დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.03.2016
საქმის ნომერი
401აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
09.03.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№401აგ-15 9 მარტი, 2016 წელი

მ-ი გ, 401აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის მე–60 მუხლის თანახმად, გ. მ-ს დანიშნულ სასჯელს - 18 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - ერთი წელი და მას საბოლოოდ შეეფარდა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განაჩენით გ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ცვლილება შევიდა ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენში, კერძოდ: გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელს დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 წელი და საბოლოოდ გ. მ-ს საქართველოს სსკ–ის მე–60 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებით გ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 თებერვლის განაჩენით გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, მასვე დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 წლით, 6 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. მ-ს განესაზღვრა 12 წლითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 19 თებერვლიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განაჩენი შეიცვალა: გ. მ-ს საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს – ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 წლით, 6 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა და გ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინებით გ. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და ამავე კანონის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 184–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, ხოლო სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 9 წლითა და 9 თვითა თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული სასჯელიდან 2009 წლის 19 თებერვლამდე მას მოხდილი ჰქონდა 3 წელი, 5 თვე და 4 დღე და შესაბამისად მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით, 3 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. გ. მ-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 7 წლით, 5 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 19 თებერვლიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 აპრილის განაჩენსა ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებაში გ. მ-ს მიმართ შევიდა ცვლილება: საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გ. მ-ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 წლით, 3 თვითა და 26 დღიდან - 5 წლით, 2 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. მ-ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 6 წლით, 3 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 19 თებერვლიდან.

გ. მ-ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 2015 წლის 12 ივნისს.

2015 წლის 22 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-მ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, გ. მ-ს მიმართ ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინების გადასინჯვა, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით გ. მ-ს მიმართ დადგინდა ევროპული კონვენციით აღიარებული უფლებების დარღვევა. შუამდგომლობის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ გ. მ-ს აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე ცნობილი გახდა 2014 წლის ოქტომბერში, რის გამოც მიიჩნევს, რომ საჩივრის შემოტანის ვადა მათი მხრიდან დაცულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

გ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითება, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა, იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: „არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება“.

საქართველოს სსსკ–ის 311–ე მუხლის თანახმად, „ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. პირი უფლებამოსილია ამ კოდექსის 310–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განჩინება საქმეზე „გ. მ-ი საქართველოს წინააღმდეგ“ გამოიტანა 2014 წლის 28 იანვარს და იგი საბოლოო გახდა 2014 წლის 20 თებერვალს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-მ შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით წარადგინა 2015 წლის 22 სექტემბერს. შესაბამისად, დარღვეულია აღნიშნული საფუძვლით სასამართლოსათვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება და წერილი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ლ. მ-მ გ. მ-ს გაუგზავნა 2014 წლის 26 თებერვალს და ჩაჰბარდა 2014 წლის 5 მარტს, რაც დასტურდება მისივე ხელმოწერით და წერილის დანართით, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული განჩინება გაიგზავნა 10 გვერდად.

რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ სასამართლომ არ გაარკვია გ. მ-ს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება ჩაჰბარდა თუ არა მისთვის გასაგებ ენაზე, პალატა აღნიშნავს, რომ გ. მ-ს არანაირი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მას სხვა ენაზე ჩაჰბარდა განჩინება, რომლის შინაარსიც მისთვის გაუგებარია, არ განუცხადებია.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა საკითხებს, მათთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დამატებით სამართლებრივ რეგულირებას არ ითვალისწინებს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინება გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე