ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 10.05.2013
საქმის ნომერი
2კ-11აპ.-13
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.05.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №11აპ-13 ქ. თბილისი

კ-ე ს, ი, 11აპ-13 10 მაისი, 2013 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ი. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით:

ს. ი. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 14 მარტიდან.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ი. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, მას განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დაენიშნა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, მას განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დაენიშნა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, მას განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დაენიშნა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, შეიკრიბა ი. ი-ის მიმართ ამ განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 9500 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 17 ოქტომბრიდან.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ს. ი. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ი. ი-მ და ს. ი. კ-მ, წინასწარი შეთანხმებით, 2010 წლის დეკემბერში, ბათუმში ყოფნისას, მოატყუეს დაზარალებული ნ. ა-ე, რომ მათ საკუთრებაში არსებულ „MERCEDES BENZ“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით „-, რომელიც იმ პერიოდისათვის დატოვებული ჰქონდათ სომხეთის რესპუბლიკაში, მიჰყიდდნენ 3600 აშშ დოლარად. თვალის ახვევის მიზნით, 2010 წლის 28 დეკემბერს თ-ში, მ-ს ქუჩის №--ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ი. ი-მ ნ. ა-ის სახელზე გააკეთა მინდობილობა ზემოთ აღნიშნული ავტომანქანის მართვისა და განკარგვის შესახებ. იმავე დღეს 400 აშშ დოლარი ნ. ა-ეს გამოართვა ს. ი. კ-ემ, ხოლო დარჩენილი 3200 აშშ დოლარი ნ. ა-ემ გადასცა ი. ი-ის ბათუმში ჩასვლის შემდეგ. შეთანხების თანახმად, ს. ი. კ-ე და დაზარალებული ნ. ა-ე ერთად უნდა წასულიყვნენ სომხეთის რესპუბლიკაში ავტომანქანის ჩამოსაყვანად, მაგრამ ი. ი-იმ და ს. ი. კ-ემ 2010 წლის 29 დეკემბერს დატოვეს საქართველო, გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მიისაკუთრეს დაზარალებულის კუთვნილი თანხა - 3600 აშშ დოლარი.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ს. ი. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან მიაჩნია, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია; მეუღლესთან - ი. ი-ისთან შეთანხმებული არ ყოფილა და დაზარალებულ ნ. ა-ის მოტყუების განზრახვა არ ჰქონია; ავტომანქანის გაყიდვასთან დაკავშირებით ნ. ა-ესთან მოლაპარაკებები არ გაუმართავს, არაფერი იცის 3200 აშშ დოლარის ამ უკანასკნელისგან გამორთმევის შესახებ, რადგანაც რაიმე სახის მითითებები მეუღლე - ი. ი-ისათვის არ მიუცია; რაც შეეხება 400 აშშ დოლარს, ეს თანხა სინამდვილეში სესხის სახით გამოართვა ნ. ა-ეს და არ უკავშირდებოდა ავტომანქანის გაყიდვას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილ გარემოებებს, კერძოდ: გამოძიებით და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ნ. ა-ის, მოწმეების - ე. ბ-ის, თ. ნ-ის, დ. ჩ-ის ჩვენებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ს. ი-ი და ი. ი-ი, როგორც ცოლ-ქმარი, 2010 წლის ოქტომბრის თვიდან იმავე წლის 29 დეკემბრამდე ცხოვრობდნენ ბ-ში, გ-ის ქუჩა №-ში, დ. ჩ-ისაგან ნაქირავებ ბინაში. ამ პერიოდში გაიცნო ისინი დაზარალებულმა ნ. ა-ემ, ჩამოუყალიბდა მათთან ახლობლური ურთიერთობა და გაიგო, რომ ცოლ-ქმარი აპირებდა ი. ი-ის სახელზე გაფორმებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის გაყიდვას, რომელიც, ცოლ-ქმრის განმარტებით, მათ გაჩერებული ჰყავდათ სომხეთში, ირანის საზღვართან ახლოს. ნ. ა-მ სურვილი გამოთქვა შეეძინა მათი ავტომანქანა და ამ მიზნით თავდაპირველად 400 აშშ დოლარი გადასცა თბილისში უშუალოდ ს. ი-ის, ხოლო ერთმანეთში მიღწეული შეთანხმების შემდეგ 3200 აშშ დოლარი ბათუმში გადასცა ი. ი-ის. სანაცვლოდ ი. ი-იმ, ს-იმ ი-ის თანდასწრებით, 2010 წლის 28 დეკემბერს გენერალური მინდობილობა ნოტარიულად გაუფორმა ნ. ა-ეს ყველა უფლებით, მათ შორის - განკარგვის უფლებითაც, თუმცა მომდევნო დღეს, ანუ ფულადი თანხის - 3600 აშშ დოლარის სრულად მიღების შემდეგ, 2010 წლის 29 დეკემბერს, ცოლ-ქმარმა ი. ი-იმ და ს. ი-იმ, ისე, რომ ბინის ქირავნობის თანხაც არ გადაუხდიათ, მალულად მიატოვეს დ. ჩ-ძის ბინა ბ-ში და დატოვეს საქართველო.

მოწმეები - ე. ბ-ე და თ. ნ-ე თავიანთ ჩვენებებში ადასტურებენ ი. და ს. ი-ისათვის ფულადი თანხის - მთლიანობაში 3600 აშშ დოლარის - გადაცემის ფაქტს. დადგენილია, რომ ცოლ-ქმარ ი-ა და ს. ი-ბს არც ფულადი თანხა დაუბრუნებიათ და არც ავტომანქანა გადაუციათ ნ. ა-ათვის.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ ს. ი-იმ, ცოლთან - ი. ი-ისთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, მოატყუეს ნ. ა-ე და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ამ უკანასკნელის ფულადი თანხა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივად სწორად შეაფასეს; ს. ი-ის ქმედება იურიდიულად დაკვალიფიცირებულია სწორად; გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია; ქმედების ჩადენის სახისა და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი სამართლიანია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

დაზარალებულ ნ. ა-ეს სასამართლოდან გაეგზავნა შესაბამისი წერილობითი შეტყობინებები, პასუხი მიღებული არ არის, რაც სასამართლომ შეაფასა როგორც თანხმობაზე უარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ს. ი-ი კ-ეს მიმართ სასამართლო იმსჯელებს ამავე კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

ამდენად, მსჯავრდებულ ს. ი-ი კ-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 4 წელს, 1 თვესა და 15 დღეს, ხოლო დამატებითი სასჯელი - ჯარიმა, ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, შემცირებას არ ექვემდებარება.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ი-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ერთი მესამედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნული მუხლით მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ ი. ი-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ერთი მესამედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ზემოაღნიშნული სასჯელის ერთი მესამედი, რაც შეადგენს 1 წელსა და 10 თვეს, გამოაკლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით ამ ნაწილში მოსახდელად დარჩენილ სასჯელს - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას და აღნიშნული მუხლით მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ ი. ი-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ერთი მესამედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ზემოაღნიშნული სასჯელის ერთი მესამედი, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს, გამოაკლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით ამ ნაწილში მოსახდელად დარჩენილ სასჯელს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას და აღნიშნული მუხლით მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული ი. ი-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.

საბოლოოდ მსჯავრდებულ ი. ი-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 7 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან - 2011 წლის 17 ოქტომბრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 309-ე მუხლით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ს. ი-ი კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს. ი-ი კ-ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით - შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი - დარჩეს უცვლელად. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2012 წლის 14 მარტიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი