დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№236აგ-13 11 ნოემბერი, 2013 წელი
ჯ-ე პ 236აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის განაჩენით პ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ვ“, „ო“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 333–ე მუხლის 1–ლი და მე–3 ნაწილებით, სსკ–ის 335–ე მუხლის მე–2 ნაწილით, სსკ–ის 369–ე მუხლის მე–3 ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ვ“, „ო“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 333–ე მუხლის 1–ლი და მე–3 ნაწილებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით; სსკ–ის 335–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 369–ე მუხლის მე–3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, შეიკრიბა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ პ. ჯ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2006 წლის 15 მაისიდან.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: პ. ჯ-ს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის 1–ლი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ასევე ამოერიცხა სსკ–ის 117–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი - ბეჭდვის დროს დაშვებული უზუსტობა და პ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ვ“ , „თ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 335–ე მუხლის მე–2 ნაწილით, სსკ–ის 369–ე მუხლის მე–3 ნაწილით და მოსახდელად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ვ“, „თ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 335–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 369-ე მუხლის მე–3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ პ. ჯ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2006 წლის 15 მაისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ პ. ჯ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 დეკემბრის №28/12/01 განკარგულებით მსჯავრდებული პ. ჯ-ე შეწყალებულ იქნა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენებით საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ვ“, „თ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 335–ე მუხლის მე–2 ნაწილით, სსკ–ის 369–ე მუხლის მე–3 ნაწილით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით პ. ჯ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და ¼–ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 335–ე მუხლის მე–2 ნაწილით, სსკ–ის 369–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით და მოსახდელად განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლითა და 6 თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. აღნიშნულ სასჯელს გამოაკლდა სასჯელის ის ვადა – 3 წელი, 2 თვე და 8 დღე, რომლის მოხდისგანაც პ. ჯ-ე გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 დეკემბრის №28/12/01 განკარგულების საფუძველზე და საბოლოოდ პ. ჯ-ს მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლითა და 6 თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2006 წლის 15 მაისიდან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან. სხვა ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2013 წლის 6 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა პ. ჯ-მ მის მიმართ გამოტანილი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: 2013 წლის 6 თებერვალს იგი ამნისტიის აქტის საფუძველზე გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან და მოსახდელად დარჩა სასჯელი – თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა - 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის კანონით შესულია ცვლილება, რომლის მე–2 და მე–4 ნაწილების თანახმად, სავალდებულოა სასჯელთა შთანთქმა. ამასთან, აღნიშნული მუხლის ახალ რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად. ახალი კანონი ამსუბუქებს მის მდგომარეობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის მოქმედ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც გახდებოდა მის მიმართ მოსახდელად დარჩენილი სასჯელის – თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის - მოხნის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ პ. ჯ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული პ. ჯ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმებას, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის მოქმედ კანონთან შესაბამისობაში მოყვანასა და მოსახდელად დარჩენილი სასჯელის – თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევისაგან განთავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლი განსაზღვრავს სასჯელის დანიშვნის წესს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას.
მოცემულ შემთხვევაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით პ. ჯ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, მას ¼-ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები და საბოლოოდ პ. ჯ-ს მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლითა და 6 თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან – 2006 წლის 15 მაისიდან და იგი გათავისუფლდა 2013 წლის 4 თებერვალს. რაც შეეხება დამატებით სასჯელს, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას, სასჯელთა შთანთქმის შემთხვევაშიც პ. ჯ-ე სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ვერ გათავისუფლდებოდა დამატებითი სასჯელისგან.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ პ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ პ. ჯ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე