შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 13.06.2014
საქმის ნომერი
2კ-103აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.06.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №103აპ-14 ქ. თბილისი

პ-ი ნ, 103აპ-14 13 ივნისი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. პ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ნ. პ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. პ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 31 ივლისიდან.

განაჩენის მიხედვით, ნ. პ-ა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის; ასევე ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2013 წლის 31 ივლისს, ღამის საათებში, თ-ს რაიონის სოფელ წ-ი მდებარე კ. ჯ-ს კუთვნილი ქვის საამქროდან ქურდობისათვის ნასამართლევმა ნ. პ-ა სცადა დაახლოებით 30 მეტრი, 116,75 ლარად ღირებული ალუმინის ელექტროსადენის ქურდობა.

2013 წლის 31 ივლისს, ღამის საათებში, თ-ს რაიონის სოფელ წ-ი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ნ. პ-ი ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რომელიც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ნ. პ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება ნ. პ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. მსჯავრდებულ ნ. პ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დასტურდება საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ს. მ-ს, ე. ა-ს, მ. გ-ს, დ. კ-ს ჩვენებებით, დაკავების, პირადი ჩხრეკისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, სასაქონლო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. პ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. პ-ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულმა ნ. პ-ა საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2013 წლის 31 ივლისს, რა დროსაც ამ დანაშაულის 1-ლი ნაწილის შემადგენლობისათვის საკმარისი იყო ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას გვაძლევდა პირის წარსულში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობა. მოცემულ შემთხვევაში ნ. პ-ი ნასამართლევი იყო მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და, შესაბამისად, მისმა ქმედებამ მოგვცა მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების დანაშაულის შემადგენლობა.

2013 წლის 11 დეკემბრის კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 8 იანვარს, შეიცვალა საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დისპოზიციის ნაწილი იმ მიმართებით, რომ ამ დანაშულის შემადგენლობას გვაძლევს მხოლოდ განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი ცივი იარაღის ტარებისათვის, რა დროსაც მნიშვნელობა არა აქვს არც წარსულში ნასამართლობას და არც ასაკს. რაც შეეხება ამ დისპოზიციის მე-2 ნაწილს - ,,ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებას“, იგი დარჩა უცვლელად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობა მოგვცა პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენამ არაერთგზის ან განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი კანონის თანახმად, ვინაიდან მსჯავრდებული ნ. პ-ი არ არის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი ცივი იარაღის ტარებისათვის, ესე იგი მის ქმედებაში არ არის სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, წარსულში მისი ნასამართლობა მძიმე დანაშაულისათვის ვერ მოგვცემს საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც მსჯავრდებული უნდა გამართლდეს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძვ.რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

მსჯავრდებულ ნ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2013 წლის 31 ივლისიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. პ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებული ნ. პ-ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

მსჯავრდებულ ნ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2013 წლის 31 ივლისიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი