საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №676აპ-15 ქ. თბილისი
გ-ა ვ 676აპ-15 9 მარტი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განაჩენით:
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ ჯიქიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა პროკურორ ნუგზარ ჯიქიძესა და ბრალდებულ ა. მ-ს შორის 2015 წლის 16 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება.
ა. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
გაუქმდა ა. მ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 9 ოქტომბრიდან იმავე წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.
გაუქმდა გირაოს გადახდის უზრუნველყოფის მიზნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ა. მ-ს (პ/ნ....), ა. მ-ს (პ/ნ...), ბ. მ-ს (პ/ნ....), მ. მ-ა (პ/ნ...) და ე. რ-ს (პ/ნ...) სახელზე რიცხულ, წ-ს რაიონის სოფელ მ-ი მდებარე უძრავ ქონებაზე, დაზუსტებული ფართით - 5400 კვ.მ (საკადასტრო კოდით 29.10.39.260) დადებული ყადაღა, რომლის აღსრულებაც უნდა დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წ-ს სარეგისტრაციო სამსახურს.
რ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 1 წლით, 5 თვითა და 28 დღით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ლ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 9 ოქტომბრიდან.
ვ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 21 ოქტომბრიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ვ. გ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი