საქმე დაბრუნდა როგორც არასწორად შემოსული

სისხლის სამართლის 18.01.2013
საქმის ნომერი
2კ-6აპ.-13
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.01.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№6აპ-13 18 იანვარი, 2013 წელი

ნ-ე ა.-6აპ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 თებერვლის განაჩენით ა. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა 2009 წლის 16 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი – 2 წელი და საბოოლოდ ა. ნ-ეს სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის გამოყენებით ა. ნ-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 50 000 ლარი.

იგი სასჯელს იხდის 2011 წლის 23 ივნისიდან.

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ა. ნ-ეს შორის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 ივლისის განაჩენით ა. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 218–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის გამოყენებით ა. ნ-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 100 000 ლარი.

ა. ნ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების მიღების დღიდან – 2012 წლის 31 იანვრიდან.

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ა. ნ-ეს შორის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ა. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 55–ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 1 წელი და 8 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, რასაც დაემატა 2009 წლის 16 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი – 2 წელი და საბოოლოდ ა. ნ-ეს სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 1 წელი და 8 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის გამოყენებით ა. ნ-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 50 000 ლარი.

იგი სასჯელს იხდის 2011 წლის 23 ივნისიდან.

2012 წლის 24 სექტემბერს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გ. ლ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას და რადგან მსჯავრდებულ ა. ნ-ის მიმართ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული ორი გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოს სსსკ–ის 286–ე მუხლის შესაბამისად, ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენების მიხედვით საბოლოო სასჯელის განსაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ა. ნ-ეს სასჯელი განესაზღვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის განაჩენების მიხედვით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 ივლისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთას და პირობითად დანიშნულ 2 წელს – დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი (რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 23 ივნისიდან) – 4 (ოთხი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე და პირობითად დანიშნული 3 წელი (4 წლის გამოსაცდელი ვადით) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ნ-ეს სასჯელად განესაზღვრა 1 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

ა. ნ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განჩინების მიღების დღიდან – 2012 წლის 8 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ნ-ემ. აპელანტმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ საბოლოო სასჯელი არასწორად განსაზღვრა, რადგან მას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან, რომლის ათვლაც დაეწყო 2012 წლის 31 იანვრიდან, 2012 წლის 8 ოქტომბრისათვის მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა 3 თვე და 23 დღე, რასაც უნდა დამატებოდა 2012 წლის 6 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 თვე, 15 დღე. ამდენად, აპელანტმა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საბოლოო სასჯელად 8 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რომლის ათვლაც უნდა დაეწყოს ბოლო განაჩენის მიღების დღიდან – 2012 წლის 3 ივლისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

2012 წლის 26 ნოემბერს მსჯავრდებულმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლა და მისი აღდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ა. ნ-ის შუამდგომლობა და აღდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ნ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორმა აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მისთვის ცნობილი იყო, რომ განაჩენთა შეკრებით შეეფარდებოდა 2 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ათვლა დაეწყებოდა დაკავების დღიდან – 2011 წლის 23 ივნისიდან და სასჯელის მოხდის ვადა დამთავრდებოდა 2013 წლის ივნისში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის განაჩენით კი სასჯელის მოხდის ვადად ეთვლება 2014 წლის 23 თებერვალი. რამდენადაც საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, რაც არ ასახავს იმ შედეგს, რისთვისაც მან თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმებისას შემოთავაზებულ პირობებზე, ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად და სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე საქმის პროკურორისათვის დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ა. ნ-ის შუამდგომლობა და აღდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აღადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადა, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ა. ნ-ეს სასჯელი განესაზღვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის განაჩენების მიხედვით დანიშნული სასჯელების შეკრების საფუძველზე.

ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენი უკვე შეცვლილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, ხოლო სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ა. ნ-ის მიმართ.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი