დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.01.2014
საქმის ნომერი
407აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli №407აგ-13 6 იანვარი, 2014 წელი

კ-ე დ.- 407აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით დ. კ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2.000 ლარი, ხოლო 369–ე მუხლით – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 59–ე მუხლის 11–ლი ნაწილის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, შეკრების წესით, დ. კ-ეს სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2.000 ლარი

იგი სასჯელს იხდის 2012 წლის 1 მარტიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 იანვრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 8 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

მსჯავრდებული დ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით) და სსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

მსჯავრდებული დ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) და სასჯელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2.000 ლარი.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული დ. კ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) დანიშნული სასჯელის _ 9 თვით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან.

მსჯავრდებულ დ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა – 2.000 ლარი –დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული დ. კ-ე გათავისუფლდა პატიმრობიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით განაჩენის სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებს დაემატა შემდეგი წინადადება : ,,დ. კ-ეს განემარტოს უფლება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების შესახებ“.

2013 წლის 20 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. კ-ემ, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და გამართლება. მან აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს „...-ის“ 2013 წლის 7 მარტის ექსპერტიზის №... დასკვნა.

სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილი იყო ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ექსპერტიზის დასკვნა: ექსპერტი მ. ჯ-ე მიუთითებდა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ე. ყ-ის გრაფაში შესრულებულია ქართული ანბანით და იკითხება როგორც „ე“, „ყ“, „ი“, ხოლო ექსპერტმა ნ. ბ-ემ მოცემულ ხელწერაში ამოიკითხა რუსული ასო-ბგერა „К“. აღნიშნული საკითხი არც გამოძიებამ და არც სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლეს. ექსპერტ ნ. ბ-ის დასკვნის საფუძველზე მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი დააპატიმრეს. სასამართლომ მას ბრალი დასდო არარსებულ დანაშაულში, ამასთან, სასამართლოებმა არ მიაქციეს ყურადღება იმ გარემოებას, რომ სსკ–ის 362–ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებისათვის, ხოლო კერძო პირებს შორის დადებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, თუ ის არ არის დამოწმებული ნოტარიული წესით. 2010 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულება კი დ. კ-ესა და ე. ყ-ს შორის ნოტარიული წესით დამოწმებული არ ყოფილა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ დ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

მსჯავრდებული დ. კ-ე საკასაციო საჩივრით აღნიშნავს, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს „...-ის“ მიერ ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის 2013 წლის 7 მარტის დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტ ა. მ-ის აზრით, ხელწერის შედარებითი კვლევისას გამოვლენილია როგორც თანადამთხვევები, ისე განსხვავებული კერძო ნიშნები და ერთის ან მეორის ერთობლიობა არ არის საკმარისი განსაზღვრული სახის (დადებითი, უარყოფითი, სავარაუდო) დასკვნისათვის, აქვს დაბალი საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა. თანადამთხვევითი კერძო ნიშნები დამახასიათებელია პირთა გარკვეული ჯგუფისათვის, ხოლო განსხვავებული ნიშნების არსებობა არ არის გამორიცხული, იყოს იმ პირის ხელმოწერის ჩვეული ვარიაციულობის შედეგი, ვის მიერაცაა შესრულებლი ეს ხელმოწერა.

ექსპერტ ა. მ-ის №... დასკვნის თანახმად, ხელმოწერა ე. ყ-ის სახელით, განლაგებული 2010 წლის 1 დეკემბრის თარიღით შედგენილ სესხის ხელშეკრულებაზე, სიტყვების გასწვრივ „მსესხებელი ე. ყ-ი“, შესრულებულია ქართული ანბანის ასოებითა და უკითხავი შტრიხებით.

დადგენა საკითხისა, ხელმოწერა ე. ყ-ის სახელით, განლაგებული 2010 წლის 1 დეკემბრის თარიღით შედგენილ სესხის ხელშეკრულებაზე, სიტყვების გასწვრივ: „მსესხებელი ე. ყ-ი“ შესრულებულია თუ არა ე. ყ-ის მიერ, შეუძლებელია დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო.

აღნიშნული, დ. კ-ის აზრით, მიუთითებს მის უდანაშაულობაზე.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს „...-ის“ გრაფიკული ექსპერტიზის 2013 წლის 7 მარტის დასკვნა წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რადგან იგი ჩატარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის განაჩენით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ კი ზემოაღნიშნული მტკიცებულება არ გამოიკვლია.

ამდენად, დ. კ-ე ითხოვს საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ზ“ პუნქტების საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსადმი მითითებას შუამდგომლობის დაშვების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადსასინჯ განაჩენს;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს „საქექსპერტიზის“ გრაფიკული ექსპერტიზის 2013 წლის 7 მარტის დასკვნა არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ მტკიცებულებას, რომელიც ისეთ მტკიცებულებათა კვლევას შეეხება, რაც საქმეში ადრე არ მოიპოვებოდა. შესაბამისად, ამგვარი ექსპერტიზის ჩატარება დ. კ-ეს ადრეც შეეძლო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ზ“ პუნქტებთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ გამოვლენილა რაიმე ახალი გარემოება, რაც არსებითად შეცვლიდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა დ. კ-ის მიმართ განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ასევე კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით, 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ დ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს ძალაში.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი