საზედამხედველო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №169აგ-13 4 დეკემბერი, 2013 წელი
ჟ-ი ლ.-169აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების – მ. ს-ის, გ. ნ-ისა და ლ. ჟ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის განაჩენით ლ. ჟ-ი; მ. ს-ე და გ. ნ-ე – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, დ“ ქვეპუნქტებით – 8-8 წლით, ხოლო 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“, „თ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მათ განესაზღვრათ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. ნ-ისათვის დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 8 თვე, 24 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 19 წლით, 8 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, 15 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი, 8 თვე და 24 დღე – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2009 წლის 17 ოქტომბრიდან.
ამავე განაჩენით ცნობილ არიან დამნაშავეებად პ. ფ-ე, მ. ფ-ე, ნ. ც-ი და დ. ბ-ე.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დაუშვებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ლ. ჟ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ნ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2013 წლის 14 მაისს მსჯავრდებულმა ნოე ციციშვილმა, 2013 წლის 16 მაისს – მსჯავრდებულებმა: ლ. ჟ-მა, გ-ა ნ-ემ და მ. ს-ემ, ხოლო 24 მაისს – მსჯავრდებულმა დ. ბ-ემ შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით მსჯავრდებულების – ნ. ც-ის, მ. ს-ის, ლ. ჟ-ის, გ. ნ-ისა და დ. ბ-ის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა: ლ. ჟ-ისათვის, გ. ნ-ისა და მ. ს-ისათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელიდან ნაწილს – 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“, „თ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის ნაწილი – 4-4 წელი და საბოლოოდ განესაზღვრათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა; ნ. ც-ისა და დ. ბ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის აქტით ერთი მეოთხედით შემცირებულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტით ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრათ 1-1 წლით, 10-10 თვითა და 15-15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 1-1 წლით, 10-10 თვითა და 15-15 დღით პირობითი მსჯავრი, 2-2 წლის, 10-10 თვისა და 15-15 დღის გამოსაცდელი ვადით. იმის გამო, რომ მსჯავრდებულებს – ნ. ც-სა და დ. ბ-ეს განაჩენის გამოტანის დროისათვის მოხდილი აქვთ საბოლოო სასჯელი, ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ საპატიმრო ადგილებიდან.
ამავე განაჩენით, სარევიზიო წესით, პ. ფ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებულ სასჯელს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „ზ“, „თ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტით ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელიდან – 2 წელი და 9 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 9 თვე – ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულები – მ. ს-ე, ლ. ჟ-ი და გ. ნ-ე საკასაციო საჩივრებში აღნიშნავენ, რომ მათი შუამდგომლობები არ უნდა განეხილა იმავე მოსამართლეს, ვინც გამოიტანა 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენი; აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენის გაუქმებას და ახალი განაჩენით მათი შუამდგომლობების დაკმაყოფილებას, ასევე – საჩივრების განხილვას მათი მონაწილეობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლ. ჟ-მა, მ. ს-ემ და გ. ნ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედებები (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, დ“ ქვეპუნქტები, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“, „თ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები) ჩაიდინეს 2003 წლის სექტემბერსა და 2004 წლის დეკემბერში და ამ დროისათვის ისინი, როგორც ასევე საქმის მასალებიდან ირკვევა, ნასამართლობის არმქონეები იყვნენ.
ამდენად, ლ. ჟ-ს, მ. ს-ესა და გ. ნ-ეს საბოლოო სასჯელები უნდა განესაზღვროთ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელებმა - 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“, „თ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელები - 5-5 წლითა და 3-3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ლ. ჟ-ს, მ. ს-ესა და გ. ნ-ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროთ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც უნდა აეთვალოთ 2009 წლის 17 ოქტომბრიდან.
საქართველოს სსსკ-ის 309-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პ. ფ-ის მიმართ ასევე უნდა იქნეს გამოყენებული სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელთა შთანთქმის წესი, ვინაიდან პ. ფ-ე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედებების (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, ,,დ“ ქვეპუნქტები, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“, „თ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები) ჩადენისას ასევე ნასამართლობის არმქონე იყო. შესაბამისად, პ. ფ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „ზ“, „თ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებულმა სასჯელმა – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ – უნდა შთანთქას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტით ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელი – 3 წელი და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, 3 წელი 4 თვე და 15 დღე უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს პირობითი მსჯავრი - 4 თვე და 15 დღე, 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.
რაც შეეხება მსჯავრდებულების - მ. ს-ის, გ. ნ-ისა და ლ. ჟ-ის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათი შუამდგომლობები არ უნდა განეხილა იმავე მოსამართლეს, ვინც მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობა მოსამართლეს არ უზღუდავს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების – მ. ს-ის, გ. ნ-ისა და ლ. ჟ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ:
ლ. ჟ-ის, მ. ს-ისა და გ. ნ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელებმა - 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“, „თ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელები - 5-5 წლითა და 3-3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ლ. ჟ-ს, მ. ს-ესა და გ. ნ-ეს სასჯელის სახით განესაზღვროთ 6-6 (ექვს-ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოთ 2009 წლის 17 ოქტომბრიდან.
პ. ფ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „ზ“, „თ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებულმა სასჯელმა – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ –შთანთქას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტით ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელი – 3 წელი და საბოლოოდ განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, 3 წელი 4 თვე და 15 დღე ჩაეთვალოს მოხდილად და საბოლოოდ განესაზღვროს პირობითი მსჯავრი - 4 თვე და 15 დღე, 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე