დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 1781 –13 1 მარტი, 2013 წელი
ა-ი ა.-178–13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ლ. ქ-ის
ადვოკატ - მ. გ-ას
მსჯავრდებულ - ა. ა-ის
თარჯიმან – მ. მ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ის საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ა. ა-ი ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 20.000 ლარი; სსკ-ის 265–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს – 20 წელს - დაემატა სსკ–ის 265–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან 10 წელი და ა. ა-ს სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების საფუძველზე ა. ა-ს დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 5.000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის გამოყენებით ა. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 25 000 ლარი.
ა. ა-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 23 აგვისტოდან.
ა. ა-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით – საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი 1140 ლარი გადაეცა სახელმწიფოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 თებერვლის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ა. ა-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ¼–ით შეუმცირდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითად სასჯელად დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით და შესაბამისად, მოსახდელად დარჩა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ა-ს ¼–ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 265–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელი – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ა. ა-ის მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შემცირებული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 22 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო მისი დაკავების მომენტიდან – 2010 წლის 23 აგვისტოდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ა-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივარში აღნიშნა, რომ იგი არ არის ნარკოტიკული ნივთიერების გამსაღებელი და ითხოვა საქმის ხელახლა განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლით, 261–ე მუხლის მე–3 ან/და მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის 33–ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით“.
იმავე კანონის მე–19 მუხლის თანახმად კი: ,,პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–17 მუხლის თანახმად: „პირზე, რომელსაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე.“
რაიონულმა სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-18 მუხლით, რომლის თანახმადაც: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა“. ამავე კანონის მე–20 მუხლის თანახმად კი ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე.
რაც შეეხება ზემოაღნიშნული განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ დაკისრებულ დამატებით სასჯელს – ჯარიმას, ასევე „ნარკოტიკული საშუალების ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებების აღდგენას, განაჩენი აღნიშნულ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ ჯარიმის სახით დანიშნულ დამატებით სასჯელზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–8 მუხლის და, შესაბამისად, მე–19 მუხლის მოქმედებაც, რაც ასევე ვერ გავრცელდება ჩამორთმეული უფლებების აღდგენაზეც, რადგან მისი ქმედება დაკვალიფიცირებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნიშნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. ქათამაძე