დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#197აპ.-14 ქ. თბილისი
ც-ა თ.-197აპ.-14 17 თებერვალი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გამართლებულების – თ. ქ-ასა და თ. ც-ას და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ოქტომბრის განაჩენით თ. ც-ა, –ნასამართლობის არმქონე და თ. ქ-ა, – ნასამართლობის არმქონე, დაუსწრებლად ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინეს წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა ჯგუფურად, დიდი ოდენობით.
2. ამავე განაჩენით გ. ჯ-ა, – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. სხვისი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ასევე – წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის გასაღება დიდი ოდენობით, მოწმეებზე ზემოქმედების განხორციელება, კერძოდ: მოწმეებისადმი მიმართვა ცრუ ჩვენების მიცემისა და მიცემული ჩვენების შეცვლისათვის; ასევე – ყალბი დოკუმენტისა და ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის გამოყენება, ხოლო ბ. ლ-ა, – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-19,372-ე მუხლის მე-2 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა მოწმეებზე ზემოქმედების განხორციელება, კერძოდ; მოწმის იძულება ცრუ ჩვენების მიცემისა და მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლისათვის, რასაც თან ერთვოდა მის მიმართ ძალადობის მუქარა; ასევე – მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების მცდელობა, კერძოდ, მოწმის მოსყიდვის მცდელობა ცრუ ჩვენების მიცემასა და მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლისათვის.
3. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. ჯ-ამ და ი. ა-ამ წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს, თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონება, კერძოდ – სახაზინო საწარმო „--“ ქონება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 1997 წლის 22 აპრილს ი. ა-ა, რომელიც არ წარმოადგენდა მუნიციპალური სახელმწიფო კომერციული საწარმო „--“ ბაზაზე ზუგდიდის მერიასთან შექმნილი სახაზინო საწარმო „--“ დირექტორს და არ იყო მერიის მიერ დანიშნული, სახაზინო საწარმო „--“ დირექტორის სახით თვითნებურად ეწეოდა აღნიშნულ თანამდებობაზე საქმიანობას. მან საწარმოს კოლექტივის სახელით ზუგდიდის ქონების მართვის სამმართველოს უფროს გ. ფ-ას მიმართა წერილით, რომლითაც ითხოვა საწარმოს გარდაქმნა სააქციო საზოგადოებად. ამის თაობაზე მოცემულ საწარმოში ი. ა-ას, როგორც საწარმოს დირექტორის, ბრძანებით, მისივი თავმჯდომარეობით, წინასწარვე ამავე საწარმოს თანამშრომელთა – გ. ჯ-ას, პ. ქ-ას, ლ. წ-ას, ი. ქ-ას, ა. ხ-ასა და ი. ფ-ას მონაწილეობით შეიქმნა საპრივატიზაციო კომისია, რომელსაც უნდა მოეხდინა საწარმოს ქონების შეფასება-აღწერა და საპრივატიზაციო დოკუმენტების წარდგენა შესაბამის ინსტანციაში. მოცემულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო გაყალბებული ოქმი, კერძოდ, 1996 წლის 13 ნოემბერს ჩატარებული „--“ თანამშრომელთა საერთო კრების ოქმი №1, რომლის მიხედვითაც, საწარმოს მთავარი ბუღალტერი ლ. წ-ა დასახელებული იყო კრების მდივნად, მაგრამ სინამდვილეში იგი არ მდივნობდა ამ საერთო კრებას და მის ნაცვლად ხელი მოაწერა სხვა თანამშრომელმა – ი. ფ-ამ. ასევე ოქმში მითითებულია, რომ კრებას ესწრებოდა 86 თანამშრომელი, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. საპრივატიზაციო კომისიამ მოამზადა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია საწარმოს ქონება, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, ინვენტარი, დაუმთავრებელი კაპიტალური მშენებლობები და მათი შეფასების აქტები, რომელთა მიხედვითაც, საწარმოს ქონების ღირებულება შეადგენს 493434 ლარს, ხოლო საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 425471 ლარით. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისისა და იმავე წლის 14 ივლისის ბრძანებულებების თანახმად, საპრივატიზაციო კომისიას 1997 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა „--“ ქონების გადაფასება 1997 წლის 1 ივლისის მდგომარეობით.
4. მიუხედავად ამისა, გ. ჯ-ასა და ი. ა-ას მოთხოვნით, აფასების აქტებში არ გაითვალისწინეს ახალი აფასება 1997 წლის მდგომარეობით და მათ აქტში შეიყვანეს 1995 წლის მონაცემები, თუმცა მოცემულ დოკუმენტზე მიუთითეს, რომ აღნიშნული შეფასება შესრულებულია 1997 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით. ამ დროისათვის „--“ ბუღალტერ ლ. წ-ას უკვე შედგენილი ჰქონდა ქონების აფასება 1997 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, რომლის მიხედვითაც ქონების ღირებულება შეადგენდა მილიონ ლარზე მეტს და არა – 493434 ლარს, როგორც ეს დაფიქსირდა პრივატიზებისათვის მომზადებულ დოკუმენტებში, რითიც გ. ჯ-ამ და ი. ა-ამ, შემდგომში ნაკლებ ფასში შესყიდვისა და ქონების გადასახადის შემცირების მიზნით, ხელოვნურად შეამცირეს სახელმწიფო ქონების ღირებულება. ბუღალტერმა ლ. წ-ამ გ. ჯ-ასა და ი. ა-ას, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ დოკუმენტების შედგენას, აუხსნა, რომ მხოლოდ 1995 წლით მონაცემების აფასების დაფიქსირება არ იყო სწორი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჰქონდათ რა პრივატიზაციის გზით სახელმწიფო ქონების თაღლითურად მისაკუთრების განზრახვა, გ. ჯ-ამ მოცემული მასალები, ყალბი დოკუმენტები გამოიყენა და წარადგინა ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოში, რითიც საფუძველი შექმნა აღნიშნული ქონების საპრივატიზაციოდ გატანისათვის საწარმოს თანამშრომელთა უმეტესი ნაწილის ნების საწინააღმდეგოდ, რომელთაც გამოთქმული ჰქონდათ სურვილი ცალკეული ობიექტების დამოუკიდებელ შესყიდვაზე. გ. ჯ-ამ და ი. ა-ამ შექმნეს ისეთი გარემოება, რომ ს/საზოგადოების პრივატიზებისას თანამშრომელთა სახით არ ჰყოლოდათ კონკურენტები, რათა ნულოვანი აუქციონის გზით მინიმალური ხარჯებით ხელში ჩაეგდოთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება.
5. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ სამმართველოს უფროსის 1997 წლის 29 დეკემბრის №-- ბრძანების საფუძველზე საწარმო „--“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და დამტკიცდა მათ მიერ წარმოდგენილი პრივატიზაციის გეგმა და სხვა დოკუმენტები. ამ მასალებში იყო პრივატიზაციის გეგმა, რომლის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია ბუღალტერ ლ. წ-ას – იგი არ ეთანხმებოდა გეგმას და მასზე ხელი არ მოუწერია, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი გაყალბდა და მის ნაცვლად ხელი მოაწერა გამოძიებით დაუდგენელმა პირმა. ასევე გაყალბდა 1997 წლის 29 დეკემბრის ს/ს „--“ აქციონერთა კრების ოქმი, კერძოდ, კრების მიმდინარეობისას იხილებოდა ს/ს წესდების მიღებისა და მეთვალყურეთა საბჭოს წევრთა არჩევნების საკითხი. აღნიშნულ კრებას არ ესწრებოდა ნოტარიუსი, თუმცა ოქმში მიეთითა, რომ კრების მიმდინარეობას ოქმში ასახავდა სახელმწიფო ნოტარიუსი, მაგრამ ოქმზე არ არის მისი ხელმოწერა. ასევე ამ ოქმის მე-2 გვერდის უკანა მხარეს დასმულია ნოტარიუსის ბეჭდები და შტამპი, სადაც მითითებულია, რომ ნოტარიუსმა დაამოწმა ხელმოწერის სინამდვილე და არა – კრების მიმდინარეობა, ისიც 1998 წლის 9 თებერვალს – კრების ჩატარებიდან ორი თვის შემდეგ. სინამდვილეში ამ კრების მიმდინარეობას ოქმში ასახავდა კრების მდივანი მ. მ-ა და არა – ნოტარიუსი.
6. მოცემულ ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ კრებას ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სახელმწიფო წარმომადგენელი ს/ს „--“ მეთვალყურეთა საბჭოში ა. ხ-ა, რომელიც ამ დროს არ იყო სახელმწიფოს წარმომადგენელი, ვინაიდან ზუგდიდის ქონების მართვის სამმართველოს მასთან ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 1997 წლის 30 დეკემბერს და ეს დოკუმენტი ოფიციალურად სამინისტროში რეგისტრირებულია 1998 წლის 24 ივლისს, რის გამოც მისი მონაწილეობა იყო უკანონო. უფრო მეტიც, იგი ამავე დროს არჩეულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და საპრივატიზაციო კომისიაში შეიყვანეს ი. ა-ას 1997 წლის 11 აპრილის ბრძანებით, მაგრამ ა. ხ-ა 1997 წლის 23 ივნისს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა „--“, რის გამოც მას არ ჰქონდა აფასებაში მონაწილეობის მიღებისა და შეფასების აქტებზე ხელმოწერის უფლება. ამ ყალბი დოკუმენტის მიხედვით, უკანონოდ არჩეული სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა 1997 წლის 29 დეკემბერს ს/ს „--“ გენერალურ დირექტორად ასევე უკანონოდ აირჩიეს ი. ა-ა, ხოლო მეთვალყურეთა საბჭოს თავმჯდომარედ – გ. ჯ-ა, რითიც ისინი გახდნენ ხელმძღვანელი პირები და შეეძლოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ორგანიზაციის მართვისა და ქონების განკარგვისათვის.
7. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტებისა და კანონის უხეში დარღვევით შედგენილი მასალების საფუძველზე 1998 წლის 16 თებერვალს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაარეგისტრირა საწარმო, რითიც დაირღვა საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რომლის მიხედვით, სახაზინო საწარმო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით განსხვავდება სხვა ტიპის სახელმწიფო საწარმოებისაგან, რადგან ასეთი საწარმო შეადგენს სამეწარმეო მიზნებისათვის განკუთვნილ სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების განცალკევებულ ქონებას. ამასთან, იგი არის იურიდიული პირი, ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელწოდებით და მისი რეორგანიზაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოებად შეიძლება სახელმწიფო ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით, რაც ასევე გათვალისწინებული იყო თვით სახაზინო საწარმო „--“ წესდებით (მე-8 კარი, 8.4 პუნქტი). ასევე დაირღვა ამავე კანონის მოთხოვნები აქციონერთა საერთო კრების ჩატარების წესის შესახებ.
8. ქონების მართვის სამმართველომ 1998 წლის 10 მარტს აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე გაგზავნა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში, რის შემდეგ, მასზე დაყრდნობით, იმავე წელს 22200 აქცია სახელმწიფომ უსასყიდლოდ გასცა „--“. ეს აქციები უნდა მიეღო 148 თანამშრომელს (აქციონერს), თითოეულს – 150 ცალი, 1 ლარის ნომინალური ღირებულებით, ხოლო დანარჩენი აქციები გაიტანეს სპეციალიზებულ აუქციონზე 1 ლარის ნომინალური ღირებულებით. აუქციონის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, აქციების არც ერთი პროცენტი არ გაყიდულა, რის შემდეგაც სამინისტროს ბრძანებით 1998 წლის 17 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით მოცემული აქციები გაიტანეს სპეციალიზებულ აუქციონზე ნომინალურ ღირებულებასთან 50%-ის ფასდაკლებით, სადაც, როგორც აუქციონის შედეგების შემაჯამებელი ოქმიდან ჩანს, არც ერთი პროცენტი არ გაყიდულა. ამის შემდეგ 1999 წლის 19 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით კვლავ გაიტანეს მოცემული აქციები 50%-ის ფასდაკლებით, სადაც, აუქციონის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, შემოვიდა 50 ლარი აქციების შესაძენად და, შესაბამისად, გაიყიდა საწესდებო კაპიტალიდან 0,01387%. 1999 წლის 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით კვლავ გაიტანეს აქციები სპეციალიზებულ აუქციონზე საწყისი გასაყიდი ფასის უკვე ნომინალური ღირებულების 25%-ის ოდენობით, მაგრამ, ოქმის თანახმად, ამჯერად აქციები არ გაყიდულა.
9. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ სამინისტრომ 1999 წლის 30 ივნისს ს/ს „--“ 403271 ცალი აქცია გაიტანა სპეციალიზებულ ფულად აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით. 1999 წლის 2 აგვისტოს ს/ს „--“ დირექტორმა ი. ა-ამ ბანკ „რესპუბლიკაში“ შეიტანა 5000 ლარი აქციების შესაძენად, რის სანაცვლოდაც მან მიიღო 374166 ცალი აქცია და ამ გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო ქონებას, რაც, წინასწარი შეთანხმებისამებრ, გაინაწილა გ. ჯ-ასთან ერთად; მან აქციების გარკვეული ნაწილი გაუნაწილა სხვა თანამშრომლებსაც. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 1029591,8 ლარის ზიანი. ზემოაღნიშნული 5000 ლარი შეგროვდა იყო საწარმოში მომუშავე თანაშრომლებისაგან, თუმცა ი. ა-ამ და გ. ჯ-ამ რამდენიმე თანამშრომელს დადებული თანხის პროპორციულად არ გაუნაწილეს აქციები და თითოეულს გადასცეს 150 აქცია და განუცხადეს, რომ გაღებული თანხის საფასურად მხოლოდ აქციათა ეს რაოდენობა ეკუთვნოდათ, თუმცა აღნიშნული აქციები, საქმეში არსებული დოკუმენტების მიხედვით, მათ ეკუთვნოდათ უფასოდ, ვინაიდან ეს იყო სახელმწიფოს მიერ მათთვის, როგორც საწარმოში მომუშავე თანამშრომლებისათვის, უსასყიდლოდ გადაცემული აქციები. ამდენად, ი. ა-ამ და გ. ჯ-ამ თვითონვე გამოიყენეს საკუთარი ინტერესებისათვის შეგროვილი თანხა.
10. სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების შემდეგ, ვინაიდან სააქციო საზოგადოებაში იყო 100-ზე მეტი აქციონერი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ხელშეკრულება უნდა დაედოთ დამოუკიდებელ რეგისტრატორთან, რომელიც აწარმოებდა აქციათა რეესტრს, აღრიცხავდა მათ მოძრაობის და სხვა პროცედურას. როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, ს/ს „--“ 1999 წელს დადო ხელშეკრულება შპს „--“ (შემდგომში – დამოუკიდებელი რეგისტრატორი), რომელსაც ევალებოდა „--“ აქციათა რეესტრის სისტემის მოწესრიგება და წარმოება, აქციათა მოძრაობის აღრიცხვა და სხვა პროცედურები. მოცემული ხელშეკრულება შედგენილი იყო ორ ეგზემპლარად და წარმოადგენდა მხარეთა ურთიერთობის განმსაზღვრელ იურიდიულ საფუძველს. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები არ ყოფილა შედგენილი ორ თანაბარ ეგზემპლარად, ვინაიდან ს/ს „--“ მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მისი დადებისა და ძალაში შესვლის თარიღი, ხოლო 2007 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორიდან ამოღებულ მე-2 ეგზემპლარის ქსეროასლზე არის ხელშეკრულების ნომერი და გაფორმების თარიღი, მაგრამ მასზეც არ არის ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი. 2007 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორიდან დამატებით მოპოვებულ იქნა მათგან 2007 წლის 19 სექტემბერს ამოღებული ხელშეკრულების ქსეროასლის დედანი, რა დროსაც ხელშეკრულების ქსეროასლსა და დედანს შორისაც აღმოჩნდა სხვაობა, კერძოდ, მასში უკვე ჩაწერილი იყო ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი – 1999 წლის 30 სექტემბერი, რაც ჩაწერილია არა 1999 წელს, არამედ – 2007 წლის სექტემბერში შპს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის უფროსი სპეციალისტის – თ. ჯ-ის მიერ.
11. მიუხედავად ამისა, ხარვეზებით შევსებული და გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე უკანონოდ ჩამოყალიბებული სააქციო საზოგადოება ი. ა-ასა და გ. ჯ-ას ხელმძღვანელობით ეწეოდა სავაჭრო და სხვადასხვა სახის საქმიანობას და ასხვისებდა თაღლითურად მოპოვებულ ქონებას, კერძოდ, ი. ა-ამ გ. ჯ-ას დახმარებით, რომელიც ავსებდა დოკუმენტებს, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, გადაცემის განკარგულების თანახმად, აქციები გადასცა სხვადასხვა პირს, კერძოდ: ჯ. თ-ას, ზ. წ-ას, ლ. შ-ას, გ. ჯ-ას – 38000-38000 ცალი; რ. გ-ას – 32000 ცალი; ი. ქ-ას – 10500 ცალი; ნ. გ-ას – 2000 ცალი; რ. ლ-ას – 3300 ცალი, რითიც მათზე გაასაღა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთი დიდი ოდენობით, მაგრამ დანარჩენილი წილის გასაღება ვეღარ მოასწრო, ვინაიდან 2000 წლის 11 აპრილს ს/ს „--“ დირექტორი ი. ა-ა გარდაიცვალა. ამის შემდეგ აქციების გასხვისება გააგრძელა გ. ჯ-ამ, რომელმაც შეავსო აქციების გადაცემის განკარგულებები, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა ი. ა-ამ 2000 წლის 1 მაისს აქციები აჩუქა: ტ. ჩ-ას – 19150 ცალი; გ. ნ-ას – 19150 ცალი; ვ. ა-ას – 8560 ცალი; პ. ქ-ას – 38000 ცალი; გ. გ-ას – 8560 ცალი, თუმცა ამ განკარგულებებზე არ იყო ი. ა-ას ხელმოწერა, ვინაიდან ამ დროისათვის ის უკვე გარდაცვლილი იყო. გ. ჯ-ამ გააყალბა განკარგულებები და ამ გზით ზემოაღნიშნულ პირებს მიაღებინა აქციები. ი. ა-ას დარჩენილი აქციები მემკვიდრეობით ასევე მიიღო მისმა მეუღლემ – მ. ყ-მა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ ყოფილა დაცული აქციათა რეესტრის წარმოების შესახებ დებულების მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, აქციებზე მემკვიდრეობით საკუთრების უფლებების გადაცემა ხდება ნოტარიუსის მიერ გაცემული მემკვიდრეობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ, რაც დადგენილი წესის თანახმად არ მომხდარა. ი. ა-ას გარდაცვალების შემდეგ, 2000 წლის 7 ივნისს, დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა მისი შვილი – ა. ა-ა, რომლის მუშაობის პერიოდში, კერძოდ, 2001 წლის 2 აპრილს, გ. ჯ-ამ გააყალბა მეთვალყურეთა საბჭოს სხდომის ოქმი, რომლის მიხედვით, თითქოსდა მეთვალყურეთა საბჭოს წევრებმა ამავე რიცხვში ჩაატარეს სხდომა, სადაც გადაწყვიტეს ქ. ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქ. №--ში არსებული მაღაზიის ნაწილის სასარგებლო ფართის გასხვისება ნ. ა-აზე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ვინაიდან მეთვალყურეთა საბჭოს წევრები ასეთ სხდომას არ ესწრებოდნენ და არც არავისთვის მიუციათ ამაზე თანხმობა.
12. ამდენად, გ. ჯ-ამ მოცემულ საკითხზე ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, რითიც დაარღვია საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რომლის თანახმად, ს/საზოგადოების ქონების გასხვისებაზე გადაწყვეტილებას სჭირდება მეთვალყურეთა საბჭოს თანხმობა. ა. ა-ასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მოცემული ფართი 2001 წლის 27 სექტემბერს ნ. ა-ამ შეისყიდა 2100 ლარად. მსგავსი ხერხებით „--“ დოკუმენტების გაყალბებსა და სხვის ნაცვლად ხელმოწერების შესრულებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. კერძოდ, გ. ჯ-ამ 2001 წლის 6 აპრილს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ნ. ს-ას ს/ს „--“ დირექტორის სახელით გაუგზავნა განცხადება საზოგადოების წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოცემულ დოკუმენტს ხელს აწერს დირექტორი ა. ა-ა, სინამდვილეში კი ხელმოწერა ეკუთვნის გ. ჯ-ას. ასევე მან 2002 წლის 4 იანვარს ქ. ზუგდიდის მიწით სარგებლობისა და მიწათმოწყობის სამმართველოს უფროსს ა. კ-ას ს/ს „--“ დირექტორის სახელით გაუგზავნა წერილი ქ. ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩის №--ში არსებული არასაცხოვრებელი ფართის ნაწილებად დაყოფის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოცემულ დოკუმენტს ხელს აწერს დირექტორი ა. ა-ა, სინამდვილეში კი ხელმოწერა ეკუთვნის გ. ჯ-ას.
13. 2002 წლის 4 მარტს ს/ს „--“ დირექტორის თანამდებობაზე ა. ა-ას ნაცვლად დაინიშნა დედამისი – მ. ყ-ი–ა-ა, რომელიც იმ დროისათვის ფლობდა 72330 ცალ აქციას, ანუ კაპიტალის 17%-ს, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გ. ჯ-ა – 37300 ცალ აქციას, ანუ კაპიტალის 8,7%-ს.
14. 2006 წლის დეკემბერში გ. ჯ-ასათვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით და ხდებოდა ობიექტების ჩამორთმევა. გ. ჯ-ას გაუჩნდა შიში, რომ მასაც ჩამოართმევდნენ თავის დროზე თაღლითურად დაუფლებულ ქონებას, ამასთან, ს/ს „--“ ჰქონდა სახელმწიფოს ვალი, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებდა უსახსრობის გამო, ამიტომ გადაწყვიტა ამ ქონების გაყიდვა. გ. ჯ-ა, ჰქონდა რა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის გასაღების განზრახვა, დაუკავშირდა შპს „--“ წარმომადგენელ თ. ქ-ასა და თ. ც-ას, რომლებსაც შეუთანხმდა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ მათ გადასცემდა ს/საზოგადოების აქციებს და სხვა აქციონერებსაც მათ სასარგებლოდ დაათმობინებდა აქციებს. ამ შეთავაზების შემდეგ თ. ქ-ა და თ. ც-ა შეხვდნენ სხვა აქციონერებსაც. შეხვედრის დროს მათ შეატყობინეს, რომ პროკურატურაში მიმდინარეობდა წინასწარი გამოძიება და ეს ქონება თავის დროზე არასწორად და უკანონოდ იყო პრივატიზებული. აქციების შეძენამდე თ. ქ-ა და თ. ც-ა საქმის გასარკვევად მივიდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურში, სადაც მათ განუცხადეს, რომ ამ ქონებასთან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება, რის შემდეგ ისინი ასევე მივიდნენ ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოში, სადაც უთხრეს, რომ გაყიდული სახელმწიფო ქონების, მათ შორის – „--“ დაკავშირებით – პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება და თავის დროზე ეს ქონება არასწორად და უკანონოდ იყო პრივატიზებული. მიუხედავად ამისა, თ. ქ-ას თ. ც-ასთან ერთად ჰქონდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის – აქციების შეძენის განზრახვა. აღნიშნულის შემდეგ გ. ჯ-ამ ზემოთ დასახელებულ პირებს 2006 წლის 26 დეკემბერს საბროკერო კომპანიის მეშვეობით გადასცა თავისი კუთვნილი 37000 აქცია 112850 ლარად. ვინაიდან იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უკეთებდა ქონების გასხვისებას, სხვა აქციონერებისაგანაც ჰქონდა მინიჭებული რწმუნებები, რის საფუძველზეც მ. ყ-ის, ი. ქ-ასა და სხვათა აქციებიც გადასცა თ. ქ-ასა და თ. ც-ას, რომლებიც გახდნენ ს/ს „--“ აქციების 65%-ის მფლობელები, კერძოდ: შპს „--“, თ. ქ-ა – 43,7%-ის, ხოლო თ. ც-ა – 22%-ის. ამის შემდეგ წინასწარი განზრახვით, 2007 წლის 23 მარტს გ. ჯ-ას თავმჯდომარეობით შედგა აქციონერთა საერთო კრება, სადაც გ. ჯ-ამ კრებას გააცნო შპს „--“ და თ. ც-ას განცხადება. გ. ჯ-ამ განაცხადა, რომ ისინი ფლობენ საერთო კაპიტალის 65,8%-ს (280000 ცალ აქციას) და ითხოვენ საზოგადოების რეორგანიზაციას – ნატურით გამოყოფას, კერძოდ: ქ. ზუგდიდში, გამსახურდიას ქ. №---ში არსებული სამსართულიანი კაპიტალური შენობის (უნივერმაღ „--“) გამოყოფას ცალკე ერთეულის სახით, რომლის საფუძველზეც ისინი ჩამოაყალიბებდნენ ახალ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას. აღნიშნულ მოთხოვნას მხარი დაუჭირეს გ. ჯ-ამ და დამსწრე აქციონერებმა, რითიც გ. ჯ-ამ საბოლოოდ მიაღწია თაღლითურად დაუფლებული სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით გასაღებას, ხოლო თ. ქ-ამ და თ. ც-ამ ერთად, წინასწარი შეცნობით, შეიძინეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთი დიდი ოდენობით. ყოველივე ამის შემდეგ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, მათ რეორგანიზაციის შედეგად მიღებული ქონების საფუძველზე დააფუძნეს შპს „--“, რომელიც საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებულია 2007 წლის 3 მაისს და წარმოადგენს ს/ს „--“ რეორგანიზაციის (ნატურით გამოყოფის) შედეგად გამოყოფილ საწარმოს, რომელიც სოლიდარულად აგებს პასუხს დარჩენილ, საწარმოს გამოყოფამდე არსებულ ვალდებულებებზე. აღნიშნული ქმედებით თ. ქ-ა და თ. ც-ა მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონებას, ხოლო ამ გამოყოფით ს/ს „--“ კაპიტალი შემცირდა 145471 ლარამდე.
15. ქ. ზუგდიდში, კოსტავას ქ. №--, ბინა №--ში მცხოვრები, გ. ჯ-ა 2007 წლის 12 ოქტომბერს მიეცა პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დააკავეს ბრალდებულის სახით. იმავე დღეს მას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ბრძანებით აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა. მასვე შემდგომში ბრალდების შევსების მიზნით წარედგინა ახალი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის. 2007 წლის 3 დეკემბერს ბრალდებულ გ. ჯ-ას ადრე შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა გირაოთი და გათავისუფლდა პატიმრობიდან. 2008 წლის 29 იანვარს გ. ჯ-ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნით განსახილველად წარიმართა სასამართლოში. მოცემულ საქმეზე გ. ჯ-ას ბრალდების მამხილებელ და დამადასტურებელ მტკიცებულებად სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარმოდგენილი იყო მოწმეების – ლ. წ-ასა და ი. შ-ას ჩვენებები. ბრალდებულის შვილმა ბ. ლ-ამ, დედის – გ. ჯ-ასათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, განიზრახა, მოსყიდვისა და იძულების გზით დაეყოლიებინა სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმე ლ. წ-ა ცრუ ჩვენების მისაცემად. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ბ. ლ-ა გ. ჯ-ას პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, 2007 წლის 12 ოქტომბრისა და 3 დეკემბრის შუალედში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ზუგდიდში, „--“ შენობაში შეხვდა მოწმე ლ. წ-ას, რომელსაც ზემოქმედების მოხდენის მიზნით დაემუქრა ძალადობით, კერძოდ – ციხეში ჩასმითა და განადგურებით. ამასთან, მოსთხოვა და აიძულებდა, დედამისის სასარგებლოდ შეეცვალა ადრე მიცემული ჩვენება და მიეცა ცრუ ჩვენება იმ მიზეზით, რომ, თითქოსდა გ. ჯ-ას საწინააღმდეგო ჩვენება პროკურატურაში იძულებით მიაცემინეს. სანაცვლოდ ლ. წ-ას დაჰპირდა შემდგომში პატივისცემასა და თავისი ხარჯით ადვოკატის აყვანას. მიუხედავად განხორციელებული უკანონო ზემოქმედებისა, ბ. ლ-ამ ვერ დაიყოლია მოწმე ლ. წ-ა შეეცვალა ჩვენება და მიეცა ცრუ ჩვენება.
16. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ გ. ჯ-ამ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, განიზრახა, მათზე ზემოქმედების განხორციელების გზით დაეყოლიებინა თავისი ბრალდების საქმეზე დაკითხული მოწმეები – ლ. წ-ა და ი. შ-ა შეეცვალა ჩვენებები და მიეცათ ცრუ ჩვენებები.
17. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გ. ჯ-ა დაუკავშირდა თავისი ბრალდების საქმეზე დაკითხულ მოწმე ი. ქ-ას, რომელსაც გადასცა 2008 წლის 23 თებერვლის თარიღით პროკურორის სახელზე შედგენილი განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ, თითქოსდა ლ. წ-ას გამოძიებამ გამოსძალა ცრუ ჩვენება, რომლის საფუძველზე წარედგინა ბრალდება გ. ჯ-ას, რომლის დაპატიმრების შემდეგ ლ. წ-ამ თითქოსდა აღიარა, რომ გამომძიებელმა აიძულა ცრუ ჩვენების მიცემა. გ. ჯ-ას ჩანაფიქრის მიხედვით, ი. ქ-ას განცხადება უნდა ეჩვენებინა ლ. წ-ასათვის და ეთქვა, რომ აპირებდა პროკურატურაში განცხადების შეტანას და ჩივილს. ამ გზით დააშინებდა და ზემოქმედებას მოახდენდა ლ. წ-ზე. ი. ქ-ა, გ. ჯ-ას მითითებისამებრ, 2008 წლის იანვარში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ქ. ზუგდიდში შეხვდა ლ. წ-ას, რომელსაც აჩვენა განცხადება და გადასცა გ. ჯ-ას დანაბარები. მიუხედავად ამისა, მოწმე ლ. წ-ამ ი. ქ-ას განუცხადა, რომ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება იყო სწორი და მას არ შეცვლიდა.
18. გ. ჯ-ამ ვერ დაიყოლია მოწმე ლ. წ-ა ჩვენების შეცვლასა და ცრუ ჩვენების მიცემაზე, ამიტომ სხვა ხერხებით შეეცადა მასზე გავლენის მოხდენას. კერძოდ, ბეჭდვით მედიაში – გაზეთებში ბ. ლ-ასთან ერთად პერიოდულად აქვეყნებდა სტატიებს, სადაც აღნიშნავდა, რომ გ. ჯ-ას დაპატიმრებას საფუძვლად ედო მოწმე ლ. წ-ას მიერ მიცემული ცრუ ჩვენება.
19. შემდგომში, 2008 წლის 8 თებერვალს, გ. ჯ-ა მობილური ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა ასევე მის საქმეზე დაკითხულ ი. შ-ას და შეუთანხმდა შეხვედრაზე, რომლის დროსაც მიმართა, შეეცვალა მის მიერ წინასწარი გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება გ. ჯ-ას სასარგებლოდ და მიეცა ცრუ ჩვენება, ასევე – დახმარებოდა მის საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტების მოძიებაში.
20. 2004 წლის 25 მაისს გ. ჯ-ა საგადასახადო ინსპექციაში აიყვანეს აღრიცხვაზე გადამხდელად, როგორც ინდმეწარმე და მიანიჭეს საიდენტიფიკაციო ნომერი ---. სამეწარმეო საქმიანობის დროს, 2006 წლის დასაწყისში, ინდმეწარმე გ. ჯ-ამ შპს „--“ დაიქირავა ზუგდიდში, კოსტავას ქ. №---ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, რასთან დაკავშირებითაც ინდმეწარმე გ. ჯ-ასა და შპს „--“ დირექტორ ა. გ-ას შორის 2006 წლის 3 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება ერთი წლის ვადით ბინის ქირავნობის შესახებ. ხელშეკრულების მიხედვით, ქირავნობის თანხის ოდენობა განისაზღვრა 500 (ხუთასი) ლარით. ხელშეკრულება მხარეებმა დაამოწმეს თავიანთი ხელმოწერებითა და შპს „--“ ბეჭდით. იმ მიზნით, რომ ხარჯის გაზრდის გზით არასწორად აესახა დასაბეგრი ბრუნვა და დაემალა გადასახადები, გ. ჯ-ამ და ა. გ-ამ ინდმეწარმის სახელით იმავე დღეს ერთსა და იმავე ფართზე განმეორებით გააფორმეს ყალბი ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ქირავნობის თანხის ოდენობა განისაზღვრა ასევე 500 (ხუთასი) ლარით. ხელშეკრულება მხარეებმა დაამოწმეს თავიანთი ხელმოწერებითა და გ. ჯ-ას მხრიდან – ინდმეწარმის ბეჭდით, ხოლო ა. გ-ას ხელშეკრულება ინდმეწარმის ბეჭდით არ დაუმოწმებია, ვინაიდან იგი საგადასახადო ორგანოებში ინდმეწარმედ არ იყო რეგისტრირებული და ამ ფორმით ვერ დადებდა ხელშეკრულებას.
21. ა. გ-ას გარდაცვალების შემდეგ შპს „--“ დირექტორად დაინიშნა მისი შვილი – პ. გ-ა. ქირავნობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ წარმოიშვა ხელშეკრულების გაგრძელების აუცილებლობა. გ. ჯ-ამ, იმისათვის, რომ შპს „--“ დახმარებოდა გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებაში, 2007 წლის 3 იანვარს შპს „--“ კუთვნილი ზემოაღნიშნული ფართის ქირავნობის შესახებ გააფორმა ყალბი ხელშეკრულება პ. გ-ას ოჯახთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფ ნ. შ-ასთან, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი კანონიერი რწმუნება შპს „--“ კუთვნილ ქონებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებაზე; ამასთან, ნ. შ-ა საგადასახადო ორგანოებში ინდმეწარმედ არ იყო რეგისტრირებული. ამ ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე შპს „--“, რომელიც ფართის გაქირავებით ფაქტობრივად იღებდა შემოსავალს, არ ახდენდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.
22. 2008 წლის 14 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის თანამშრომლებმა ქ. ზუგდიდში დაიწყეს ინდმეწარმე გ. ჯ-ას საგადასახადო შემოწმება. შემოწმების პროცესში გ. ჯ-ამ იმ მიზნით, რომ არასწორად აესახა დასაბეგრი ბრუნვა და დაემალა გადასახადები, საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებს სხვა დოკუმენტებთან ერთად წარუდგინა და ამ გზით გამოიყენა ყალბი დოკუმენტები: 2006 წლის 3 იანვარს არარსებულ ინდმეწარმე ა. გ-ასთან გაფორმებული ხელშეკრულება ზუგდიდში, კოსტავას ქ. №---ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის შესახებ და არარსებულ ინდმეწარმე ნ. შ-ასთან 2007 წლის 3 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება იმავე ფართის ქირავნობის შესახებ.
23. 2008 წლის თებერვალში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის თანამშრომლებმა ინდმეწარმე გ. ჯ-ას საგადასახადო შემოწმების პროცესში მის კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში აღმოაჩინეს 94 დასახელების აღურიცხავი საქონელი, მათ შორის – კერამიკული ჭურჭელი, რომელიც 2007 წლის 14 აპრილს თვითონვე შეიძინა თბილისში, ინდმეწარმე მ. მ-ისაგან, მაგრამ, დასაბეგრი ბრუნვის არასწორად ასახვისა და გადასახადების დამალვის მიზნით, თანხის გადახდა საკასო-სალარო აპარატში დაფიქსირებული არ ყოფილა.
24. გ. ჯ-ამ საგადასახადო ინსპექციაში წარადგინა 495 ლარის ღირებულების კერამიკული ჭურჭლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, 2007 წლის 14 აპრილით დათარიღებული სასაქონლო ზედნადები, რომელსაც არ ერთვოდა ნაღდი ანგარიშსწორების საკასო-სალარო აპარატის ჩეკი. ვინაიდან ზედნადებში ყველა აუცილებელი რეკვიზიტი არ იყო სრულყოფილად ასახული და არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებმა არ მიიღეს იგი და გ. ჯ-ას მოსთხოვეს თანხის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი ჩეკის წარმოდგენა, რაზეც გ. ჯ-ამ მათ განუცხადა, რომ საქონელი კონსიგნაციის წესით ჰქონდა შეძენილი და მოგვიანებით წარადგენდა თანხის გადახდის დამადასტურებელ საკასო-სალარო აპარატის ჩეკს. აღნიშნულის შემდეგ გ. ჯ-ამ, თავისი ინტერესების დასაცავად და მასთან აღმოჩენილი აღურიცხავი საქონლის ნაწილის – კერამიკული ნაწარმის – გამო დაჯარიმების თავიდან ასაცილებლად, განიზრახა საკასო-სალარო აპარატის ყალბი ჩეკის შეძენა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2008 წლის თებერვალში იგი დაუკავშირდა თბილისში თავის ნაცნობ ინდმეწარმე მ. მ-ეს და სთხოვა 2008 წლის თებერვლის თარიღით მისთვის გადასაცემად ყალბი საკასო-სალარო აპარატის ჩეკის დამზადება იმის დასადასტურებლად, რომ, თითქოსდა ერთი წლის წინ კონსიგნაციის წესით ნაყიდი კერამიკული ჭურჭლის ღირებულება ამჟამად გადაიხადა. აღნიშნულზე მ. მ-ე დაეთანხმა და გ. ჯ-ას გადასცა 2008 წლის 21 თებერვლით დათარიღებული ყალბი ჩეკი, რომელიც გ. ჯ-ამ წარუდგინა მასთან შემოწმებაზე მყოფ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს და ამ გზით გამოიყენა აღნიშნული ყალბი საანგარიშსწორებო ბარათი.
25. აღნიშნული ქმედებისათვის თ. ქ-ასა და თ. ც-ას საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით განესაზღვრათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. ჯ-ას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 6 წლით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 3 წლით, 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ გ. ჯინჯოლავას განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 12 ოქტომბრიდან 2007 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით, სულ – 1 თვე, 21 დღე და მოსახდელად დარჩა 13 წლით, 10 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა. დაკმაყოფილდა შემცირებული სამოქალაქო სარჩელი და სამოქალაქო მოპასუხე გ. ჯ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა 428007.78 ლარის გადახდა.
26. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროს რ. ს-ასა და განსასჯელ ბ. ლ-ას შორის, რომლის თანახმად, ბ. ლ-ას საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიესაჯა 3 წლით, ხოლო მე-19,372-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.
27. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლისა და სსსკ-ის 124-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებებად ცნობილი ს/ს „--“ და შპს --“ ობიექტები, კერძოდ:
· შენობა-ნაგებობა, მდებარე ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სექტორი – --, კოდი --, კვარტალი --, ნაკვეთის №--, ფართობი 36კვ.მ. (ბულვარი-შადრევანი);
· შენობა-ნაგებობა, მდებარე ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის №---ში, სექტორი – ოდიში, კოდი --, კვარტალი --, ნაკვეთის №035 (14), ფართობი 1180კვ.მ. (წილობრივად – 58,6);
· შენობა-ნაგებობა, მდებარე ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის №85-ში, სექტორი – --, კოდი --, კვარტალი --, ნაკვეთის №-- (15), ფართობი 1180კვ.მ. (წილობრივად – 17,3);
· შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, მდებარე ზუგდიდში, ზ. გამსახურდიას გამზირის №---ში, სექტორი – --, კოდი --, კვარტალი --, ნაკვეთის №-- (2), ფართობი 832კვ.მ. (შპს „--“, თ. ქ-ა, თ. ც-ა);
· შენობა-ნაგებობა, მდებარე ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩის №---ში, სექტორი – --, კოდი --, კვარტალი --, ნაკვეთის №-- (7), ფართობი 1285კვ.მ. (წილობრივად – 55,2);
· შენობა-ნაგებობა, მდებარე ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის №---ში, სექტორი – -, კოდი --, კვარტალი --, ნაკვეთის №--, ფართობი 338.70კვ.მ.;
· შენობა-ნაგებობა, მდებარე ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე, სექტორი – --, კოდი --, კვარტალი --, ნაკვეთის №--, ფართობი 622კვ.მ. (ლუდის ბარი საჯვაროში);
· შენობა-ნაგებობა, მდებარე ზუგდიდში, მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე, სექტორი – --, კოდი --, კვარტალი --, ნაკვეთის №--, ფართობი 144.88კვ.მ.;
· შენობა-ნაგებობა, მდებარე ზუგდიდში, ნინოშვილის შესახვევში (მაღაზია №--), სექტორი – --, კოდი --, კვარტალი --, ნაკვეთის №--, ფართობი 142.10კვ.მ.;
· შენობა-ნაგებობა, მდებარე ზუგდიდში, წერეთლის ქუჩის №---ში, სექტორი – --, კოდი --, კვარტალი --, ნაკვეთის №--, ფართობი 862.40კვ.მ.;
· შენობა-ნაგებობა, მდებარე ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე (მაღაზია №--), სექტორი – --, კოდი --, კვარტალი --, ნაკვეთის №---, ფართობი 39.60კვ.მ.;
· შენობა-ნაგებობა, მდებარე ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩის №---ში (--), სექტორი – --, კოდი --, კვარტალი --, ნაკვეთის №--, ფართობი 100.40კვ.მ.;
· შენობა-ნაგებობა, მდებარე ზუგდიდში, კრილოვის მე-2 შესახვევში, სექტორი – --, კოდი --, კვარტალი --, ნაკვეთის №--, ფართობი 14700.00კვ.მ.;
· ს/ს „--“ საკუთრებაში არსებული სასადილო-მაღაზია №--, მდებარე ზუგდიდში, გ. გ-ას ქუჩაზე;
· ს/ს „--“ საკუთრებაში არსებული ჯიხური №--, მდებარე ზუგდიდში, კ-ის ქუჩაზე;
· ს/ს „--“ საკუთრებაში არსებული ჯიხური №--, მდებარე ზუგდიდში, მ-ის ქუჩაზე;
· ს/ს „--“ საკუთრებაში არსებული ჯიხური №--, მდებარე ზუგდიდში, ქ-ს ქუჩაზე;
· ს/ს „--“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „კამაზი“, გამოშვებული 1984 წელს, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და დანაშაულის საგნები, ჩამოერთვათ უსასყიდლოდ და გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში.
28. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა – გ. ჯ-ამ, თ. ქ-ამ და თ. ც-ამ. მათ მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და გამართლება.
29. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ივლისის განაჩენით გ. ჯ-ას ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძვლზე გაუნახევრდა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ივლისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
31. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინებებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თ. ც-ა და თ. ქ-ა გათავისუფლდნენ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან.
32. საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევის გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ხელახლა განიხილა მსჯავრდებულების - თ. ც-ასა და თ. ქ-ას სააპელაციო საჩივრები.
33. ქუთაისის სააპელაციო 2014 წლის 14 აპრილის განაჩენით თ. ქ-ა და თ. ც-ა გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; დავა ნივთიერ მტკიცებულებებზე (შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, მდებარე ზუგდიდში, ზ. გამსახურდიას გამზ. №---ში, სექტორი – --, კოდი --, კვარტალი --, ნაკვეთი -- (2), ფართობი 832 კვ.მ.) მათი კუთვნილების გამო გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
34. კასატორები – გამართლებულები: თ. ქ-ა და თ. ც-ა და მათი ადვოკატი მ. ნ-ე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენის გაუქმებას ნივთმტკიცებების ნაწილში და შპს „--“ უკანონოდ ჩამორთმეული და ნივთმტკიცებად ცნობილი შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის, ქონების ჩამორთმევის პერიოდისათვის არსებული მონაცემებით: მდებარე ზუგდიდში, გამსახურდიას გამზ. №---ში, ზონა – --, სექტორი – ქ. ზუგდიდი, კვარტალი – --, ნაკვეთის №--, კოდი №--, დაზუსტებული ფართობი – 797კვ.მ., ამჟამინდელი მონაცემებით: მდებარე ზუგდიდში, ა-ის ქუჩაზე, სექტორი – --, კოდი – --, კვარტალი – --, ნაკვეთის №-- (2), ფართობი – 832კვ.მ. დაბრუნებას კანონიერი მფლობელებისათვის – თ. ქ-ასა და თ. ც-ასათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსმა - რ. ს-ამ 2007 წლის 1 დეკემბერს გამოიტანა დადგენილება, რომლის თანახმად, სს ,,--“ რიცხული ქონება - ობიექტები და სხვა ნივთები, მათ შორის - ქ. ზუგდიდში, ზ. გამსახურდიას გამზირის №--–ში მდებარე უნივერმაღ ,,--“ კაპიტალური შენობა ცნობილ იქნა ნივთმტკიცებად სისხლის სამართლის საქმეზე გ. ჯ-ას, ბ. ლ-ას, თ. ც-ასა და თ. ქ-ას მიმართ.
3. პროკურორმა რ. ს-ამ 2007 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით საქმეზე დაზარალებულად ცნო სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ოქტომბრის განაჩენით სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ქონება - შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, მდებარე ზუგდიდში, ზ. გამსახურდიას გამზირის №---ში, სექტორი – --, კოდი - --, კვარტალი - --, ნაკვეთის №-- (2), ფართობი - 832კვ.მ. -როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ივლისის განაჩენით გ. ჯ-ას ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გაუნახევრდა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ივლისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
7. 2013 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ლიკვიდირებული სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ნაცვლად დაზარალებულად ჩაერთო სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“.
8. სხდომაზე დაზარალებული ორგანიზაციის - სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენელმა მ. კ-ემ აღნიშნა, რომ სადავო ქონება დარეგისტრირდა რეესტრში 2009 წლის 18 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული. ამდენად, მას მიაჩნია, რომ რეგისტრაცია სწორია, დაცვის მხარის შუამდგომლობა ქონების თ. ც-ასა და თ. ქ-ასთვის დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ქონება იმ შემთხვევაში ექვემდებარება ჩამორთმევას, თუ იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. მართალია, მოცემულ შემთხვევაში თ. ქ-ა და თ. ც-ა გამართლდნენ მათთვის წარდგენილ ბრალდებაში, მაგრამ სასამართლო ამ ეტაპზე კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, დაუბრუნოს მათ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებული, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილია, რომ სადავო ქონება გ. ჯ-ამ მოიპოვა თაღლითური გზით, ხოლო შემდეგ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება ასევე უკანონოდ განკარგა თ. ც-სა და თ. ქ-აზე, რითიც ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ოქტომბრის განაჩენით აღნიშნული ქონება სრულიად კანონიერად დაუბრუნდა სახელმწიფოს. პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან საქმე ეხება ერთსა და იმავე ქონებას, სადავოა ნივთმტკიცების კუთვნილების საკითხი, რის გამოც საქართველოს სსსკ-ის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, იგი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 561–ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გამართლებულების – თ. ქ-ას, თ. ც-ასა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
მ. ოშხარელი