დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.08.2013
საქმის ნომერი
2კ-1917-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.08.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1917I-13 ქ. თბილისი

ა-ა ს-ა, 1917I-13 9 აგვისტო, 2013 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის

პროკურორ _ ქ. კ-ის

ადვოკატ _ ნ. ა-ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ს. ა-ას

თარჯიმან _ გ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ა-ას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 1 ნოემბერს რუსეთის ფედერაციაში იმავე ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო გამოძიება შენობის უკანონო გასხვისების ფაქტთან დაკავშირებით.

2012 წლის 13 იანვარს ს. ა-ა დაიკითხა ეჭვმიტანილის სახით, რის შემდეგაც მის მიმართ შერჩეულ იქნა აღკვეთის ღონისძიება – გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

2012 წლის 20 იანვარს ს. ა-ას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და ცნობილ იქნა ბრალეულად რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2012 წლის 26 იანვარს მას ბრალი დაედო რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში – არასაცხოვრებელი ფართის უკანონოდ გასხვისების ფაქტთან დაკავშირებით.

2012 წლის 5 თებერვალს სისხლის სამართლის საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

2012 წლის 10 აპრილს გამოტანილ იქნა დადგენილება ეჭვმიტანილ ს. ა-ას ძებნის შესახებ.

2012 წლის 1 ივნისს გამოტანილ იქნა დადგენილება ს. ა-ას მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ.

2012 წლის 21 ივნისს ს. ა-ას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის [თაღლითობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (ორი ეპიზოდი)].

იაკუტსკის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის დადგენილებით ბრალდებულ ს. ა-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

2013 წლის 29 აპრილს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ს. ა-ა, რომელსაც ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის განჩინებით შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა.

2013 წლის 6 ივნისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაპირველად ფაქსით, ხოლო 2013 წლის 8 ივლისს ფოსტის საშუალებით მიიღო რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობისა და თანდართული შესაბამისი საექსტრადიციო მასალების ასლები ს. ა-ას ექსტრადიციის შესახებ.

2013 წლის 23 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ–პროკურორმა თ.ნ ხ-მა და ითხოვა ს. ა-ას ექსტრადიციისათვის რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო აღნიშნული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით სტაჟიორ-პროკურორ თ. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ს. ა-ას ექსტრადიციის შესახებ, რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის გამო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განჩინების თაობაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა, ს. ა-ამ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მის მიერ უძრავი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ფაქტი, რადგან სადაო ქონება ჯერ კიდევ 2011 წელს დაუბრუნდა სახელმწიფოს და მას მატერიალური ზიანი არავისთვის მიუყებნებია; რუსეთის ფედერაციას არ გააჩნია მისი ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მისთვის ცნობილია, რომ საქართველოში აღნიშნული ქმედება ექვემდებარება სრულ ამნისტირებას და რადგან იგი უკვე მეორე წელია ცხოვრობს საქართველოში, ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმება, მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობა და პატიმრობიდან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს. ა-ა საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2013 წლის 29 აპრილს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

რაც შეეხება ექსტრადირებული პირის – ს. ა-ას პოზიციას, რომ მისთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან იგი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სურვილი. შესაბამისად, ექსტარდირებული პირის პოზიცია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს იმ მოტივით, რადგან მისი მეუღლე და შვილები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში აღნიშნული ქმედება ექვემდებარება სრულ ამნისტირებას - მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას, ცნობს და აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ს. ა-ას ექსტრადიციის შესახებ, რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის გამო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 21ივლისის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ს. ა-ას კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ლ. მურუსიძე