საზედამხედველო

სისხლის სამართლის 05.12.2013
საქმის ნომერი
478აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №478აგ-13 5 დეკემბერი, 2013 წელი

კ-ი ა., 478აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 აპრილის განაჩენით ა. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, ხოლო 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 6 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 6 აპრილიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ა. კ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 9 თვე პირობითი მსჯავრი, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 4 ივნისს მსჯავრდებულმა ა. კ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი – სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელი და ა. კ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 9 თვე პირობითი მსჯავრი, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ა. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენის გაუქმებას, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის სწორად განსაზღვრას და მის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა. კ-ის მიმართ სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით ა. კ-ს (ამნისტიის გათვალისწინებით) განსაზღვრული აქვს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და 9 თვე პირობითი მსჯავრი. შესაბამისად, შთანთქმის წესის გამოყენების შედეგად მას სწორედ აღნიშნული სასჯელი უნდა დარჩეს მოსახდელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებულ ა. კ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 9 თვე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე