დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#261აპ-16 ქ. თბილისი
შ-ე ა. 261ap-16 23 მაისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის განაჩენით ა. შ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ძებნილი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.
საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 331-ე მუხლის შესაბამისად, უნდა მოიხსნას ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 იანვრის ბრძანებით ა. შ-ის სახელზე შესულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებზე დადებული ყადაღა.
დაზარალებულ ი. ი-ის სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი, სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის გამო.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ა. შ-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 6 წლით, 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. 2014 წლის 10 მარტს მსჯავრდებულმა ა. შ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის განაჩენი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
ა. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 6 წლით, 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გაუქმდა ა. შ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 15 თებერვლიდან.
ა. შ-ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობის ვადა - 2013 წლის 30 აგვისტოდან 2014 წლის 15 თებერვლამდე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა მოიხსნას ა. შ-ის სახელზე შესულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებზე დადებული ყადაღა.
დაზარალებულ ი. ი-ის სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
6. 2015 წლის 28 სექტემბერს მსჯავრდებულმა ა. შ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა იმავე სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის განაჩენში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრა, კერძოდ, განაჩენით დანიშული სასჯელის ვადაში სასჯელის მოხდილი ნაწილის ჩათვლა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებით (განაჩენში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ) დაზუსტდა იმავე სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-3 აბზაცი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
გაუქმდა ა. შ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 15 თებერვლიდან - დაკავების მომენტიდან. ა. შ-ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობის ვადა - 2010 წლის 11 ივნისიდან იმავე წლის 3 სექტემბრამდე და 2013 წლის 30 აგვისტოდან 2014 წლის 15 თებერვლამდე.
8. მსჯავრდებული ა. შ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებას: სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, ასევე მისი კანონიერი უფლებები და ინტერესები, ვინაიდან დაგვიანებით, მხოლოდ მისი შუამდგომლობის განხილვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმავე სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული იყო ტექნიკური ხარვეზი; ასევე განმარტავს, რომ არის უდანაშაულო და დაირღვა საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით საქართველოს სსსკ-ის 2831-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის საფუძველზეც ითხოვს თავისი შელახული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღდგენასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. გარდა ამისა, უთითებს რომ დაავადებულია მძიმე დაავადებებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებით აღმოიფხვრა იმავე სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის განაჩენში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში სრულად ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობის ვადები - 2010 წლის 11 ივნისიდან იმავე წლის 3 სექტემბრამდე და 2013 წლის 30 აგვისტოდან 2014 წლის 15 თებერვლამდე.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულის მოსაზრებას თავისი უდანაშაულობისა და საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით საქართველოს სსსკ-ის 2831-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი მსჯელობს მხოლოდ გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე, რის გამოც პალატა მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის კანონიერების საკითხი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ა. შ-ეს უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული საფუძვლით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სააპელაციო სასამართლოს.
4. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი