საზედამხედველო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№179აგ-13 4 დეკემბერი, 2013 წელი
ო-ი გ.- 179აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განაჩენით გ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განაჩენში, კერძოდ: გ. ო-ი, - ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
გ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2006 წლის 24 თებერვლიდან 2006 წლის 26 თებერვლის ჩათვლით და სასჯელის ვადა აეთვალა 2007 წლის 11 ივნისიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის განაჩენით გ. ო-ი, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ვადა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ვადა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რისი მოხდისგანაც გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე; 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა; 187-ე მუხლის მეორე ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, გ. ო-ისათვის დანიშნული სასჯელები შეიკრიბა. ამასთან, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, მის მიმართ დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 23 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 მარტიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ო-ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ გ. ო-ს გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;
გ. ო-ი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან;
მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ო-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა - 1 წლით, 9 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, გ. ო-ს საბოლოოდ განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 12 წლის, 9 თვისა და 11 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 19 მარტიდან.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. ო-ს გაუნახევრდა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლით, 9 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ო-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენით დანიშნულ საბოლოო სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 10 წლით, 9 თვითა და 11 დღით - დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 2 თვე და 4 დღე და მსჯავრდებულ გ. ო-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 11 წლით, 11 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 მარტიდან.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა გ. ო-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ო-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის დანიშვნას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის...“.
იმის გათვალისწინებით, რომ გ. ო-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებლი დანაშაული (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი) ჩადენილი აქვს არასრულწლოვანების ასაკში - 2006 წელს, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენი) სახეზე არ გვაქვს დანაშაულის რეციდივი, ვინაიდან დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ო-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა დაენიშნოს სასჯელთა შთანთქმის წესით, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 1 წლით, 9 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, რის შემდეგაც უნდა განესაზღვროს - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: ,,განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს“.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ო-ის პიროვნული მახასიათებლების, ჩადენილი ქმედებების რაოდენობისა და სიმძიმის გათვალისწინებით, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესით დანიშვნა აშკარად უსამართლო იქნება. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ. ო-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად უნდა დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 2 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს - 7 წლით, 11 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ო-ს სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს - 2008 წლის 19 მარტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 1 წლით, 9 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა და გ. ო-ს განესაზღვროს - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ. ო-ის მიმართ ბოლო განაჩენით საბოლოოდ დანიშნულ სასჯელს - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 2 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს - 7 წლით, 11 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ო-ს სასჯელის ვადა აეთვალოს - 2008 წლის 19 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი