განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№6571-13 21 მარტი, 2013 წელი
ნ-ე გ, 6571-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თ. გ-ის
ადვოკატ – მ. ტ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენით გ. ნ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით - 5 წლით, 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით, 24-ე,109-ე მუხლის „ა“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტებით - 20 წლით, ხოლო 109-ე მუხლის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 13 ივლისიდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 28 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 სექტემბრის განაჩენით გ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით; ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით, ხოლო საბოლოოდ - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 28 მარტიდან.
აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბრის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 4 აგვისტოს განჩინებით გ. ნ-ეს სასჯელი განესაზღვრა რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენის მიხედვით, კერძოდ: ბოლო განაჩენით დანიშნულ 15 წელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლითა და უვადო თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება; გ. ნ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 13 ივლისიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით გ. ნ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 224-ე, 24-ე,109-ე, 332-ე, 179-ე მუხლებით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული 15, 20, 2, 10, 2, 3 წელი და განესაზღვრა: 10 და 15 წლით, 1 წლითა და 6 თვით, 7 წლითა და 6 თვით, 1 წლითა და 6 თვით და 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა; გ. ნ-ის მიმართ დადგენილი განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. ნ-ე საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი უნდა გათავისუფლებულიყო სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნულ სასჯელისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას გ. ნ-ე არ იყო ნასამართლევი, რის გამოც იგი ამ მუხლით დანიშნული სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე.
გარდა ამისა, მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა - 3 წელი და ეს ვადა უნდა განისაზღვროს 2 წლითა და 3 თვით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულს შეუმცირდა ,,ამნისტიის შესახებ“ აღნიშნული კანონის მოთხოვნთა შესაბამისად, რის გამოც სხვა ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ნ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გ. ნ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან;
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის - საბოლოო სასჯელის განსაზღვრის ნაწილში - დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ
№6571-13 8 ივლისი, 2013 წელი
ნ-ე გ.- 6571-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 21 მარტს გ. ნ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 21 მარტს მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიმართ გამოიტანა განჩინება, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:
პალატამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-3 აბზაცში მიუთითა: ,,მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა - 3 წელი და ეს ვადა უნდა განისაზღვროს 2 წლითა და 3 თვით“.
განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული დასკვნა არ აისახა სარეზოლუციო ნაწილში, კერძოდ, მის მე-3 აბზაცში აღნიშნულია, რომ ,,გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის - საბოლოო სასჯელის განსაზღვრის ნაწილში - დარჩეს უცვლელად“.
აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას.
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 287-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 21 მარტს მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ. ნ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა - 3 წელი და ეს ვადა განისაზღვროს 2 წლითა და 3 თვით“;
,,გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის - საბოლოო სასჯელის განსაზღვრის ნაწილში - დარჩეს უცვლელად“.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე