კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#181-14 26 მარტი, 2014 წელი
ლ-ე ზ.- 181-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან _ გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ქ. პ-ის
ადვოკატ _ მ. ნ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ლ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით ზ. ლ-ე, ნასამართლობის არმქონე, ძებნილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 25, 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ლ-ეს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
იმავე განაჩენით ფ. ფ-ე, ნასამართლობის არმქონე, ძებნილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ფ. ფ-ეს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ზ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 364–ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ–ის 59 მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი და საბოლოოდ ზ. ლ-ეს სასჯელად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულების - ზ. ლ-ისა და ფ. ფ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განჩინებით მსჯავრდებულების - ზ. ლ-ისა და ფ. ფ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 16 იანვარს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ზ. ლ-ისა და ფ. ფ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ზ. ლ-ეს ¼-ით შეუმცირდა: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 25, 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 364–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ლ-ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ლ-ეს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის #171 განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ზ. ლ-ე გათავისუფლდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან;
მასვე იმავე კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით სსკ-ის 25, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ლ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ლ-ეს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე ზ. ლ-ეს გაუნახევრდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 25, 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე ფ. ფ-ეს გაუნახევრდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ლ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-ემ საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორებმა საჩივრით ითხოვეს სასჯელის ვადის ზუსტად ათვლა და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლში აღნიშნულია: ,,დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს“.
მართალია, საკასაციო პალატა იზიარებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულთა მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნავს, რომ ზ. ლ-ეს უნდა ამოერიცხოს მითითება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 25, 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის განახევრების თაობაზე, რადგან ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ზ. ლ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 და 25, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილების საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრულ სასჯელზე იმავე სასამართლომ 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებით უკვე იმსჯელა მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის კანონის გავრცელების შესახებ, რომელშიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განჩინებით შევიდა ცვლილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ განჩინებაში ზ. ლ-ის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენების თაობაზე მსჯელობა უსაფუძვლოა.
განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის ფ. ფ-ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 7 წლის - განახევრებისა და სასჯელად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მითითება ზ. ლ-ისათვის „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 25, 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის განახევრების თაობაზე ამოირიცხოს.
განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის ფ. ფ-ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 7 წლის - განახევრებისა და სასჯელად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
ფ. ფ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი