დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.03.2016
საქმის ნომერი
421აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.03.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№421აგ-15 4 მარტი, 2016 წელი

დ-ე ო, 421აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. დ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ო. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 3 ივლისიდან. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ო. დ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ ო. დ-ს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოერიცხა მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით ბრალდების ნაწილზე და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 3 ივლისიდან.

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ო. დ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ო. დ-ს გაუნახევრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სას-ჯელის – 6 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა 18 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 3 ივლისიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებული ო. დ-ე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 3 ივლისიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

2015 წლის 7 აგვისტოს მსჯავრდებულმა ო. დ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. მოტივად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისს შესული ცვლილების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ახალ კანონთან უნდა ყოფილიყო მოყვანილი შესაბამისობაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ო. დ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულმა ო. დ-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინების გაუქმება და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვლის განაჩენით ო. დ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გარდა მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის განსაზღვრული სასჯელი არ შეცვლილა, შესაბამისად, კანონის ცვლილებას არ გამოუწვევია მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ შეესაბამება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველს.

ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ო. დ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ო. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ო. დ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე