საზედამხედველო

სისხლის სამართლის 05.12.2013
საქმის ნომერი
475აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №475აგ-13 5 დეკემბერი, 2013 წელი

გ-ი რ., 475აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 ივლისის განაჩენით რ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით თითოეული ეპიზოდისათვის მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განაჩენით რ. გ-ს საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ასევე – 3 წელი პირობითი მსჯავრი, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 მარტიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 2 წლითა და 3 თვით პირობითი მსჯავრი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

2013 წლის 17 მაისს მსჯავრდებულმა რ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ რ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: რ. გ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 1 წელი, 10 თვე, 15 დღე და რ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 5 წლისა და 3 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, 1 წელი, 10 თვე და 15 დღე კი ჩაეთვალა პირობით, 2 წლის, 7 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განაჩენი და 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული რ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განაჩენის გაუქმებას და ახალი განაჩენით სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, სრულად შეეკრიბა დანიშნული სასჯელები, რასაც რ. გ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატაც ეთანხმება.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რ. გ-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 ივლისის განაჩენით შთანთქმის წესით განსაზღვრულ სასჯელში - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთაში - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, 2 წელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად. შესაბამისად, მას „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელზე უნდა დაემატოს პირობითი მსჯავრი - 4 თვე და 15 დღე, 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებულ რ. გ-ს საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვროს 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 თვე და 15 დღე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე