შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 17.06.2014
საქმის ნომერი
2კ-218აპ.-13
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.06.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №218აპ-13. ქ. თბილისი

წ-ა ი., 218აპ-13 17 ივნისი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ზ. ს-ის

ადვოკატ – თ. მ-ის

მსჯავრდებულ _ ი. წ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. წ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ი. წ-ა, _ ნასამართლობის არმქონე, _ გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და ი. წ-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ი. წ-ას ბრალი ედებოდა იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ყაჩაღობა, რაც გამოიხატებოდა შემდეგში:

2012 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 01.00 საათზე, პისტოლეტით შეიარაღებული ი. წ-ა ყაჩაღურად თავის დაესხა თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქ. №---ში მდებარე გ. გ-ას კუთვნილ სადღეღამისო თამბაქოს მაღაზიის გამყიდველ მ. ა-ს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლა 60-70 ლარამდე ფულად თანხას.

2012 წლის 25 ნოემბერს ი. წ-ა მეტროს სადგურ „სამგორთან“, მეტრომშენის ხიდების მიმდებარე ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა რ. ა-ის კუთვნილ „დოჯ ქარავანის“ მოდელის ავტომანქანას და მასში არსებულ ნივთებს. მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ი. წ-ამ შეინახა სახლში, ხოლო ნაწილი – ავტოფარეხში, საიდანაც ეს ნივთები ამოიღეს გამოძიების პროცესში. აღნიშნული ქმედებით ი. წ-ამ დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. ს-მა. მან ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ი. წ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ი. წ-ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2012 წლის 11 დეკემბრიდან 2013 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ი. წ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ განაჩენი ი. წ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის ნაწილში უკანონოა, რის გამოც უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, დაზარალებულად ცნობილმა კ. მ-მა ამოიცნო ი. წ-ას ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების ნაწილი, მაგრამ ეს არ ადასტურებს, რომ აღნიშნული ნივთები სწორედ ი. წ-ამ მოიპარა; დაუშვებელ მტკიცებულებებად უნდა იქნეს ცნობილი 2013 წლის 25 იანვრით დათარიღებული საგნის ამოცნობის ოქმები, რადგან ამოცნობები ჩატარდა საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით; 2012 წლის 26 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და 2012 წლის 12 დეკემბრის ავტომანქანა „დოჯ ქარავანის“ დათვალიერების ოქმებით, ასევე – ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებით არ დასტურდება ი. წ-ას შემხებლობა ქურდობასთან, ყველა ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასიკეთოდ, ხოლო განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და არა – ვარაუდს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი თ. მ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებას და ი. წ-ას გამართლებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ. ს-ი შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ ი. წ-ას ადვოკატის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. წ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულმა კ. მ-მა აჩვენა, რომ რ. ა-ი იყო მისი მამა, რომელიც ვაჭრობდა მშრალ ხიდზე. 2012 წლის 25 ნოემბერს მამამისი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მეორე დღეს რ. ა-ი გარდაცვლილი იპოვეს. მოწმის განმარტებით, ი. წ-ას ბინასა და ავტოფარეხში ნაპოვნი ნივთები ამოცნობის ჩატარების დროს ამოიცნო. მანვე აღნიშნა, რომ მას ყველა იმ ნივთის ამოცნობა და ჩამოთვლა შეუძლია, რომლითაც მამამისი ვაჭრობდა. კ. მ-მა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ამოცნობილი ნივთები მისი მამის იყო. აკორდეონი და ორი ვაზა სწორედ იმიტომ ამოიცნო, რომ მამის მანქანაში მრავალჯერ ჰქონდა ნანახი.

2012 წლის 11 დეკემბრით დათარიღებული ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის №---ში მდებარე, ი. წ-ას კუთვნილ №5 ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას სხვა ნივთებთან ერთად ამოიღეს ბროლის ერთი ნავისებური ფორმის გამჭვირვალე ვაზა და ბროლის ერთი ე.წ. ,,საყვავილე“ ვაზა.

2012 წლის 11 დეკემბრით დათარიღებული ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის №-- კორპუსის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ი. წ-ას ავტოფარეხში ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც სხვა ნივთებთან ერთად ამოიღეს ავტომანქანის რადიატორი, კომუტატორი, ზეთის აღმნიშვნელი შკალა და აკორდეონი.

2013 წლის 25 იანვრის საგნების ამოცნობის ოქმებით (სამი ოქმი) დასტურდება, რომ რ. ა-ის შვილმა - კ. მ-მა ამოიცნო ი. წ-ას ავტოფარეხსა და საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული აკორდეონი და ორი ვაზა.

სატრანსპორტო ტრასოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის №2016/სტ №1407/ტრ დასკვნის თანახმად, ავტომობილ ,,დოჯ ქარავანს“, სახელმწიფო ნომრით ---, არ გააჩნდა ეკრანი, რადიატორი, კომუტატორი, ძრავის სექციის მაკომპლექტებელი დეტალები, აკუმულატორი, შუა და უკანა სავარძლები და უკანა საქარე მინის საწმენდი. აღნიშნული დასკვნის სისწორე სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა დ. ლ-ემ და განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რადიატორი და კომუტატორი შესაძლებელია წარმოადგენდეს როგორც ავტომობილ ,,დოჯ ქარავანის“, სახელმწიფო ნომრით ---, ისე ანალოგიური მარკისა და მოდელის მანქანის შემადგენელ ნაწილს.

სასაქონლო ექსპერტიზის №279/ს დასკვნის თანახმად, რომლის სისწორეც სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა - ზ. შ-ემ და მ. ბ-მა, დაუფლებული ნივთების ღირებულება სცდება 150 ლარს და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანს წარმოადგენს.

მოწმე პ. წ-ას ჩვენებით, მისთვის უცნობია იმ პერიოდში ,,დოჯის“ ფირმის ავტომანქანა იყო თუ არა გაჩერებული მის ავტოფარეხში. მისივე განმარტებით, მისთვის ასევე უცნობია, ვის ეკუთვნის ავტოფარეხში აღმოჩენილი რადიატორი და კომუტატორი. ასევე არ იცის, საიდან აღმოჩნდა ავტოფარეხში აღნიშნული ნაწილები. პ. წ-ას ჩვენებით ასევე დგინდება, რომ მათ სახლში აკორდეონი არასოდეს ჰქონიათ და არც ბროლის ვაზების წარმომავლობა იცის.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული ამოცნობის ოქმები, ვინაიდან პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამრთლოს მოტივაციას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების - ამოცნობების კანონიერებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების დროს სრულად იქნა დაცული საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნები.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე დაცვის არგუმენტს ი. წ-ას უდანაშაულობის კონტექსტში, რომელიც ეფუძნება მ. კ-ის ჩვენებას. კერძოდ: მოწმე მ. კ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ რ. ა-მა 2012 წლის 25 დეკემბერს, საღამოს, აკორდეონი ყუთიდან ამოიღო და გადასცა მეგობარს. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ კ. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მამამისს - რ. ა-ს გასაყიდად ჰქონდა სამი აკორდეონი, რომელთაგან ერთ-ერთი ამოიცნო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ სამიდან ერთი აკორდეონი რ. ა-მა გაასხვისა, არ გამორიცხავს ი. წ-ას ბრალეულობას.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს იმ ნაწილშიც, რომ შესაძლოა, აღმოჩენილი ნივთები ვინმემ შესანახად გადასცა, ან აჩუქა ი. წ-ას, ვინაიდან ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის №2016/სტ №1407/ტრ დასკვნის თანახმად, ავტომობილ ,,დოჯ ქარავანს“, სახელმწიფო ნომრით ----, სხვა ნაწლებთან ერთად აკლია სწორედ ის ნაწილებიც, რომლებიც ი. წ-ას ავტოფარეხიდან იქნა ამოღებული და რომლებიც, ამავე დასკვნის თანახმად, ავტომობილ ,,დოჯ ქარავანს“ მიეკუთვნება. რაც შეეხება აკორდეონსა და ბროლის ვაზებს, პალატა მიუთითებს, რომ გარდა იმისა, რომ აღნიშნული ნივთები ამოიცნო დაზარალებულმა, რომლის ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, პალატა ყურადღებას ამახვილებს ი. წ-ას მამის - მოწმე პ. წ-ას ჩვენებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ აკორდეონი არასდროს ჰქონიათ სახლში. არც ის იცის, საიდან აღმოჩნდა კომუტატორი და რადიტორი მის ავტოფარეხში და არც ვაზები ეცნობა, უფრო კონკრეტულად კი აღნიშნა, რომ არ იცის წარმოდგენილი ვაზები მისი ოჯახის საკუთრებაა თუ არა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი. წ-ას მიერ რ. ა-ის კუთვნილი ნივთების - 2 ბროლის ვაზის, აკორდეონისა და ავტომანქანა ,,დოჯ ქარავანის“, სახელმწიფო ნომრით ---, ნაწილების უკანონოდ დაუფლების ფაქტი.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ი. წ-ა მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ. ა-ის კუთვნილ ავტომანქანა ,,დოჯ ქარავანსაც“, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. ამ ნაწილში განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდს, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საპროცესო კანონის ხსენებული მოთხოვებიდან გამომდინარე, ამ ნაწილში დაცვის მხარის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ბრალდების ამ ნაწილში (ავტომანქანის დაუფლების ფაქტი) მსჯავრდებული უნდა გამართლდეს. თუმცა, აღნიშნული გარემოება გავლენას არ ახდენს ი. წ-ას ქმედების კვალიფიკაციაზე, ვინაიდან ქურდობა, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ გულისხმობს არა მხოლოდ უშუალოდ სატრანსპორტო საშუალების დაუფლებას, არამედ - მისი შემადგენელი ნაწილებისაც. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მოცულობის შემცირების გამო, მსჯავრდებულ ი. წ-ას უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. წ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

ი. წ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 3 000 ლარი.

მსჯავრდებულ ი. წ-ას სასჯელის მოხდა აეთვალოს 2014 წლის 4 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2012 წლის 11 დეკემბრიდან 2013 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე