-ს, ღამის საათებში მაინც, ადვილად შეეძლო დაეტოვებინა აღნიშნული ტერიტორია.
ზემომითითებული ფაქტი დასტურდება საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: რ. ც-ს აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ - გ. ბ-ს, მოწმეების _ თ. ჯ-ს, ნ. ს-ს, ლ. ქ-ს, ს. ყ-ს, ზ. გ-ს, ა. გ-ს ჩვენებებით:L მოწმე ნ. ს-ს განმარტებით, შესვენების დროს მას გ. ბ-თან ერთად დაულევია ყავა, იგი უნახავს რაიონის ცენტრშიც და მისთვის შეუმჩნევია მობილური ტელეფონიც (ტ.2, ს.ფ 137).
მოწმე ს. ყ-ს ჩვენებით, გ. ბ-ი თავისუფლად დადიოდა ეზოში და გარეთაც (ტ.2, ს.ფ 139).
მოწმე ლ. ქ-ს ჩვენებით, მას გ. ბ-ს მიმართ რაიმე შეზღუდვა არ შეუმჩნევია და არც გაუგია, თუმცა განმარტა, რომ ბრალდებულთაგან ერთ-ერთი ყოველთვის იმყოფებოდა გ. ბ-თან (ტ. 2, ს.ფ 130).
საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გ. ბ-ს მიმართ ხორციელდებოდა მხოლოდ მისი მიმოსვლის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა ფიზიკური და ფსიქიკური იძულების გამოყენებით, რომლის მიზანიც იყო მასზე არამართლზომიერი ზემოქმედების მოხდენა, რათა საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ შეესრულებინა კონკრეტული მოქმედებები – მოეწერა ხელი მისთვის უცნობი შინაარსის დოკუმენტებზე და არ დაეტოვებინა ჩხოროწყუს ტერიტორია. შესაბამისად, აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - იძულებას (ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგანაც თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება), რადგან:
დაზარალებულ გ. ბ-ს განმარტებით, მას მოტყუებით გამოართვეს მართვის მოწმობა, ავტომანქანისა და მისაბმელის სარეგისტრაციო მოწმობები, რაც აღარ დაუბრუნეს. რ. ც-ა, ჯ. ს-ე და მ. ე-ა აიძულებდნენ მისთვის უცნობი შინაარსის, ქართულ ენაზე შედგენილ დოკუმენტზე ხელის მოწერას, ხელოვნურად აჭიანურებდნენ მანქანიდან თხილის გადმოტვირთვის პროცესს, რის გამოც იგი იძულებული გახდა, დარჩენილიყო თხილის ქარხნის ტერიტორიაზე მანამ, სანამ მისი დამქირავებელი გადამზიდავი კომპანია «D თ» არ აანაზღაურებდა მატერიალურ ზიანს – ას თხუთმეტ ათას დოლარსა და ცხრა ათას ევროს. აღნიშნული ვითარება გრძელდებოდა 13 დღის განმავლობაში. ამის გამო, გ. ბ-ი იძულებული იყო, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, დროებით დარჩენილიყო თხილის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე და ღამე ავტომანქანაში გაეთია. ამასთან, გ. ბ-ს განმარტებით, რ. ც-ა, ჯ. ს-ე და მ. ე-ა აკონტროლებდნენ მის სატელეფონო ზარებს, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ მის დამცირებას. აღნიშნული უკანონო ქმედებებით მას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი (ტ. 1, ს.ფ. 11-12, 46-47).
მოწმე თ. ჯ-ს განმარტებით, გ. ბ-მა მას უთხრა, რომ 13 დღის განმავლობაში იგი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, იმყოფებოდა ჩხოროწყუში, არ უბრუნებდნენ მართვის მოწმობას, ავტომანქანისა და მისაბმელის პასპორტებს და არ უშვებდნენ. ამასთან, ჯ. ს-მ და რ. ც-მ თ. ჯ-ს უთხრეს, რომ გადამზიდავი კომპანიის მიერ ას თხუთმეტი ათასი დოლარისა და ცხრა ათასი ევროს ანაზღაურებამდე გ. ბ-ს არ მისცემდნენ წასვლის უფლებას. თ. ჯ-ს განმარტებით, გ. ბ-ს თავისუფლად, საკუთარი ავტომანქანით წასვლა არ შეეძლო, მასზე მიმაგრებული იყო მ. ე-ა, რომელიც მუდმივად ადევნებდა თვალყურს. გ. ბ-ს აიძულებდნენ დოკუმენტებზე ხელის მოწერას. როდესაც თ. ჯ-ა და გ. ბ-ი ქალაქში სასადილოდ გავიდნენ, მათ გაჰყვა ჯ. ს-ც. თუმცა, ბრალდებულები ნებით არ უშვებდნენ გ. ბ-ს, მაგრამ თ. ჯ-მ მაინც შეძლო დაზარალებულის მანქანაში ჩასმა და წაყვანა. ამასთან, თ. ჯ-მ განმარტა, რომ გ. ბ-ს ხელზე არ უნახავს ხელბორკილი ( ტ. 2, ს.ფ. 132-135).
ამასთან, რ. ც-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა გ. ბ-ს მართვის მოწმობა, სატვირთო ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, მისაბმელის პასპორტი და სხვა ნივთები (ტ. 1, ს.ფ. 26-28).
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულთა ქმედებებში იკვეთება საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - თვითნებობის ნიშნებიც, რაც გულისხმობს ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი ძალადობით. ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დგინდება, იმ მიზნით, რომ გადამზიდავი კომპანია «D თ”-ს მხრიდან თანხის - ას თხუთმეტი ათასი დოლარისა და ცხრა ათასი ევროს გადახდამდე, გ. ბ-ს მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ავტომანქანა IVEჩO-ს არ დაეტოვებინა ჩხოროწყუს ტერიტორია, ჯ. ს-მ, რ. ც-მ და მ.ე-მ ბოლომდე არ ჩამოტვირთეს იგი, დატოვეს დაახლოებით ერთი ტონა თხილი, რათა შეექმნათ თითქოსდა ობიექტური გარემოება აღნიშნული სატვირთო ავტომანქანის მართლზომიერი შეყოვნებისა და იმისათვის, რომ გ. ბ-ს თავისი შეხედულებისამებრ არ დაეტოვებინა ამ ავტომანქანით ჩხოროწყუს ტერიტორია, ასევე მოტყუებით გამოართვეს მართვის მოწმობა, ავტომანქანისა და მისაბმელის სარეგისტრაციო მოწმობები, რაც უკან აღარ დაუბრუნეს. ამასთან, გ. ბ-ს განმარტებით, რ. ც-ა, ჯ. ს-ე და მ. ე-ა აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ მის დამცირებას. აღნიშნული უკანონო ქმედებებით მას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
მოცემული ქმედებებიდან იკვეთება, რომ რ. ც-მ, ჯ. ს-მ და მ. ე-მ ზიანის ანაზღაურებამდე ავტომანქანის ჩხოროწყუში დატოვების უფლება ჩათვალეს ნამდვილად მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებად, რაც განახორციელეს ძალადობრივი გზით და დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.
ამიტომ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა ქმედებები ასევე უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით საკასაციო პალატა არ იზიარებს მ. ე-სა და ჯ. ს-ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნებსა და მათ ჩვენებებს უდანაშაულობის თაობაზე. ამასთან, ვინაიდან საკასაციო სასამართლომ მსჯავრდებულების - მ. ე-სა და ჯ. ს-ს სასარგებლოდ უნდა შეცვალოს განაჩენი იმ საფუძვლით, რომ სისხლის სამართლის კანონის გამოყენებისას დაირღვა კანონი, ანუ ქმედებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა და ეს სამართლებრივი შეცდომა ამ საქმეში მსჯავრდებულ რ. ც-საც ეხება, საქართველოს სსსკ-ის 309-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო სარევიზიო წესით მსჯელობს ამ მსჯავრდებულის მიმართაც, მიუხედავად იმისა, რომ მას საკასაციო საჩივარი არ შეუტანია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების - ჯ. ს-ს, მ. ე-სა და რ. ც-ს ქმედებები უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა 1-1 წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რისთვისაც სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა 4-4 წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით, 307-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების – მ. ე-სა და ჯ. ს-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
მ. ე-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს და საბოლოოდ მ. ე-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 6 ნოემბრიდან.
ჯ. ს-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს და ჯ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის განაჩენით ჯ. ს-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 5 წლის ვადით - დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი -თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 3 თვითა და 24 დღით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ჯ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის, 3 თვისა და 24 დღის ვადით. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 6 ნოემბრიდან.
რ. ც-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს და საბოლოოდ რ. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 6 ნოემბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.