განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 28.03.2013
საქმის ნომერი
2კ-929-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№9291-13 28 მარტი, 2013 წელი

წ-ე მ 9291-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - გ. ფ-ს

მსჯავრებულ - მ. წ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. წ-ს საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ნოემბრის განაჩენით მ. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით (1999 წლის რედაქცია) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მ. წ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 21 მარტიდან.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მ. წ-ს განაჩენიდან ამოერიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მ. წ-ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - გაუნახევრდა და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მ. წ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

მ. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით (1999 წლის რედაქცია), 362-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

«ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. წ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - გაუნახევრდა. მას საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით (1999 წლის რედაქცია), 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ. წ-ს გაუნახევრდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 3 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოუხდელი ნაწილი და მას მოსახდელად დარჩა 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა სხვა დანაშაულისათვის მოსახდელი - 7 წელი, 3 თვე და 24 დღე და საბოლოოდ მოსახდელი დარჩა 7 წლით, 5 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა. მ. წ-ს სასჯელის მოხდა აეთვალა დადგენილების გამოტანის დღიდან - 2009 წლის 27 ნოემბრიდან.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. წ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. წ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8.2 მუხლის საფუძველზე მ. წ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სასჯელებისგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მ. წ-ს საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით (1999 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და დაუდგინდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მ. წ-ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და დაუდგინდა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას საბოლოოდ სასჯელის ზომად დარჩა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მ. წ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 21 მარტიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. წ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრუილიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლით და მ. წ-ე საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სასჯელებისგან გაათავისუფლა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლი).

ამდენად, მსჯავრდებული მ. წ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

მსჯავრდებულ მ. წ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 6 წელსა და 9 თვეს.

საბოლოოდ მსჯავრდებულ მ. წ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2007 წლის 21 მარტიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. წ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული მ. წ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მ. წ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 6 (ექვს) წელსა და 9 (ცხრა) თვეს.

საბოლოოდ მსჯავრდებულ მ. წ-ს მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2007 წლის 21 მარტიდან.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე