დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1273-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№12731-13 12 აპრილი, 2013 წელი

გ-ი გ., 12731-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - თ. ჭ-ს

მსჯავრდებულ - გ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 30 დეკემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

2013 წლის 16 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 6 წელი და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 4 წელი და 6 თვე.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 6 წელი.

საბოლოოდ გ. გ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 10 წელი და 6 თვე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. გ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან გ. გ-ი არის ადრე ნასამართლევი თბილისის რეგიონული სამხედრო სასამართლოს 1995 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც (133-ე მუხლი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 21 იანვრის დადგენილებით შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილთან, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები. საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განაჩენით გ. გ-ი ნასამართლევია ასევე მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და, ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა ამ კანონის მე-16 მუხლით, ხოლო სასჯელები დაანგარიშებულ იქნა პროპორციულად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ნ. სხირტლაძე