დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1012აგ-13 14 იანვარი, 2014 წელი
მ-ე გ, 1012აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 მარტის განაჩენით გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 151–ე მუხლით - ჯარიმა 800 ლარი, 368–ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 800 ლარი. გ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 23 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და ¼–ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ¼–ით შეუმცირდა სსკ–ის 150–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ¼–ით შეუმცირდა სსკ–ის 368–ე მუხლით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 23 დეკემბრიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. მ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის განაჩენით გ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას, სსკ–ის 59–ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სსკ–ის 150–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელიდან ნაწილობრივ დაემატა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე სსკ–ის 368–ე მუხლით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან ნაწილობრივ დაემატა 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას განესაზღვრა 13 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 23 დეკემბრიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განაჩენი და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
მოცემულ შემთხვევაში, გ. მ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. მ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი