შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№456აპ-14 30 დეკემბერი, 2014 წელი
გ-ი თ.- 456აპ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ – ნ. კ-ას
ადვოკატ – ზ. მ-ის
მსჯავრდებულ – თ. გ-ის
მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენით თ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 111,1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ოდენობით.
2. განაჩენის მიხედვით, თ. გ-ს ბრალი ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 2 ივნისს ქალაქ გორში თ. გ-მა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ნ. გ-ს, რის შედეგადაც ნ. გ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა, კერძოდ:
თ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 111,1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების დღიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. გ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. მ-მა.
კასატორები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლას სასჯელის ნაწილში, კერძოდ: თავისუფლების აღკვეთის შეცვლას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რომელიც მსჯავრდებულს სრულად აქვს მოხდილი, ხოლო თუ სასამართლო დანიშნულ სასჯელს მიიჩნევს მეტისმეტად ლმობიერად, ალტერნატივის სახით ითხოვენ დამატებით სასჯელად ჯარიმის შეფარდებას მინიმალური ოდენობით. კასატორები ასევე უთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, საჩივარი განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და მსჯავრდებულისათვის დაემძიმებინა სასჯელი. ამასთან, მსჯავრდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
5. პროკურორმა შესაგებლით ითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ხოლო განხილვის შემთხვევაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის დასაბუთება:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი და შესაგებელი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1.1. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არსებული მტკიცებულებები მათი ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამართლებრივად სწორად შეაფასა. მსჯავრდებულ თ. გ-ლის მიერ საქართველოს სსკ–ის 111,1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მოწმეების - გ. ტ-ის, ს. ზ-ის, ვ. გ-ის, გ. გ-ის, რ. ს-ის, ნ. ქ-ის ჩვენებებით, თ. გ-ის აღიარებითი ჩვენებითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამასთან, თ. გ-ის ბრალეულობა სადავო არ არის საკასაციო საჩივარშიც.
1.2. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორების მითითებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, ზეპირი მოსმენის გარეშე მსჯავრდებულისათვის დაემძიმებინა სასჯელი.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნული სასჯელი ზეპირი მოსმენის გარეშე შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო უფლებამოსილია ორ დამოუკიდებელ შემთხვევაში, როდესაც წარმოდგენილია: 1. მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეზე და 2. საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე, ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელოს საჩივარზე. ეს ორი დანაწესი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ერთ-ერთის არსებობაც უკვე საკმარისია სასამართლოსათვის, რომ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან პროკურორის საჩივარი ეხებოდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის საქმეს - თ. გ-ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის - სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, სააპელაციო საჩივარი განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და დაემძიმებინა სასჯელი, კერძოდ: აღნიშნული ნორმის დანაწესი - ,,სასამართლო უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი ზეპირი მოსმენის გარეშე შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით“, სააპელაციო სასამართლოს მიერ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ზეპირი მოსმენის გარეშე პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვასა და, შესაბამისად, ამ შემთხვევაში სასჯელის დამძიმების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
1.3. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. გ-ისათვის სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის თაობაზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგსა და დამნაშავის პიროვნებას, კერძოდ: იმ გარემოებებს, რაც წინ უძღოდა თ. გ-ის მიერ დანაშაულის ჩადენას (მათ შორის დაზარალებულის ქცევას), იმ ფაქტს, რომ იგი შემთხვევის ადგილას არ მისულა წინასწარი განზრახვით ყოფილი მეუღლის საცემად, პირიქით, მივიდა მშობიარე შვილის სანახავად პოზიტიურად განწყობილი, ასევე ითვალისწინებს მის პიროვნებასა და დადებით დამოკიდებულებას შვილების მიმართ, მის ყოფაქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ და მიაჩნია, რომ თ. გ-ისათვის სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა 160 საათის ოდენობით სავსებით უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და მისი საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლაცია არ არის საჭირო.
1.4. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე კასატორთა აპელირებაზე, რომ თ. გ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ოდენობით - მოიხადა სრულად, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ ძირითად სასჯელად, ნაცვლად აღნიშნული სასჯელისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, ფაქტობრივად იწვევს ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორი ძირითადი სასჯელის მოხდას. სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ოფიცრის 2014 წლის 10 ნოემბრის შეტყობინების თანახმად, თ. გ-მა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ოდენობით - მოიხადა 2014 წლის 10 ნოემბერს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, თ. გ-ს დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ოდენობით - უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და, შესაბამისად, იგი უნდა ჩაითვალოს ამ დანაშაულისათვის სასჯელმოხდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის განაჩენი თ. გ-ის მიმართ სასჯელის ნაწილში შეიცვალოს:
თ. გ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 111,1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ოდენობით.
3. თ. გ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი