დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.03.2014
საქმის ნომერი
1053აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
07.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1053აგ-13 7 მარტი, 2014 წელი

ხ-ა რ.- 1053აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრის განაჩენით რ. ხ-ა ნასამართლევი (თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 13 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რისთვისაც მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 20 ივნისის დადგენილებით რ. ხ-ა სასჯელისგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე 7 თვით ადრე), – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. მას სსკ-ის 177-ე მუხლით სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 20 ივნისის დადგენილებით 7 თვით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 თვე და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2005 წლის 13 ივლისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განაჩენით რ. ხ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

რ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. მას სსკ-ის 177-ე მუხლის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 20 ივნისის დადგენილებით 7 თვით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 თვე და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2005 წლის 13 ივლისიდან.

პალატა უფლებამოსილი არ იყო, ემსჯელა 187-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, რადგან 1-ლი ინსტანციის სასამართლოს ამ მუხლის სასჯელის ზომაზე არ უმსჯელია.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განაჩენით რ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) – 9 წლით, ხოლო 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე რ. ხ-ას სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 9 თებერვლიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 თებერვლის დადგენილებით რ. ხ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 აგვისტოს დადგენილებით განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ, რ. ხ-ას მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა 2006 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 5 თვე, 3 დღე და მას საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით, 8 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 9 თებერვლიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ხ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული რ. ხ-ა გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 20 ივნისის დადგენილებით პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, რომელიც დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 3 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდა მსჯავრდებულის მიერ მოხდილი 1 წელი, 6 თვე, 27 დღე და ამ მუხლით საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 2 წლითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა; 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 9 თვით, ხოლო 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და რ. ხ-ას მოსახდელად განესაზღვრა 11 წლით, 2 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რ. ხ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 9 თებერვლიდან.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ. ხ-ამ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის განაჩენით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

რ. ხ-ას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 2 წელსა და 18 დღეს - დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 5 წელი, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განაჩენით სსკ–ის 261–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან - 2 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ რ. ხ-ას სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2007 წლის 9 თებერვლიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 აგვისტოს დადგენილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე რ. ხ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა სასჯელის შემსუბუქების მიზნით და ათვლის თარიღად 2005 წლის 13 ივლისის განსაზღვრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილებით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელები კანონიერად შეიკრიბა სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, რადგან მსჯავრდებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაული (რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით) ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრის განაჩენის გამოტანამდე - 2006 წლის 16 აპრილს.

ამასთან, პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას ათვლის თარიღად 2005 წლის 13 ივლისის განსაზღვრის თაობაზე, რადგან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მას ათვლის თარიღად კანონიერად განუსაზღვრა 2007 წლის 9 თებერვალი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ რ. ხ-ას მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განაჩენი რ. ხ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი