დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.10.2014
საქმის ნომერი
52აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.10.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №52აგ-14 28 ოქტომბერი, 2014 წელი

ბ-ი ბ., 52აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ბ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 100000 ლარი. ბ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 ივლისიდან.

2014 წლის 11 აპრილს მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის, მისი გაუქმებისა და გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ იმ მოტივით, რომ 2014 წლის 11 მარტის გაზეთ „---–ში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „რა კავშირშია ხმაურიანი საქმე – წყნეთის გზატკეცილი №39 – ნაცვლიშვილი-ჩხატარაშვილის „ფულის გასესხების“ ბიუროსთან?!“ მითითებული ფაქტები და მტკიცებულებები ახლად გამოვლენილი გარემოებებია და ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, რომელიც ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის გამო იძულებული გახდა, დასთანხმებოდა ბრალდების მხარის მიერ შეთავაზებულ პირობებს და ხელი მოეწერა საპროცესო შეთანხმებისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის განჩინებით ადვოკატ ლ. კ-ას შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული ბ. ბ-ი და ადვოკატი ლ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შემდეგი მოტივებით: სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად არ შეაფასა საქმის მასალები; არ იმსჯელა შუამდგომლობაში წარმოდგენილ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც გამორიცხავდა ბ. ბ-ის ბრალეულობას და ამტკიცებდა მის უდანაშაულობას, კერძოდ იმაზე, რომ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას დ. კ-ე საქართველოში იმყოფებოდა, რასაც ადასტურებს სატელეფონო ზარების ამონაწერი, ასევე – ამხანაგობა „წყნეთის გზატკეცილი–39-ის“ წევრთა კრების ოქმი და 2007 წლის ოქტომბერში დ. კ-ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მოიპოვა და გამოაქვეყნა გაზეთმა „---მა“ სტატიაში „რა კავშირშია ხმაურიანი საქმე – წყნეთის გზატკეცილი №39 – ნაცვლიშვილი-ჩხატარაშვილის „ფულის გასესხების“ ბიუროსთან?!“. აღნიშნულ დოკუმენტს უნდა მიენიჭოს მტკიცებულების ძალა, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა. კასატორთა აზრით, ზემოჩამოთვლილი ახლად გამოვლენილი გარემოებებია, რომლებიც ამტკიცებს ბ. ბ-ის უდანაშაულობას და წარმოადგენს განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენი გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ბ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ბ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე