განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 27.02.2013
საქმის ნომერი
2კ-138-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.02.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1381-13 27 თებერვალი, 2013 წელი

ფ-ე ლ.-1381-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. ჟ-ის

მსჯავრდებულ _ ლ. ფ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ფ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენით ლ.ფ-ე, – დაბადებული 1973 წლის 8 ნოემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ლ. ფ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 13 მარტიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ლ. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლითა და 6 თვით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ლ. ფ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ფ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ფ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. ფ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და 4 თვე და 15 დღე პირობითი მსჯავრი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და 4 თვე და 15 დღე პირობითი მსჯავრი; საბოლოოდ ლ. ფ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 9 თვე – ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ფ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით იგი ითხოვს გამოსაცდელი ვადის 6 თვით შემცირებას, ნაცვლად 3 თვისა და გამოსაცდელ ვადად 1 წლისა და 6 თვის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად: „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე–15 მუხლების მოქმედება“. კანონის მე–17 მუხლის თანახმად: „პირზე, რომელსაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე.“ ამავე კანონის მე–20 მუხლის თანახმად კი: „ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე“.

იმავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ფ-ეს ერთი მეოთხედით კანონიერად შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დანიშნული როგორც რეალური სასჯელი, ისე პირობითი მსჯავრი. რაც შეეხება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით დანიშნულ გამოსაცდელ ვადას, იგი უნდა შემცირდეს 3 თვით და ნაცვლად 1 წლისა და 9 თვისა, უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, მე-18 მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ ლ. ფ-ეს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 9 თვე – ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ფ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, მე-18 მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ ლ. ფ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 9 თვე – ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

ლ. ფ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2012 წლის 13 მარტიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი