დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1047აგ-13 5 მარტი, 2014 წელი
წ-ე ლ.- 1047აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. წ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ლ. წ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 153–ე მუხლის მე–2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განაჩენით ლ. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
სსკ–ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით;
სსკ–ის 180–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 5 წლით;
სსკ–ის 362–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილების საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და ლ. წ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის მე–60 მუხლის 1-ლი და მე–4 ნაწილების გამოყენებით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
ლ. წ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 10 აგვისტოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ივნისის განაჩენით ლ. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
სსკ–ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5.000 ლარი.
სსკ–ის 362–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 6 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. წ-ეს სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5.000 ლარი.
მსჯავრდებულ ლ. წ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2009 წლის 23 ოქტომბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. წ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. წ-ის ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. წ-ეს ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 180–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 362–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი (2002 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის გათვალისწინებით) – რეალურად მოსახდელი 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2 წელი და 6 თვე - პირობითი მსჯავრი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წელი და 8 თვე - პირობითი მსჯავრი, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
ლ. წ-ეს ერთი მესამედით შეუმცირდა სსკ–ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 362–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 10 წელი და განესაზღვრა 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განაჩენით (ამნისტიის გათვალისწინებით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 8 თვე და საბოლოოდ ლ. წ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2009 წლის 23 ოქტომბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ ლ. წ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ლ. წ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ლ. წ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ნაწილობრივი და მთლიანი შეკრების პრინციპით დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენი ლ. წ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი