დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.02.2014
საქმის ნომერი
1369აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1369აგ-13 10 თებერვალი, 2014 წელი

კ-ი დ, 1369აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სამგორის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის (ძველი რედაქცია) 152–ე მუხლის პირველი ნაწილით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 112–ე მუხლის მეორე ნაწილით - გამასწორებელი სამუშაოები 1 წლით. საქართველოს სსკ–ის მე–40 მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 105–ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150–ე მუხლის მე–2 ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაემატა სამგორის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი, 3 თვე და 15 დღე და საბოლოოდ დ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 21 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 14 ნოემბრიდან.

აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დ. კ-ს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ–ის 150–ე მუხლის მეორე ნაწილით (2000 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა; სსკ–ის 105–ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 1 წლით და აღნიშნული მუხლით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 379–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა 1 წლით და აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 42–ე მუხლით (2000 წლამდე მოქმედი რედაქცია) დ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის სამგორის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი, 3 თვე და 15 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ, მას ერთი მეოთხედით შეუმცირდა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სსკ–ის 105–ე მუხლით დანიშნული (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელი და მიესაჯა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 379–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი და მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 152–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და მიესაჯა 4 წლით, 8 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, ერთი მეოთხედით შეუმცირდა 112–ე მუხლის მეორე ნაწილით გამასწორებელი სამუშაოს სახით დანიშნული სასჯელი, რაც შთანთქმულია უფრო მკაცრი - სსკ–ის 152–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელით. საბოლოოდ დ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით, 2 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. კ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ დ. კ-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სსკ–ის 105–ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა ამავე განჩინებით სსკ–ის 379–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 3 წელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით დანიშნულ სასჯელს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატა თბილისის სამგორის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (ამნისტიის გათვალისწინებით) - 4 წელი, 8 თვე და 18 დღე და საბოლოოდ დ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით, 8 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 14 ნოემბრიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული დ. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, დ. კ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. კ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი