განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№16171-13 22 მაისი, 2013 წელი
ხ-ა რ., 16171-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ქ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ხ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით რ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – ასევე 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქონება და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2012 წლის 4 მაისიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით.
2013 წლის 23 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიურომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ხ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ხ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული რ. ხ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, ხოლო სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით პირობითი სასჯელი, 3 წლისა და 11 თვის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ხ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და სასჯელის საბოლოო ზომად 2 წლითა და 9 თვით პირობითი მსჯავრის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ. ხ-ას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება კანონიერია.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 და მე-16 მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ რ. ხ-ასთვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელის განახევრება, ხოლო 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 თვით, ხოლო 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა ასევე კანონიერია.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ რ. ხ-ას დანიშნული სასჯელების შემცირების შედეგად საბოლოოდ პირობით მსჯავრად უნდა განესაზღვროს 2 წელი და 9 თვე, ნაცვლად - 3 წლისა და 3 თვისა. მასვე პროპორციულად უნდა შეუმცირდეს გამოსაცდელი ვადაც და გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს - 3 წელი, 4 თვე და 7 დღე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ხ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
მსჯავრდებულ რ. ხ-ას საბოლოოდ პირობით მსჯავრად განესაზღვროს 2 წელი და 9 თვე, 3 წლის , 4 თვისა და 7 დღის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე