შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 21.07.2014
საქმის ნომერი
2კ-46აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.07.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №46აპ-14. ქ. თბილისი

კ-ი ი., 46აპ–14 21 ივლისი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ა. წ-ას

ადვოკატ – ზ. ბ-ის

მსჯავრდებულ _ ი. კ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ხ. ბ-ასა და დ. ი-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ი. კ-ი, _ ნასამართლევი, _ გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 9 აპრილიდან. ი. კ-ს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი და 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

განაჩენით ი. კ-ს მსჯავრი დაედო ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა ი. კ-მა ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რაც დაუდგინდა 2013 წლის 9 აპრილს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. კ-ის ადვოკატმა დ. ს-ემ და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა. წ-ამ.

ადვოკატმა დ. ს-ემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის ზომად 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

პროკურორმა ა. წ-ამ ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, ი. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის განაჩენით ადვოკატ დ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო პროკურორ ა. წ-ას საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა: ი. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, ხოლო 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ი. კ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 9 აპრილიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ი. კ-მა და ადვოკატებმა – ხ. ბ-ამ და დ. ი-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორები აღნიშნავენ, რომ განაჩენი აშკარად უკანონოა, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ საქმის განხილვის დროს დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-3, მე-13, 74-ე, 76-ე, 82-ე, 259-ე და 269-ე მუხლების მოთხოვნები; 2013 წლის 9 აპრილს ი. კ-ს, მ. ვ-ეს, ი. თ-ესა და ზ. ჯ-ეს ქობულეთის შს სამმართველოს მუშაკებმა ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რომლის შედეგად მათ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდათ; ასევე გაჩხრიკეს მ. ვ-ის კუთვნილი ავტომანქანა „მიცუბიში პაჯერო“, რომლის შედეგად მანქანის სათავსში, ე.წ. „ბარდაჩოკში“ აღმოაჩინეს და ამოიღეს 20 მლ მოცულობის ერთჯერადი მოხმარების შპრიცი მასში მოთავსებული 0,061 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინით“. რამდენიმე საათში ზემოხსენებულ პირებს (მათ შორის – ი. კ-საც) ჩაუტარდათ ნარკოლიგიური ექსპერტიზა და დაუდგინდათ ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ მოხმარება. ჩხრეკების დროს ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ი. კ-მა გააკეთა ზეპირი განცხადება, რომ თითქოს აღმოჩენილი ნარკოტიკი მისი კუთვნილება იყო. მხოლოდ ეს განცხადება გახდა საფუძველი ი. კ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით პასუხისგებაში მისაცემად.

კასატორთა განცხადებით, მოწმეების – ი. თ-ისა და მ. ვ-ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით კატეგორიულად გამოირიცხება ი. კ-ის მიერ ნარკოტიკის მანქანაში შენახვა, ხოლო თავად ი. კ-ის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვისას არ დაადასტურა, მტკიცებულებას არ წარმოადგენს; გარდა ამისა, პოლიციელები: გ. ლ-ე, გ. გ-ე და დ. გ-ე ადასტურებენ, რომ ი. კ-ის ჩხრეკის დროს ნარკოტიკი არ ამოუღიათ. მ. ვ-ის ჩვენებით, იმის გამო, რომ მანქანის საბურავი დაეშვა, თვითონ და მასთან ერთად მყოფი პირები – ი. თ-ე და ზ. ჯ-ე წავიდნენ ახლოს მდებარე დასახლებაში დახმარების სათხოვნელად, ხოლო მანქანის კარი ღია დატოვეს, რადგან არ იკეტებოდა, ი. კ-ი კი მხოლოდ მას მერე შეუერთდათ მათ, როდესაც საბურავის შეკეთებას ცდილობდნენ; გამოძიება არ დაინტერესდა, ნამდვილად იკეტებოდა თუ არა მანქანის კარი და ვის ეკუთვნოდა ხელთათმანი, რომელშიც ნარკოტიკი აღმოჩნდა.

გარდა აღნიშნულისა, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი არ არის ის საპროცესო დოკუმენტი, რომელშიც უნდა ჩაიწეროს გაჩხრეკილი პირის ჩვენება; ი. კ-ი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას, სრულყოფილად გასცნობოდა ამ ოქმს. სააპელაციო სასამართლომ მიკერძოებული და არაობიექტური განაჩენი დაადგინა ერთმანეთთან შეუთანხმებელ მტკიცებულებებზე და არა – გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 იანვრის განაჩენის გაუქმებას ი. კ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის ნაწილში და მის გამართლებას.

2014 წლის 14 ივლისს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ. კ-მა, საქართველოს სსკ-ის 209–211–ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით, შეადგინა წერილობითი შეთანხმება ბრალზე გარიგების თაობაზე მასა და მსჯავრდებულ ი. კ-ს შორის.

პროკურატურამ, მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის დაწესებული სასჯელის სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ი. კ-მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, 2014 წლის 13 ივლისს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. კ-ს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ დ. კ-სა და მსჯავრდებულ ი. კ-ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების: მ. გ-ის, გ. გ-ის, გ. ლ-ის, დ. გ-ის, ა. ჯ-ისა და ი. შ-ის ჩვენებებით, ექსპერტიზის №ქ/100 და №902657 დასკვნებით, ი. კ-ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მ. ვ-ის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით ი. კ-ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.

საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ი. კ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება.

პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ი. კ-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორმა სწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები გააკეთა ბრალზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. სასამართლო ასევე იზიარებს პროკურორის არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები - აღიარა და მოინანია დანაშაული და თანხმობა განაცხადა ბრალზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ.

ამდენად, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. კ-ის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ი. კ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ დ. კ-სა და მსჯავრდებულ ი. კ-ს შორის.

ი. კ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯოს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 10 000 ლარი.

ი. კ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას სსკ-ის 273-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ ი. კ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 10 000 ლარი.

ი. კ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და და ტარების უფლებები.

ი. კ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2013 წლის 9 აპრილიდან.

ნივთმტკიცება - ერთჯერადი გამოყენების შპრიცი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სითხით - განადგურდეს

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე