დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №10აგ-14 21 ივლისი, 2014 წელი
ნ-ი ზ., 10აგ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ზ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის მე-17,104-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით – 17 წლით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) – 2-2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით (2 ეპიზოდი) – 3-3 წლით, მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-9 პუნქტებით – 20 წლით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით, 135-ე მუხლითა და 214-ე მუხლით – 1-1 წლით, 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით, 104-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-9 პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 136-ე მუხლით – 1 წლით გამასწორებელი სამუშაოები; სასჯელთა შთანთქმის პრინციპით ზ. ნ-ს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1999 წლის 8 აპრილიდან.
აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 1 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედმხედველო პალატის 2001 წლის 17 იანვრის დადგენილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 1 მარტის განჩინება შეიცვალა: ზ. ნ-ის ქმედება საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის მე-17,104-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის „ა“, „კ“ პუნქტებზე და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-9 პუნქტები გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის „ა“, „კ“, „ო“ პუნქტებზე და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; ზ. ნ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-9 პუნქტებით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. ნ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 214-ე მუხლით დანიშნული სასჯელები; საბოლოო სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ზ. ნ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 პუნქტებითა და მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-9 პუნქტებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 29 ოქტომბრის განკარგულებით ზ. ნ-ი შეწყალებულ იქნა, ხოლო საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლების თარიღად მიეთითა 2021 წლის 29 ოქტომბერი.
2013 წლის 25 დეკემბერს მსჯავრდებულ ზ. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის განჩინებით ადვოკატ გ. ნ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულ ზ. ნ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის ხელახლა გადასინჯვას შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ზ. ნ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 8 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 29 ოქტომბრის განკარგულებით მას განესაზღვრა 22 წლით, 6 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით; ვინაიდან მსჯავრდებულ ზ. ნ-ს დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, დანიშნული სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს მსჯავრდებულისათვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის პერიოდში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ზღვარს – 20 წელს. სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს იმაზეც, ჰქონდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს უფლება, თავისი განკარგულებით იმპერატიული წესით მსჯავრდებულ ზ. ნ-ის განთავისუფლების დღედ დაედგინა 2021 წლის 29 ოქტომბერი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, აგრეთვე იმის გამო, რომ, კასატორის აზრით, აღნიშნული საქმე თავისი არსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას და მის გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ადვოკატი გ. ნ-ი ითხოვს განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა მსჯავრდებული ზ. ნ-ი, არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას.
ამასთანავე, უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. ნ-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს პრეზიდენტის განკარგულების შინაარსიდან, კერძოდ: პრეზიდენტის განკარგულებით ზ. ნ-ს არ შეცვლია სასჯელის სახე და ზომა; პრეზიდენტმა გამოხატა ნება ზ. ნ-ის ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ იმსჯელოს, ჰქონდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს უფლება, თავისი განკარგულებით იმპერატიული წესით მსჯავრდებულ ზ. ნ-ის განთავისუფლების დღედ დაედგინა 2021 წლის 29 ოქტომბერი - საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში იგი კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს აღნიშნულის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ზ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე