დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.01.2014
საქმის ნომერი
713აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
17.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №713აგ-13 17 იანვარი, 2014 წელი

ჯ-ე ი.-713აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

ი. ჯ-ეს – საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 6000 ლარი ჯარიმა; რ. მ-ს – საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 4500 ლარი. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2011 წლის 14 მარტიდან.

ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად გ. ა-ი და ე. ტ-ი.

აღნიშნული განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის განჩინებით – საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით რ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით, ხოლო ი. ჯ-ეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2011 წლის 6 აპრილიდან.

ამავე განაჩენით ე. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განჩინებით ი. ჯ-ისათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წელი, 8 თვე, 10 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით, 8 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 4 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის განჩინებით რ. მ-ისათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი, 8 თვე, 10 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით, 8 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 4 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ე. ტ-ისათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წელი, 8 თვე, 10 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით, 8 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 4 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 10 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ი. ჯ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ე. ტ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 9 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულებმა – ი. ჯ-ემ და რ. მ-მა შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულთა შუამდგომლობები დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელი და ი. ჯ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელი და რ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელი და ე. ტ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 ივლისის განაჩენი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის, 14 თებერვლისა და 16 თებერვლის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ი. ჯ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და სასჯელის ვადის ათვლას 2011 წლის 14 მარტიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ მსჯავრდებულთათვის საბოლოო სასჯელის შთანთქმის წესით განსაზღვრა შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი. ჯ-ეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 14 მარტიდან - 2011 წლის 4 ოქტომბრამდე.

საქართველოს სსსკ-ის 309-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულებს - რ. მ-სა და ე. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა ჩაეთვალოთ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 14 მარტიდან - 2011 წლის 4 ოქტომბრამდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ:

მსჯავრდებულებს - ი. ჯ-ეს, რ. მ-სა და ე. ტ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოთ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 14 მარტიდან - 2011 წლის 4 ოქტომბრამდე.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე