საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.10.2012
საქმის ნომერი
2კ-312აპ.-12
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.10.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №312აპ-12 ქ. თბილისი

კ-ე ნ., 312აპ-12 19 ოქტომბერი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 მაისის განაჩენით:

დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - მ. ქ-ს შუამდგომლობა აჭარის ა/რ-ის პროკურატურასა და ბრალდებულ კ. კ-ს შორის 2012 წლის 3 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და სისხლის სამართლის №... საქმეზე კ. კ-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ.

დამტკიცდა 2012 წლის 3 მაისს აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროს პროკურორ მ. ქ-სა და ბრალდებულ კ. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

კ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55–ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მან უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ დარჩენილი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ–ის 63–64 მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 5 წლით გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 5 ოქტომბრიდან.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ნ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 264–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები სრულად შეიკრიბა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 5 ოქტომბრიდან.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ნ. კ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 264–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: დ. სულაქველიძე

გ. შავლიაშვილი