საზედამხედველო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№708აგ-13 14 თებერვალი, 2014 წელი
ა-ი რ.-708აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მარტის განაჩენით რ. ა-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, ხოლო 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და რ. ა-ს საბოლოოდ განესაზღვრა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 6 იანვრიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენით შეიცვალა: რ. ა-ისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა – 20 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ნაკლებად მკაცრი – სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 6 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა რ. ა-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რ. ა-ისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა – 20 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ნაკლებად მკაცრი – სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 6 იანვრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენის თაობაზე რ. ა-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მიუთითა, რომ მის მიმართ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისისა და 24 ივნისის ორი იდენტური განაჩენი, შესაბამისად, ითხოვა ერთ-ერთი მათგანის გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ რ. ა-ის სისხლის სამართლის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მარტის განაჩენი გასაჩივრდა სააპელაციო წესით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. შესაბამისად, ამ დროისათვის სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება არ იყო დასრულებული, თუმცა აღნიშნულის პარალელურად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით დასაშვებად ცნო, ხოლო 24 ივნისის განაჩენით დააკმაყოფილა რ. ა-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ და საბოლოო სასჯელი ასევე განუსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სამართალწარმოება არ არის დასრულებული, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ახალი წესით დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სასამართლო საქმის (საჩივრის) განხილვისას. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა არ იყო უფლებამოსილი, მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე ემსჯელა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება არ იყო დასრულებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი რ. ა-ის მიმართ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი რ. ა-ის მიმართ.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ.მეიშვილი
გ. შავლიაშვილი