დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.11.2013
საქმის ნომერი
779აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№779აგ-13 4 ნოემბერი, 2013 წელი

პ-ი გ.- 779აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. პ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივნისის განაჩენით გ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 2 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით, ხოლო 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ეს სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და მსჯავრდებულს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო - 4 წელი - ჩაეთვალა პირობით. გ. პ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 5 ნოემბრიდან.

ამავე სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის განაჩენით გ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღება) და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული სხვა უფლებები - 15 წლით. მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 29 ივლისიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განაჩენით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, გ. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წელი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3 წელი და 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წელი. შესაბამისად, განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით, 2 წლითა და 3 თვით და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 29 ივლისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

გ. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 5 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და ამ მუხლით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამ განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 9 თვე და გ. პ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ გ. პ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 29 ივლისიდან.

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 21 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. პ-მა, რომელმაც ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. პ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:

გ. პ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე ¼-ით შემცირებულ სასჯელს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივნისის განაჩენით დანიშნული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით 1/4-ით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან –1 წელი და გ. პ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 29 ივლისისდან.

სხვა ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. პ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებული საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არ შეისწავლა საქმის კონკრეტული გარემოებები; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ მოიყვანა შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილების საფუძველზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, გ. პ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა. ამასთან, საბოლოო სასჯელის დადგენისას სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. პ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი