შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 28.04.2015
საქმის ნომერი
2კ-391აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#391აპ.-14 ქ. თბილისი

ხ-ი ვ.-391ap.-14 28 აპრილი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ს. გ-ს

მსჯავრდებულ _ ვ. ხ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალი დაედოთ: ვ. ხ-ს, –ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის;

2. თ. მ-ს, – ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის განაჩენით თ. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა 186-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, ხოლო ვ. ხ-ს ამოერიცხა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

4. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2013 წლის 13 მაისს გურჯაანის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ვ. ხ-ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, აშკარად დაეუფლა გ. ჩ-ს კუთვნილ ტყავის ჟილეტს, რითიც დაზარალებულს მიაყენა 50 ლარის ღირებულების ზიანი. გატაცებული ჟილეტი ვ. ხ-მა იქვე გადასცა თ. მ-ს. მიუხედავად იმისა, რომ თ. მ-ი პირადად შეესწრო ვ. ხ-ს მიერ გ. ჩ-ს გაძარცვის ფაქტს, ის დაეუფლა დანაშაულის შედეგად მოპოვებულ ნივთს, მიისაკუთრა იგი და, მიუხედავად დაზარალებულის თხოვნისა, არ დაუბრუნა პატრონს.

5. აღნიშნული ქმედებისათვის თ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ვ. ხ-ს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს განაჩენითა და 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2013 წლის 13 მაისიდან.

6. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ს. გ-მა და მსჯავრდებულმა ვ. ხ-მა.

7. პროკურორმა ითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ვ. ხ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო თ. მ-ს – სსკ-ის 178–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

8. მსჯავრდებულმა ვ. ხ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენის გაუქმება და გამართლება.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

10. კასატორი – მსჯავრდებული ვ. ხ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. 70 წლის კაცს დაბრალდა 30 წლის ახალგაზრდისათვის ჟილეტის ძალადობით წართმევა, მაშინ, როდესაც ძალადობა არ გამოუყენებია; გ. ჩ-მა შეპირებული ჟილეტი თვითონ გადასცა თ. მ-ს; ძარცვის სუბიექტური მხარე გულისხმობს განზრახვისა და მისაკუთრების მიზნის არსებობას, ხოლო ვ. ხ-ს რაიმე სახის მატერიალური გამორჩენა არ მიუღია და არც ჟილეტის მისაკუთრების განზრახვა ჰქონია.

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ვ. ხ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

13. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი ს. გ-ი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას იმ მოტივით, რომ განაჩენი კანონიერია; არსებითად არ დარღვეულა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; მსჯავრდებულის ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული და სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება მის პიროვნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ძარცვა არის სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. იმისათვის, რომ პირს ბრალად შეერაცხოს აღნიშნული დანაშაული, აუცილებელია ქმედების შემადგენლობის ყველა ელემენტის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ვ. ხ-ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობა, კერძოდ:

3. დაზარალებულმა გ. ჩ-მა აჩვენა, რომ 2013 წლის 13 მაისს, სოფელ ---ში ქეიფისას, თ. მ-მა სთხოვა ეჩუქებინა მისი კუთვნილი ჟილეტი, რაზეც მან უარი უთხრა, რის შემდეგაც ვ. ხ-მა მას მოსთხოვა, გაეხადა ჟილეტი და მიეცა თ. მ-სთვის. აღნიშნულის გამო დაიწყო ჩხუბი და ვ. ხ-მა მას ჟილეტი ძალით გახადა, რაც შემდეგ გადასცა თ. მ-ს.

4. ბრალდებულმა ვ. ხ-მა თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მან უთხრა გ. ჩ-ს, თუ მ-სთვის ჟილეტის ჩუქებას აპირებდა, იმ დღესვე ეჩუქებინა, რის შემდეგაც გ. ჩ-მა თავისი ნებით გაიხადა ჟილეტი და დაუტოვა. მის მიმართ არავის არანაირი ძალა არ გამოუყენებია.

5. მოწმე ა. ტ-მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2013 წლის 13 მაისს იმყოფებოდა გურჯაანის რაიონის სოფელ ---ში თ. მ-თან. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ ვ. ხ-ი, გ. ჩ-ი და ა. მ-ი. ისინი ქეიფობდნენ და სვამდნენ სპირტიან სასმელს. ქეიფის დროს ვ. ხ-სა და გ. ჩ-ს შორის მოხდა კამათი ამ უკანასკნელის ჟილეტის გამო, კერძოდ: ,,ხ-მა უთხრა, მათხოვე ჟილეტიო, ჩ-ი კი ეუბნებოდა, ხვალე მოგცემო“. მოწმემ განმარტა, რომ ვ. ხ-მა და გ. ჩ-მა ერთი ორჯერ გაარტყეს ერთმანეთს, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩ-მა თავისით გაიხადა ჟილეტი და გადასცა ვ. ხ-ს, რომელმაც იქვე, საწოლზე მიაგდო ხსენებული ნივთი.

6. მოწმე ა. მ-მა აჩვენა, რომ 2013 წლის 13 მაისს ქეიფობდა თ. მ-ს საცხოვრებელ სახლში ვ. ხ-თან, გ. ჩ-სა და ა. ტ-თან ერთად. მათთან ერთად იმყოფებოდა სახლის მეპატრონე თ. მ-ი. ვ. ხ-მა და თ. მ-მა გ. ჩ-ს მოსთხოვეს ჟილეტის გახდა. ,,ვ. ეუბნებოდა, რადგან შეპირდი, მიეცი ჟილეტიო“. ამ საკითხზე დაიწყო კამათი. ა. მ-მა განმარტა, რომ სამივენი (მ-ი, ხ.ი და ჩ-ი) ეძიძგილავებოდნენ ერთმანეთს. მანვე განმარტა, რომ არ დაუნახავს და არ იცის, ძალით გახადეს თუ არა ჩ-ს ჟილეტი.

7. ბრალდებულმა თ. მ-მა განმარტა, რომ 2013 წლის 13 მაისს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში ვ. ხ-თან, ა. მ-თან, ა. ტ-სა და გ. ჩ-თან ერთად, რა დროსაც ვ. ხ-მა საყელოში ხელი წაავლო გ. ჩ-ს და უთხრა, ახლავე აჩუქე ჟილეტი თ. მ-სო. ჩ-მა ჟილეტი თავისი ნებით გაიხადა, დატოვა და წავიდა.

8. ზემომითითებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ. ხ-ს არ ჰქონია გ. ჩ-ს კუთვნილი ჟილეტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე არ არის დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი, სამართლებრივად შეუძლებელია ვ. ხ-სთვის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შერაცხვა.

9. ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ მან უბრალოდ სთხოვა დაზარალებულს, ეჩუქებინა ჟილეტი თ. მ-სთვის და მიუთითებს, რომ მოწმეების - ა. ტ-ს, ა. მ-სა და თ. მ-ს ჩვენებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ვ. ხ-მა თავისი მოქმედებებით (ძიძგილაობა, საყელოში ხელის წავლება) აიძულა გ. ჩ-ი, გაეხადა ჟილეტი და ეჩუქებინა თ. მ-სთვის, ანუ ფიზიკური იძულებით შეასრულებინა მას მოქმედება, რომლის შესრულება/შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლება იყო.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ხ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. ხ-ს ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა ავტომატურდ გავლენას არ ახდენს თ. მ-ს ქმედების კვალიფიკაციაზე, რის გამოც საკასაციო პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენის კანონიერება თ. მ-ს მსჯავრდების ნაწილშიც, ვინაიდან მას საკასაციო საჩივრით არ მოუმართავს პალატისთვის.

12. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვ. ხ-ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის (ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს); შესაბამისად, მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს, რის გამოც მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესით.

13. ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული განაჩენით ვ. ხ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი განსაზღვრული აქვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რის გამოც საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 308-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე (საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობა), ვ. ხ-ს საბოლოო სასჯელს აღნიშნული პრინციპის გამოყენებით დაუნიშნავს, რადგან უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით (№227აპ-13) განმარტებულია, რომ სასჯელთა შთანთქმის პრინციპის ნაცვლად სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენება (თუ პროკურორს კანონით დადგენილი წესით არ აქვს წარმოდგენილი ასეთი მოთხოვნა) მიიჩნევა საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მსჯავრდებულ ვ. ხ-ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს განაჩენითა და 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მსჯავრდებულ ვ. ხ-ს მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ ვ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2013 წლის 13 მაისიდან.

5. მსჯავრდებული ვ. ხ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე