დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.10.2012
საქმის ნომერი
50აგ.-2012
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
30.10.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№50აგ-12 30 ოქტომბერი, 2012 წელი

გ-ე ნ.-50აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ივლისის განაჩენით ნ. გ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. გ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით – საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

იმავე განაჩენით: ლ. ჩ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ვ. მ-ეს შორის.

ვ. მ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა- შენახვა), იმავე კოდექსის 55–ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 20.000 ლარი; სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ვ. მ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 20.000 ლარი.

ლ. ჩ-ესა და ვ. მ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვათ: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საქართველოს სსკ–ის 52–ე მუხლის საფუძველზე ვ. მ-ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ავტომანქანა ,,BMWX-5“, სახელმწიფო ნომრით ,,...“.

მსჯავრდებულები სასჯელს იხდიან 2008 წლის 31 ოქტომბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ლ. ჩ-ეს შორის.

ლ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი ნ. გ-ის მიმართ და ასევე სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2012 წლის 13 აგვისტოს მსჯავრდებულმა ნ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. აპელანტმა მიუთითა, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო – „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 2012 წლის 22 მაისის საქართველოს კანონის დანართის – „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში“ შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მის მიერ უკანონოდ შეძენილ-შენახული 0,1266 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” აღარ წარმოადგენს დიდ ოდენობას, რის გამოც ითხოვა ზემოაღნიშნული განაჩენის გადასინჯვა, ქმედების გადაკვალიფიცირება სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ნ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

ამასთან, მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მხოლოდ მსჯავრდებულმა ნ. გ-ემ, მაგრამ საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და 299-ე მუხლის საფუძველზე პალატამ ახლად გამოვლენილი გარემოების გამო სარევიზიო წესით განიხილა განაჩენის გადასინჯვის საკითხი მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის მიმართაც და მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული 260-ე მუხლის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება ვ. მ-ეს, მას დანიშნული სასჯელი მოხდილი ჰქონდა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის _ სასჯელების ნაწილში, დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ, მართალია, თბილისის სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და მისი ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადააკვალიფიცირა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე, მაგრამ განაჩენი სასჯელის ნაწილში დაუსაბუთებლად დატოვა უცვლელად.

ამდენად, კასატორმა, იმის გათვალისწინებით, რომ არის მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში, ნარკოტიკული ნივთიერების ,,გასაღების“ ამორიცხვა, ,,ამნისტიების“ საფუძველზე სასჯელის შემსუბუქება, ხოლო ალტერნატივად – არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა შეუმცირდეს იმ შემთხვევაში, როდესაც დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

რაც შეეხება “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონებს, მათი გამოყენების პროცედურა მკაფიოდაა განსაზღვრული ამავე კანონში მითითებული სპეციალური ნორმებით, რომელთა მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნულ კანონთა გამოყენების შესახებ.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენი ნ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: დ. სულაქველიძე

გ. შავლიაშვილი