გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№83აპ-13 31 ოქტომბერი, 2013 წელი
ჭ-ე მ., 83აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორების _ ნ. ქ-ის, გ. ს-ის
ადვოკატ – გ. ნ-ის
გამართლებულ _ მ. ჭ-ის
დაზარალებულების – ხ. ზ-ის, ნ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 იანვრის განაჩენით მ. ჭ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
მ. ჭ-ეს ბრალად ედებოდა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2011 წლის მაისში მ. ჭ-ემ მოიპოვა ხ. ზ-ის ნდობა და მოტყუებით დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას – 16 000 აშშ დოლარს, რითიც დაზარალებულს მიაყენა 26289 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2011 წლის ივლის-აგვისტოში მ. ჭ-ემ მოიპოვა ნ. ბ-ის ნდობა და მოტყუებით დაეუფლა მის კუთვნილ თანხას – 4345 ევროსა და 10100 აშშ დოლარს, რითიც დაზარალებულს მიაყენა 26759 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ. ქ-მა. მან ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 იანვრის განაჩენის გაუქმება და მ. ჭ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი).
გამართლებულმა მ. ჭ-ემ შესაგებლით ითხოვა გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი – რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ. ქ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევებით, ამიტომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებულები ენდობოდნენ მ. ჭ-ეს, რომელმაც ბოროტად ისარგებლა ამ ნდობით და დაზარალებულ ხ. ზ-ს მოტყუებით გამოართვა 16000 აშშ დოლარი; ის ფაქტი, რომ დაზარალებული რამდენიმე თვის განმავლობაში იღებდა ამ თანხის სარგებელს, არ გამორიცხავს მ. ჭ-ის თაღლითურ განზრახვას. აღსანიშნავია ისიც, რომ მ. ჭ-ემ დაზარალებულის მიერ პროკურატურაში განცხადების შეტანის შემდეგ შესთავაზა მას ქონება ფორმალურად (რადგან ქონება უკვე დატვირთული იყო იპოთეკით). მ. ჭ-ის მიერ დაზარალებულებისაგან გამორთმეული თანხების, მისი ყოველთვიური შემოსავლის, ბანკის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულებების დაანგარიშებისა და ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ იგი ვერ დაფარავდა ხ. ზ-ისა და ნ. ბ-ისთვის გამორთმეულ თანხებს, მითუმეტეს, რომ მას რაიმე სახის ბიზნესი არ ჰქონია. ამდენად, მ. ჭ-ემ თანხების გამორთმევის მომენტში ზუსტად იცოდა, რომ მათ ვეღარ დააბრუნებდა, ამიტომ ჩაიდინა თაღლითობა.
გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის დროს დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგან მოსამართლე თვითონ ჰკითხავდა მოწმეს. აღნიშნული დარღვევა დაფიქსირდა სასამართლო სხდომის ოქმზე შენიშვნის სახით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი ნ. ქ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მ. ჭ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ხ. ზ-ისა და ნ. ბ-ის ეპიზოდები).
გამართლებული მ. ჭ-ე შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. ამდენად, თუ არ იკვეთება ქონების დაუფლებისას პირის მოტყუება, ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი, ურომლისოდაც ქმედების თაღლითობით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მ. ჭ-ის უდანაშაულობის თაობაზე დაზარალებულ ნ. ბ-ის თანხის დაუფლების ეპიზოდში და მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მ. ჭ-ეს იგი არ მოუტყუებია. როგორც დაზარალებულმა დაკითხვისას განმარტა, მან მ. ჭ-ეს თანხა ასესხა იმიტომ, რომ მისთვის ცნობილი იყო ჭ-ების კარგი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. მ. ჭ-ეც და ნ. ბ-ეც ადასტურებენ, რომ თანხა ავეჯისთვის იყო გამიზნული. ამასთანავე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ნ. ბ-ემ სამართალდამცავ ორგანოებს საჩივრით მიმართა მანამ, სანამ ვალის დაბრუნების დრო დადგებოდა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მ. ჭ-ე დააკავეს 2012 წლის 6 ივლისს (დაზარალებულ ხ. ზ-ის ეპიზოდთან დაკავშირებით), ხოლო თანხის გადახდის ვადა 2012 წლის 23 აგვისტოს იწურებოდა, რაც ობიექტურად შეუძლებელს ხდიდა მ. ჭ-ის მხრიდან ნ. ბ-ის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაზარალებული ნ. ბ-ე ადასტურებს, რომ მ. ჭ-ემ მას პროცენტის გადახდა დეკემბრიდან შეუწყვიტა, რაც ობიექტურად ემთხვევა მ. ჭ-ის ჯანმრთელობის გაუარესებისა და სამსახურის დაკარგვის პერიოდს. შესაბამისად, პროკურორის პოზიცია, რომ მ. ჭ-ეს ნ. ბ-ისთვის გამორთმეული თანხის მისაკუთრების მიზანი ჰქონდა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულ ნ. ბ-ის თანხის დაუფლების ეპიზოდში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება მ. ჭ-ის მხრიდან ნ. ბ-ის მოტყუება და მისი ქონების მისაკუთრების მიზანი, რაც გამორიცხავს მ. ჭ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას.
რაც შეეხება მ. ჭ-ის მიერ დაზარალებულ ხ. ზ-ის თანხის დაუფლების ეპიზოდს, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია მ. ჭ-ის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობა, კერძოდ:
დაზარალებულმა ხ. ზ-მა აჩვენა, რომ მ. ჭ-ის და - ქ. ჭ-ე არის მისი მეჯვარე და ბავშვის ნათლია. 2011 წლის მაისში ქ-მა მას სთხოვა ესესხებინა 5000 აშშ დოლარი, რაც ნათესავის სწავლის დასაფინანსებლად სჭირდებოდა. მანვე სთხოვა, რომ აღნიშნული თანხა გადაეცა მისი დისთვის - მ. ჭ-ისთვის. ენდობოდა რა ქ-ს, ასეც მოიქცა. შეთანხმებისამებრ, მ. ჭ-ემ გადაუხადა ხ. ზ-ს ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეების პროცენტები. აგვისტოში ქ-ი კვლავ დაუკავშირდა მას და სთხოვა, დამატებით კიდევ ეშოვა მისთვის იმდენი თანხა, რამდენიც შეეძლო, თვითონ 11000 აშშ დოლარი სჭირდებოდა. მისივე თქმით, მის სიძეს, მ. ჭ-ის ქმარს, ჰქონდა მანქანის საღებავებისა და საბურავების ბიზნესი. საქონელი ფოთის პორტში იყო გაჩერებული. აღნიშნული თანხა განსაბაჟებლად სჭირდებოდათ და როგორც კი საქონელს გაყიდდნენ, მაშინვე დაუბრუნებდნენ. მანამდე კი თვეში თანხის 10% - ს გადაიხდიდნენ სარგებლის სახით, როგორც წინა თანხის - 5000 აშშ დოლარის შემთხვევაში იხდიდნენ. ენდობოდა რა ჭ-ებს, ხ. ზ-მა, ქ-ის თხოვნით, აღნიშნული თანხა გადასცა მის დას - მ. ჭ-ეს. 11000 აშშ დოლარის გადაცემის შემდეგ მ. ჭ-ეს ხ. ზ-ისთვის აღარც პროცენტი გადაუხდია და აღარც ,,ძირი თანხა“ დაუბრუნებია. ხ. ზ-მა ასევე განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ქ. ჭ-ეს სთხოვა, წასულიყვნენ და გაერკვიათ მართლა სჭირდებოდათ თუ არა ბ-ებს სწავლის ფული, რაზეც ქ-მა უარი განუცხადა და აღიარა, რომ თანხა მათ არ დასჭირვებიათ. რაც შეეხება ბიზნეს საქმიანობისთვის გამორთმეულ თანხას - 11000 აშშ დოლარს, თავიდან ჭ-ეები უმტკიცებდნენ, რომ საქონელი ფოთის პორტში იყო გაჩერებული, შემდეგ ეუბნებოდნენ, რომ საქონელი ნამდვილად შეძენილი ჰქონდათ საბერძნეთში, ხოლო გამოგზავნა იქ არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო გვიანდებოდა. როგორც შემდგომ გაირკვა, საქონელი არც ფოთში იყო და არც - საბერძნეთში. ხ. ზ-მა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ურთიერთობა დაიძაბა, ჭ-ეებმა შესთავაზეს მ-ის საკუთრებაში არსებული ბინის იპოთეკით დატვირთვა, რაზეც ხ-მ უარი განაცხადა, ვინაიდან ბინა იპოთეკით იყო დატვირთული. მისივე ინფორმაციით, ამ ბინას დაყადაღებასაც უპირებდნენ. ნაცნობმა ნოტარიუსმა უთხრა, რომ აზრი არ ჰქონდა ამ ბინის იპოთეკით დატვირთვას, რადგან თანხის ნაწილსაც ვერ ამოიღებდა. რაც შეეხება ჭ-ეების მიერ შეთავაზებულ 33კვ.მ. მიწის ნაკვეთს, ხ. ზ-მა განაცხადა, რომ აღნიშნული ნაკვეთის ღირებულება ვერ დაფარავდა 16000 აშშ დოლარს, შესაბამისად, არ დაინტერესებულა მისით. შეთავაზებულ მანქანაზეც უარი თქვა იმ მოტივით, რომ სესხით იყო გამოყვანილი.
მოწმე ი. ნ-ემ აჩვენა, რომ ქ. ჭ-ე - მისი მეუღლის მეჯვარე - დაუკავშირდა ხ-ს და სთხოვა 5000 აშშ დოლარი ესესხებინა მისი ნათესავის სწავლის დასაფინანსებლად, რომლის პროცენტსაც თვითონ ის ნათესავი გადაიხდიდა. როდესაც თანხა იშოვეს, ქ-ის თხოვნით, მისმა მეუღლემ - ხ. ზ-მა აღნიშნული თანხა მ. ჭ-ეს გადასცა. თანხის გადაცემის შემდეგ, ნელ-ნელა, მ. ჭ-ემ დაიწყო მის ოჯახთან დაახლოება. სამი თვის განმავლობაში უხდიდა 500-500 აშშ დოლარს - პროცენტის სახით. ამ პერიოდში დები ჭ-ეები იჩენდნენ გადამეტებულ ყურადღებას მისი შვილების მიმართ - დაჰყვებოდნენ ეკლესიაში, უგზავნიდნენ საჩუქრებს. აგვისტოში გადახდილი პროცენტის - 500 აშშ დოლარის შემდეგ, ქ. ჭ-ე დაუკავშირდა ხ. ზ-ს და სთხოვა თანხა მისი სიძის - გ. თ-ის ბიზნესისთვის, კერძოდ: გ. თ-ს უნდა შემოეტანა მანქანის საბურავები და საღებავები. საქონელი იყო ფოთში და ექვემდებარებოდა განბაჟებას. მისი თქმით, თანხა სწორედ ამ მიზნით ესაჭიროებოდათ. აღნიშნული ვითარება მათ მ. ჭ-ემაც დაუდასტურა. როდესაც ჰკითხეს, თუ რა ოდენობის თანხა ესაჭიროებოდათ, მათ უთხრეს რომ ბევრი სჭირდებოდათ, თან ამბობდნენ, ,,როგორც 5000 აშშ დოლარის პროცენტს გიხდით პირნათლად, ისე გადაგიხდით ამასაცო“. ქ-ის თხოვნით, ფული მ. ჭ-ეს გადასცეს, რის შემდეგაც შეწყდა პროცენტების გადახდა. მისივე განმარტებით, მან დებს შესთავაზა ბ-ეებთან წასვლა და იმის გარკვევა, მართლა დასჭირდათ თუ არა სწავლის ფული, რაზეც ორივე დამ უთხრა, რომ მათმა ახლობელმა ეს თანხა დააბრუნა და შემდეგ თავიანთი საჭიროებისთვის გამოიყენეს. ი. ნ-ემ ასევე აღნიშნა, რომ მ-მა მის მეუღლეს რაღაც ფაილებიც გაუგზავნა, თითქოს საქონელი შეძენილი იყო საბერძნეთში, რაც ასევე ტყუილი აღმოჩნდა. ბინა, რომელიც შესთავაზეს ჭ-ეებმა თანხის სანაცვლოდ, იყო დატვირთული იპოთეკით ბანკ ,,რესპუბლიკის“ მიერ. ცოტა ხანში ისიც გაიგეს, რომ ამ ბინას მეორადი დამყადაღებელიც ჰყავდა სასამართლოს გადაწყვეტილებით. ი. ნ-ემ დაადასტურა, რომ მის მეუღლეს 11000 აშშ დოლარის პროცენტი არ მიუღია. რაც შეეხება ჭ-ეების მიერ შეთავაზებულ ფართს, მიზერული ფართი იყო და არც დაინტერესებულა მისით. მან და მისმა მეუღლემ მოითხოვეს სხვა უძრავი ქონების დატვირთვა იპოთეკით, რაზეც სასტიკი უარი მიიღეს. მათი ინფორმაციით, ეს ბინა მ. ჭ-ეს ეკუთვნოდა, რომელიც ჯერ დედამისის, ხოლო შემდეგ - დეიდამისის სახელზე გადააფორმა, რათა არ დაეყადაღებინათ. ი. ნ-ემ აღნიშნა, რომ მანქანა მას გ. თ-მა მხოლოდ მას შემდეგ შესთავაზა, როცა საჩივარი შეიტანეს, ხოლო რაც შეეხება ქ-ს მანქანას, მისთვის ის არავის შეუთავაზებია და არც რაიმე ინფორმაციას ფლობს აღნიშნულთან დაკავშირებით.
მოწმე გ. თ-მა აჩვენა, რომ მან არ იცოდა თავისი მეუღლის - მ. ჭ-ის ვალების შესახებ. მანვე განაცხადა, რომ არ ეწევა არანაირი სახის ბიზნეს საქმიანობას. მისივე თქმით, მ-ის დეიდაშვილი არის საზღვარგარეთ, მაგრამ იქ რას საქმიანობს, არ იცის. გ. თ-მა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, სად წაიღო მ. ჭ-ემ აღნიშნული თანხები. მისი ინფორმაციით, მ-ს ხ-სთვის დაახლოებით 5000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი პროცენტის სახით.
მოწმე ქ. ჭ-ემ აჩვენა, რომ 2011 წლის მაისში მას დაუკავშირდა თავისი და - მ. ჭ-ე და სთხოვა ეშოვა მისთვის 5000 აშშ დოლარი - პროცენტიანი ვალი სწავლასთან დაკავშირებით. ქ. ჭ-ე დაუკავშირდა ხ. ზ-ს, რომელთანაც ჰქონდა ახლო ურთიერთობა და სთხოვა აღნიშნული თანხის სესხება. როდესაც ხ-მ უშოვა თანხა, ქ-მა უთხრა, რომ მას დაუკავშირდებოდა მისი და - მ. ჭ-ე და ერთმანეთში მოეგვარებინათ საქმე, რის შემდეგაც, ხ. ზ-მა, როგორც მისთვის ცნობილია, გადასცა 5000 აშშ დოლარი მ. ჭ-ეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც იცის, მ. ჭ-ემ კვლავ გამოართვა ხ. ზ-ს 11000 აშშ დოლარი, თუმცა მისთვის უცნობია - რამდენი ხნით და რამდენი პროცენტით. მანვე განმარტა, რომ როგორც იცის, ,,ძირი თანხა“ არ არის დაფარული, თუმცა მ-ს როგორც 5000, ისე 11000 აშშ დოლარის გარკვეული პროცენტები გადახდილი აქვს. ქ. ჭ-ემ ასევე განმარტა, რომ არც მის დას და არც მის სიძეს რაიმე ბიზნესი არ ჰქონიათ. ქ. ჭ-ემ აღნიშნა, რომ როგორც მისთვის ცნობილია, მათ ახლობელს თანხა - 5000 აშშ დოლარი აღარ დასჭირდა და აღნიშნული თანხა გამოიყენა მ-მა.
ბრალდებულმა მ. ჭ-ემ განმარტა, რომ მან ხ. ზ-ს გამოართვა სესხი - 5000 აშშ დოლარი 10%-იანი სარგებლით. ახსოვს, რომ სექტემბერშიც გადაიხადა, თუმცა ოქტომბერში გადაიხდა თუ არა პროცენტი - არ ახსოვს. 2011 წლის იანვარში ბანკმა ,,რესპუბლიკამ“ გაუხსნა გენერალური საკრედიტო ხაზი 50000 აშშ დოლარზე 25 წლით. თავდაპირველად გამოუყვეს 30000 აშშ დოლარი, დანარჩენი 20000 აშშ დოლარი ჰქონდა რეზერვში. სესხის აღებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ როგორ შეასრულებდა პირობებს, შეუვსებდნენ ლიმიტს და 13 იანვარს ახალ სესხს მისცემდნენ. სწორედ ამ სესხის იმედი ჰქონდა. გართულებული ჯანმრთელობის გამო, მუშაობა ვეღარ გააგრძელა და სამსახურიდან გაათავისუფლეს. მ. ჭ-ემ დაადასტურა, რომ შეთავაზებული ბინა იპოთეკითაც იყო დატვირთული ბანკის მიერ და ყადაღაც ედო კერძო პირის სასარგებლოდ. მ. ჭ-ემ ასევე დაადასტურა, რომ თანხა ნათესავს აღარ დასჭირდა და 3 თვის განმავლობაში დაუბრუნა ეტაპობრივად. რაც შეეხება 11000 აშშ დოლარს, მ. ჭ-ემ ასევე დაადასტურა, რომ ხ. ზ-ი მოატყუა, თითქოს თანხა მეუღლის ბიზნესისთვის სჭირდებოდა, მაგრამ რეალურად ავეჯის საყიდლად უნდოდა და არანაირი ბიზნესი არც მას და არც მის ქმარს არ ჰქონიათ. რაც შეეხება ხ-სთვის გაგზავნილ წერილს, რომ თითქოს საქონელი შეკვეთილი იყო საბერძნეთში, მან აღნიშნა, რომ ხ-ს ეუბნებოდა იმას, რასაც მისი მეუღლე ეუბნებოდა და სინამდვილეში არ იცოდა, საქონელი მართლა იყო შეკვეთილი თუ არა. თუმცა წერილში, რომელიც ელექტრონულ მისამართზე გაუგზვნა, მითითებული იყო, რომ საქონლის შეკვეთა გაკეთებულია. მისი განმარტებით, მან იმიტომ მოატყუა ხ. თანხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რომ მის მშობლებს და დას რომ გაეგოთ, რომ ფული ავეჯისთვის უნდოდა, უარს ეტყოდნენ და ახალ სახლში ვერ გადავიდოდა. მ. ჭ-ემ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ნოემბრიდან დაუმძიმდა, ხოლო სამსახურიდან იანვარში გათავისუფლდა. მისი განმარტებით, ხ. ალბათ მაინც ასესხებდა ფულს, თუმცა სიმართლე რომ ეთქვა, მისი ოჯახი გაიგებდა და გაბრაზდებოდა იმიტომ, რომ მისი მეუღლე ოჯახისთვის მიუღებელი იყო. მ. ჭ-ემ დაადასტურა, რომ ბინა, რომელიც ხ. ზ-ს შესთავაზა თანხის სანაცვლოდ, იპოთეკით იყო დატვირთული და ასევე კერძო პირის სასარგებლოდაც იყო დაყადაღებული.
მოწმე რ. გ-მა აჩვენა, რომ როდესაც შეიტყო ჭ-ეების მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ, კერძოდ კი ის, რომ მათ სხვა ბევრი მევალეც ჰყავდათ ნ. ბ-ის გარდა, დაურეკა ამ უკანასკნელს და გააფრთხილა, რათა ის არ დარჩენილიყო თავისი კუთვნილი თანხის გარეშე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა მ. ჭ-ის მიერ ხ. ზ-ისთვის 2012 წლის 13 მარტს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილი, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: ,,ხ. გამარჯობა. ვიცი ქ-ისთვის გითქვამს მატყუებსო. ამიტომ გიგზავნი ფაილებს, სადაც ნათლად ჩანს ჩვენს მიერ გაკეთებული შეკვეთა. კარგად იცი საბერძნეთის მდგომარეობა ამ ეტაპზე, რის გამოც გვიანდება ამ პროდუქციის ჩამოსვლა. ვიცი ჩემს და შენს პრობლემებს ეს არც ამართლებს და არც შველის ამ წუთს, მაგრამ არ მინდა გეგონოს რომ რამეს გატყუებ.“
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული აუდიოჩანაწერით დასტურდება, რომ ხ. მ-ს სთხოვს მათ შორის არსებული ზეპირი ხელშეკრულების ნოტარიუსთან გაფორმებას, რაზეც მ. ითხოვს ვადას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მ. ჭ-ის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მან ხ. ზ-ს მხოლოდ იმიტომ უთხრა ტყუილი არარსებულ ბიზნესთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ სურდა მის ოჯახს გაეგო, რომ მას ბინისთვის სჭირდებოდა თანხა და მიაჩნია, რომ ამით მ. ჭ-ე ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, ვინაიდან მან ნ. ბ-ეს სწორედ ბინისთვის გამოართვა ფული და ამ შემთხვევაში გაუგებარია, თუ რატომ ნ. ბ-ეს არ დაუმალა აღნიშნული გარემოება და არ შეეშინდა ოჯახის რეაქციისა.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს გ. თ-ის ჩვენებას, რომ თითქოს მ-ს პროცენტის სახით ზ-ისთვის გადახდილი აქვს 5000 აშშ დოლარი, ვინაიდან ეს ჩვენება ეწინააღმდეგება როგორც ხ. ზ-ისა და მისი მეუღლის, ისე თვითონ მ. ჭ-ის ჩვენებას, რადგან მ-ის განმარტებით, მან გადაიხადა სამი თვის - 500-500 აშშ დოლარი და ერთი თვის - 1600 აშშ დოლარი, რაც ჯამში 3100 დოლარს შეადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. თ-მა მ-ისთვის პასუხისმგებლობის ასარიდებლად მიუთითა, რომ მას პროცენტის სახით 5000 აშშ დოლარამდე აქვს გადახდილი, რეალურად კი მისთვის უცნობია, თუ რა ოდენობის პროცენტი აქვს მ. ჭ-ეს გადახდილი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ჭ-ის განმარტება, რომ იგი აპირებდა ბანკ ,,რესპუბლიკის“ მიერ დამტკიცებული სესხით იანვარში გაესტუმრებინა ვალები, ასევე მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ვინაიდან, მისივე განმარტებით, მისთვის ბანკს კრედიტის სახით უნდა მიეცა 20000 აშშ დოლარი, ხოლო მარტო ხ. ზ-ისთვის მას 16000 აშშ დოლარი ჰქონდა დასაბრუნებელი პროცენტის გარეშე, 10000 დოლარზე მეტი კი ნ. ბ-ისთვის ჰქონდა მისაცემი. მასვე პროცენტები უნდა ეხადა ბანკისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა მ. ჭ-ეს თავიდანვე გაცნობიერებული ჰქონდა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხ. ზ-ს, თუ მისთვის მნიშვნელოვანი იყო სესხის მიზნობრიობა, უნდა გადაემოწმებინა, მართლა ეწეოდა თუ არა მ. ჭ-ის მეუღლე ბიზნეს საქმიანობას და მიაჩნია, რომ მ. ჭ-ემ სწორედ იმით ისარგებლა, რომ ნდობის მაღალი ფაქტორი არსებობდა ამ ადამიანებს შორის და მეტი დამაჯერებლობისთვის არარსებული ბიზნეს საქმიანობაც დაამატა.
სასამართლო აღნიშნავს: ის ფაქტი, რომ მ. ჭ-ე ადასტურებს ვალის არსებობას, არ გამორიცხავს მის მიერ ხ. ზ-ის თანხის მისაკუთრების მიზანს. რაც შეეხება ჭ-ებისთვის ბინის, მანქანისა და ფართის შეთავაზებას, საკასაციო პალატა მიუთითებს: ბინა, რომელიც დაზარალებულს შესთავაზა მ. ჭ-ემ, იყო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული და ასევე - კერძო პირის სასარგებლოდ დაყადაღებული, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული შეთავაზება ფორმალურ ხასიათს ატარებს და არ გამორიცხავს მ. ჭ-ის მხრიდან ხ. ზ-ის ფულის მისაკუთრების განზრახვას, ვინაიდან მ. ჭ-ე კარგად აცნობიერებდა, რომ მას შემდეგ, რაც პირველი იპოთეკარები დაკმაყოფილდებოდნენ, ხ. ზ-ს შესაძლოა, საერთოდ ვერაფერი მიეღო. რაც შეეხება შეთავაზებულ ფართს, ხ. ზ-ისა და მისი მეუღლის განცხადებით, ფართით ისინი არ დაინტერესებულან, ვინაიდან იგი იყო მიზერული. რაც შეეხება შეთავაზებულ მანქანას, ხ. ზ-მა განაცხადა, რომ მანქანაც სესხით იყო გამოყვანილი, ხოლო ი. ნ-ის ჩვენებით, მას საერთოდ არ სმენია, რომ ქ-მა მანქანა შესთავაზა მის მეუღლეს. მას მანქანა შესთავაზა მხოლოდ მ. ჭ-ის მეუღლემ - გ. თ-მა და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, როცა საჩივრით მიმართეს პროკურატურას.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. ჭ-ის მხრიდან ხ. ზ-ის ნდობის ბოროტად გამოყენებითა და მისი შეცდომაში შეყვანით მისი კუთვნილი ფულადი თანხის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, კერძოდ: მ. ჭ-ემ მოიპოვა ხ. ზ-ისა და მისი ოჯახის ნდობა, დაარწმუნა იმაში, რომ ბიზნეს საქმიანობიდან ამოღებული ფულით მალევე დაუბრუნებდა ვალს, რითაც შეცდომაში შეიყვანა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის კუთვნილ, დიდი ოდენობით ფულად თანხას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ჭ-ე არა მხოლოდ თანხის დაუფლების მომენტში, არამედ შემდეგაც განაგრძობდა ხ. ზ-ის მოტყუებას, რაც დასტურდება ხ. ზ-ისა და ი. ნ-ის ჩვენებებით, გამოკვლეული ელექტრონული წერილით და თავად მ. ჭ-ის ჩვენებით.
ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ჭ-ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა (დაზარალებულ ხ. ზ-ის ეპიზოდი), რაც საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არის გასაჩივრებულ გამამართლებელ განაჩენში ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: მ. ჭ-ის პირად მდგომარეობას - მას ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ასევე იმ გარემოებას, რომ მ. ჭ-ე აღიარებს ვალის არსებობას და გამოხატავს მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და მიაჩნია, რომ მ. ჭ-ისთვის მიზანშეწონილია ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308–ე მუხლის მე–2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
მ. ჭ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაზარალებულ ხ. ზ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 7 000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში მისი ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მ. ჭ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა - 5 000 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე