განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#68აგ-12 24 დეკემბერი, 2012 წელი
ხ-ი ი.ი, 68აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ხ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის განაჩენით ი.ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2011 წლის 10 აგვისტოდან.
იმავე განაჩენით ზ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა - 2000 ლარი. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ზ. კ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით, ასევე ჯარიმა - 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ზ. კ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 2000 ლარი. იგი სასჯელს იხდის 2011 წლის 7 აგვისტოდან.
2012 წლის 14 სექტემბერს მსჯავრდებულმა ი. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა მის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის განაჩენის გადასინჯვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ი. ხ-ს შუამდგომლობა ცნობილ იქნა დაუშვებლად.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ი. ხ-ი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმებას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მის მიერ შუამდგომლობაში ჩამოყალიბებულ საკითხებთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულ ი. ხ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ განიხილა ერთპიროვნულად.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეთა ერთპიროვნულად განხილვის წესი ვრცელდება იმ საჩივრების განხილვაზე, რომლებიც შეტანილია რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებისა და სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილებების გამო. აქედან გამომდინარე, აღნიშნული საგამონაკლისო წესი არ ვრცელდება სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის განხილვაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ი. ხ-ს შუამდგომლობა უნდა განიხილოს კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით. ამასთან, ამ ეტაპზე საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს საკასაციო საჩივრის მოტივებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ი. ხ-ს მიმართ.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე