დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.10.2016
საქმის ნომერი
105აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.10.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №105აგ-16 5 ოქტომბერი, 2016 წელი

ჩ. გ., 105აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის განაჩენი, რომლითაც გ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2000 ლარი ჯარიმა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. ჩ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 აგვისტოდან.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენით გ. ჩ-ს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიესაჯა 17 წლით, ხოლო 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 ივლისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით გ. ჩ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 29 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 20 აგვისტოდან.

5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გ. ჩ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, ხოლო სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლით, 6 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 ივლისიდან. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის დადგენილებასა და 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება: გ. ჩ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის გამოყენებით შემცირებულმა სასჯელმა – 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ასევე ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – 2 წელი, 3 თვე და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 2 წელი, 3 თვე და გ. ჩ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 აგვისტოდან.

7. აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

8. 2016 წლის 11 თებერვალს მსჯავრდებულმა გ. ჩ-მა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განაჩენით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

10. კასატორი – მსჯავრდებული გ. ჩ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი დააპატიმრეს და ბრალი წარუდგინეს 19 წლის ასაკში, არ არის ნასამართლევი, სასამართლომ ამნისტიის აქტი შეახო როგორც სრულწლოვანს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დანიშნული სასჯელები უნდა გაენახევრებინა და გაეთავისუფლებინა სასჯელის მოხდისაგან.

11. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული გ. ჩ. ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2016 წლის 1 იანვრამდე, არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის დროს სასჯელის განსაზღვრისას მოქმედი საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული სასჯელი მცირდებოდა ერთი მეოთხედით.

4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ჩ-ს დანაშაული ჩადენილი აქვს 16-დან 18 წლამდე ასაკში და საბოლოო სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ–ის 88–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე.

5. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, 16–დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნა ხდება იმავე პრინციპით; ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გადასასინჯი განაჩენებით დანიშნული სასჯელის ზომა არ იცვლება.

6. რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენს, ---- წლის -----ს დაბადებულმა გ. ჩ-მა ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა 2008 წლის 17 მაისს - ანუ 18 წლის ასაკში. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მის მიმართ (აღნიშნული განაჩენით დანიშნულ სასჯელებზე) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი უნდა გავრცელებულიყო როგორც არასრულწლოვან პირზე. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენებაზე იმსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (13441-13, 2003 წლის 16 აპრილი), რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება, ხოლო ამავე საკითხზე განმეორებით მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში პალატას არ გააჩნია.

7. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებული პირების მიმართ ამ კოდექსის გამოყენების შესახებ მითითებულია მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე - ბრალდებულის მიერ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით სარგებლობაზე, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განიმარტოს, მსჯავრდებულ გ. ჩ-ის მიმართ საკასაციო წესით სამართალწარმოების სტადიაზე, კასატორისთვის უფასო საადვოკატო მომსახურების უფლებად.

8. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენზე იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. შესაბამისად, მსჯავრდებულის უფლება საადვოკატო მომსახურებაზე რეალიზებას არ საჭიროებს. ამასთანავე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზეც, რომ მსჯავრდებულს არც შუამდგომლობასა და არც საკასაციო საჩივარში მოთხოვნა სამართალწარმოების პროცესში იურიდიული დახმარებით სარგებლობაზე დაფიქსირებული არა აქვს.

9. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ჩ-ის მიმართ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 38-ე-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შესაძლებლობას, ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან სამართალწარმოების პროცესის დასრულების შემდეგ განრიდების გამოყენების მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე