განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 16.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1365-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13651-13 16 აპრილი, 2013 წელი

გ-ი ა., 13651-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ყ-ის

მსჯავრდებულ _ ა. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 ივლისის განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილით (15 ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, თითოეული ეპიზოდისათვის – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, მე-19,212-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (4 ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, თითოეული ეპიზოდისათვის – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ა. გ-ს განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა, 15 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 7 წელი – ჩაეთვალა პირობით, 8 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 29 აპრილიდან.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ა. გ.ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა სსკ-ის მე-19,212-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი, ხოლო სსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 5 წელი, 1 თვე და 15 დღე – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის, 10 თვისა და 7 დღის გამოსაცდელი ვადით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. გ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის განახევრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3, მე-7, მე-16 მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. გ-ის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (4 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლება, მისთვის საქართველოს სსკ-ის 19,212-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის განახევრება, ხოლო სსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილით (15 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. გ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–12 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. გ-ს უნდა გაუნახევრდეს აღნიშნული მუხლით დანიშნული როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელი, ისე პირობითი მსჯავრი და ამ მუხლით უნდა განესაზღვროს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ ა. გ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 10 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი და 15 დღე უნდა ჩაეთვალოს პირობით, 5 წლის, 9 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. გ-ს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით დანიშნული როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელი, ისე პირობითი მსჯავრი და ამ მუხლით განესაზღვროს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მსჯავრდებულ ა. გ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 10 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი და 15 დღე ჩაეთვალოს პირობით, 5 წლის, 9 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე