განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№3661-13 12 მარტი, 2013 წელი
მ-ე ვ, 3661-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ნ. ფ-ის
მსჯავრდებულ _ ვ. მ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ვ. მ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე აღნიშნულ სასჯელს დაემატა ვ. მ-ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 თებერვლის განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი და 9 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. მ-ეს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით, 1 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ვ. მ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 16 ოქტმობრიდან.
2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №19 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ვ. მ-ეს ¼–ით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ–ის 179–ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 4 წლით, 6 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ვ. მ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 16 ოქტომბრიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. მ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა, 2007 წლის მაისიდან 2009 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდის ჩათვლა სასჯელის ვადაში და საბოლოო სასჯელის ზუსტად დაანგარიშება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ,,მსჯავრდებულზე ამ კანონის 1-ლი – 21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში მიაწვდის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება, პრობაციის ბიურო ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, ხოლო ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. სასამართლო უფლებამოსილია ამნისტიის გავრცელების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება და საქმე განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნოს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან – რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 21-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება და საქმე განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნოს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან – რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი