საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.02.2016
საქმის ნომერი
2კ-480აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.02.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №480აპ-15 ქ. თბილისი

ქ-ა ე.- 480აპ-15. 5 თებერვალი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძისა და მსჯავრდებულ ე. ქ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ც-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენით ე. ქ-ა, - ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3500 ლარი, რაც იმავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მისი დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2014 წლის 21 აგვისტოდან იმავე წლის 23 აგვისტოს ჩათვლით), შეუმცირდა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა ე. ქ-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით და გირაოს თანხა - 8000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს - ვ. ა-ს.

ნივთმტკიცებები - 19 131.12 ლარის ღირებულების, 458.45 გრამი, 67 ოქროს ძეწკვი, 3 წყვილი ოქროს საყურე და 8 ოქროს სამაჯური, რომლებიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში, საქართველოს სსკ–ის 52–ე მუხლის შესაბამისად, ე. ქ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა ჩამოერთვას უსასყიდლოდ; ე. ქ-ას პასპორტი, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ე. ქ-ასათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძისა და მსჯავრდებულ ე. ქ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ც-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ზ. მეიშვილი