დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№22აგ-14 1 აპრილი, 2014 წელი
კ-ე დ, 22აგ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით დ. კ-ე ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 41-42-ე მუხლებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2 000 ლარი; სსკ-ის 369–ე მუხლით – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 59–ე მუხლის 11–ლი ნაწილის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, შეკრების წესით, დ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2 000 ლარი. იგი სასჯელს იხდის 2012 წლის 1 მარტიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 8 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
მსჯავრდებული დ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით) და სსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მსჯავრდებული დ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) და სასჯელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2 000 ლარი.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული დ. კ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) დანიშნული სასჯელის _ 9 თვით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან. მსჯავრდებულ დ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა – 2 000 ლარი დარჩა უცვლელად. მსჯავრდებული დ. კ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 იანვარს მსჯავრდებულ დ. კ-ს მიმართ გამოტანილ განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განაჩენის სამოტივაციო ნაწილს ბოლო აბზაცად და სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი წინადადება: „დ. კ-ს განემარტოს უფლება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების შესახებ“.
2014 წლის 3 თებერვალს მსჯავრდებულმა დ. კ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით საქმის გადასინჯვის საფუძველია, თუ „წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო“
იგი შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის ახლად გამოვლენილი გარემოებაა შემდეგი: პირველი, სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოებისათვის არ იყო ცნობილი ის გარემოება - ფაქტი, რომ არსებობდა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, „საჯარო ინფორმაცია – ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მომსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია“, ხოლო ამავე კოდექსის მე–2 მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის პირველ ნაწილში მოცემულ ტერმინებს სხვა სამართლებრივი აქტით არ შეიძლება მიეცეს სხვა მნიშვნელობა“.
დ. კ-ე ახლად გამოვლენილი გარემოებად ასევე მიიჩნევს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებას (საქმე №) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განჩინებას (საქმე №). მოცემული გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილ ე. ყ-ს მის (დ. კ-ს) სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 1 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 1700 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 41 აშშ დოლარის გადახდა. მოცემული დოკუმენტები წერილობითი მტკიცებულებებია, რომლებიც გამოვლინდა საქმის განხილვის შემდეგ და იგი მიჩნეულ უნდა იქნეს ახლად გამოვლენილ მტკიცებულებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი დ. კ-ე ითხოვდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მისი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულმა დ. კ-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას, შუამდგომლობაში, საჩივარში მითითებული გარემოებების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს.
პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ დ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ დ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი