დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №27აგ-15 29 ივლისი, 2015 წელი
ღ-ე კ., 27აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ნოემბრის განაჩენით კ. ღ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით, მე-18,144-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ვ“, „ი“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (1999 წლის რედაქცია) და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 13 მაისიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით შეიცვალა: კ. ღ-ს ამოერიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის მე-18,144-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების შესახებ; განაჩენი მის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით კ. ღ-ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის მე-18,144-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; მასვე სსკ-ის 224-ე მუხლით მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ხელვაჩაურის სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით კ. ღ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2015 წლის 22 იანვარს მსჯავრდებულმა კ. ღ-მ და მისმა ადვოკატმა მ. ა-მ შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ღ-სა და ადვოკატ მ. ა-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულ კ. ღ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ა-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლში 2006 წლის 28 აპრილს შევიდა ცვლილება, რის გამოც კ. ღ-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 224–ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მკვეთრად აუმჯობესებს მსჯავრდებულის მდგომარეობას; საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კ. ღ-სათვის დანიშნული სასჯელი – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა – უნდა შემცირდეს სსკ-ის 224-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი მ. ა-ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განხილვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
პალატა მიუთითებს, რომ გადასასინჯი განაჩენით კ. ღ-ს სხვა დანაშაულებრივ ქმედებებთან ერთად მსჯავრი დაედო ასევე პირზე ან ორგანიზაციაზე თავდასხმის მიზნით მყარი შეიარაღებული ჯგუფის შექმნისა და ხელმძღვანელობისთვის, რაც მოქმედი საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ითვალისწინებს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 1999 წლის რედაქციით აღნიშნული ქმედებისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებული იყო 5-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, უსაფუძვლოა ადვოკატის მითითება იმის შესახებ, რომ მოქმედი კანონმდებლობით მსჯავრდებულს უმსუბუქდება სამართლებრივი მდგომარეობა.
ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ კ. ღ-სა და ადვოკატ მ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. ღ-სა და ადვოკატ მ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ კ. ღ-სა და ადვოკატ მ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე