დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№68აგ-13 25 ოქტომბერი, 2013 წელი
ა-ი გ.- 68აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ყვარლის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს ადრე მოქმედი სსკ-ის 110-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 252-ე მუხლის მე-4 ნაწილით და შთანთქმის პრინციპით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1997 წლის 23 თებერვლიდან.
ამავე სასამართლოს 2003 წლის 10 მარტის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 184-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რისთვისაც დაეკისრა ჯარიმა – 300 ლარი.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულს შორის, რომლის მიხედვით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 1 წლით, 109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „კ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, მე-19,109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „კ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით, ხოლო საბოლოოდ - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 5 აპრილიდან.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ა-ს გაუნახევრდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 236–ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „კ“ ქვეპუნქტებითა და მე-19,109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „კ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები, რის შედეგადაც საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 5 აპრილიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა და ეს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის განსაზღვრას სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ შეუმცირა სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა გ. ა-მა 2009 წლის 17 აგვისტოს განაჩენით დადგენილი დანაშაული ჩაიდინა 2003 წლის ივნისში, წინა განაჩენებით დადგენილი დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებამდე. მიუხედავად არაერთი ნასამართლობისა, გ. ა-მა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულები, რისთვისაც სასჯელი განესაზღვრა სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, საპროცესო შეთანხმების შედეგად. ეს სასჯელი შემცირდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, გ. ა-ისათვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის უფრო მეტად შემცირება აშკარად უსამართლოა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განაჩენი გ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ბ. ალავიძე