საზედამხედველო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №120აგ-13 28 ნოემბერი, 2013 წელი
ზ-ი მ.-120აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განაჩენით მ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 9 ივლისიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განაჩენით მ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი, 2 თვე, 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით, 2 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, 7 წლის, 2 თვისა და 6 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 3 მაისიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ზ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 5 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, 5 წლის, 5 თვისა და 6 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინებით შეიცვალა: მსჯავრდებულ მ. ზ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 8 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 3 წლით პირობითი მსჯავრი, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 16 მაისს მსჯავრდებულმა მ. ზ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: მსჯავრდებულ მ. ზ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს დაემატა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 3 წლით პირობითი სასჯელი, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული მ. ზ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს საბოლოო სასჯელის განსაზღვრას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. ზ-მა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედება (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები) ჩაიდინა 2009 წლის ივნისში, ანუ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განაჩენის გამოტანამდე. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ მ. ზ-ი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა (მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განაჩენი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განაჩენი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას იყო ნასამართლობის მქონე. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, მ. ზ-ისთვის დანიშნული სასჯელები შეეკრიბა ნაწილობრივ.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მ. ზ-ს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 9 ივლისიდან - 2012 წლის 3 მაისამდე. შესაბამისად, მ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე და 260-ე მუხლებით ნაწილობრივი შეკრებით განსაზღვრული სასჯელიდან - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და 3 წლით პირობითი მსჯავრიდან - დღეის მდგომარეობით მოხდილი 4 წელი, 4 თვე და 16 დღე უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და საბოლოოდ მ. ზ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 1 წლით, 1 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის, 10 თვისა და 14 დღის გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
მსჯავრდებულ მ. ზ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 9 ივლისიდან - 2012 წლის 3 მაისამდე.
მსჯავრდებულ მ. ზ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის განაჩენით სსკ-ის 177-ე და 260-ე მუხლებით ნაწილობრივი შეკრებით განსაზღვრული სასჯელიდან - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და 3 წლით პირობითი მსჯავრიდან - დღეის მდგომარეობით მოხდილი 4 წელი, 4 თვე და 16 დღე ჩაეთვალოს მოხდილად და საბოლოოდ მ. ზ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 1 წლით, 1 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის, 10 თვისა და 14 დღის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებული მ. ზ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე