დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#51აგ-12 20 დეკემბერი, 2012 წელი
გ-ი დ., 51აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ბ~ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ბ~ ქვეპუნქტით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 25,208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დ.გ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი პირობითი მსჯავრი, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
დ.გ-ი სასჯელს იხდის 2011 წლის 4 ივლისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 11 აპრილიდან 2011 წლის 14 აპრილამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2012 წლის 4 სექტემბერს მსჯავრდებულმა დ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, რომელიც დაზუსტდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, დ. გ-ს შუამდგომლობა ცნობილ იქნა დაუშვებლად.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული დ. გ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სამსართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და მისი შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას, ვინაიდან მან წარმოადგინა მასალები, რომელთა მოპოვება განაჩენის გამოტანის შემდეგ მოხდა და რომლებიც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის საჩივარი უსაფუძვლოა, ვინაიდან ის ფაქტი, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, დადგენილი უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ დ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ოშხარელი