დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.02.2014
საქმის ნომერი
831აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№831აგ-13 14 თებერვალი, 2014 წელი

ნ-ი გ.- 831აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 19 ნოემბრის განაჩენით გ. ნ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) – 5 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 125-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 2 თვით ტუსაღობა;

სსკ-ის 151-ე მუხლით - 3 თვით ტუსაღობა;

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა“, ,,ზ“ და ,,ო“ ქვეპუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 109-ე მუხლის ,,დ“, ,,ვ“, ,,ი“, ,,ლ“ და ,,ო“ ქვეპუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, გ. ნ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

გ. ნ-ი სასჯელს იხდის 2001 წლის 12 მარტიდან.

ამავე განაჩენით მსჯავრი დაედო გ. ჯ-ს.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 6 თებერვლის განჩინებით დარჩა უცვლელად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის თანახმად, ცვლილება შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 19 ნოემბრის განაჩენში, კერძოდ:

გ. ნ-ს გაუნახევრდა სსკ-ის 125-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 თვით ტუსაღობა, ასევე - 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ გ. ნ-ს სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ნ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 19 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა გ. ნ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 19 ნოემბრის განაჩენი და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ნ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, მის მიმართ დანიშნული სასჯელის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა (სასჯელის შემცირება).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ გ. ნ-ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 19 ნოემბრის განაჩენით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. მოცემულ შემთხვევაში გ. ნ-ისათვის საბოლოო სასჯელის დანიშვნა სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით შესაბამისობაშია სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენი გ. ნ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი